მეცხოველეობის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი ცხოველთა კვებაა; უფრო მეტიც, – მასზე ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორია დამოკიდებული. სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა სწორი კვება ის ძირითადი ფუნდამენტია, რომელიც შემდგომში განსაზღვრავს ცხოველის პროდუქტიულობას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, სწორ ექსპლოატაციას და სხვა არაერთ ფაქტორს.

საბოოლო ჯამში, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ამა თუ იმ სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოშენების რენტაბელურობაზე. სწორი, დაბალანსებული კვების შედეგად, ფერმერს შეუძლია მიიღოს მეტი და ჯანსაღი პროდუქცია, თავიდან აირიდოს ცხოველის ჯანმრთელობის გაუარესება.

იმისათვის, რომ ფერმერმა უფრო მეტი სარგებელი მიიღოს ცხოველების მოშენებით, მან უნდა აწარმოოს საკუთარი საკვები. ამით შესაძლებლობა ეძლევა, განსაზღვროს საკვების ხარისხი, შეამციროს საკვების წარმოების თვითღირებულება, რაც მას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, სხვა ფერმერებთან შედარებით. ამისათვის არსებობს რამდენიმე საშუალება, – ფერმერმა  მიიღოს ბუნებრივი სათიბიდან უხეში საკვები, სადაც იქნება როგორც კარგი, ასევე სარეველანარევი ბალახი, მოაწყოს კულტურული ან შეთესილი ნაკვეთი.

განვსაზღვროთ, რა უპირატესობა ექნება ფერმერს კულტურული ნათესის შემთხვევაში ან შეთესილი ნაკვეთების მოწყობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვეულებრივ ბუნებრივ სათიბებში ჰექტარზე თივის მოსავლიანობა მერყეობს 2,5-დან 3 ტონამდე, გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთ სულ ზრდასრულ ცხოველს წლის განმავლობაში სჭირდება 9 ტონა უხეში საკვები, ეს მოსავალი ძალიან ცოტაა ცხოველის გამოსაკვებად, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში მიწის ფართობები ცოტაა. ამიტომ ეფექტურია, გავიზიაროთ ევროპული გამოცდილება.

იმისათვის, რომ ფერმერმა სწორად შეარჩიოს, რომელი სახეობის ბალახი დათესოს, მან პირველ რიგში უნდა განსაზღვროს, რა მიმართულების ფერმა უნდა რომ ჰქონდეს; ამის შემდეგ განსაზღვროს ცხოველის რაციონი, რის შემდეგაც პროპორციულად უნდა დათესოს ან ერთად შეთესოს ის სახეობები, რაც მისი ცხოველებისთვის არის საჭირო.

ვინაიდან დღეს საქართველოში რძის სერიოზული დეფიციტია, მერძეული მიმართულების ფერმერისთვის ეფექტური ნათესის მოწყობაზე ვისაუბრებ.

კულტურული ნათესის მოწყობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ისაა, რომ ბუნებრივი რესურსი სწორად გამოვიყენოთ; ერთი და იგივე ზომის ფართობზე მივიღოთ ორჯერ, სამჯერ და ზოგ შემთხვევაში ხუთჯერ მეტი უხეში საკვები, ვიდრე ეს ბუნებრივად შეიძლება მიგვეღო. მერძეული მიმართულების ცხოველისთვის, – ამ შემთხვევაში ვისაუბროთ ფურზე, – საჭიროა, უხეში საკვები ისე იყოს დაბალანსებული, რომ მისი ნახევარი შედგებოდეს ერთლებნიანი მცენარეებისგან, რაც ცხოველს აძლევს ენერგიას გათბობისთვის, გადაადგილებისთვის, საკვების მონელებისთვის, რძის გამომუშავებისთვის და ა.შ., ხოლო მეორე ნაწილი უნდა შედგებოდეს ორლებნიანი პარკოსანი მცენარეებისგან, რაც მას ეხმარება რძის გამომუშავებაში.

კულტურული ნათესის მოწყობისას ფერმერს შეუძლია შეარჩიოს ისეთი ბალახი, რომელიც მეტ მოსავალს იძლევა ერთ ჰექტარზე, ვიდრე ბუნებრივად ამოსული ბალახი; ასე მაგალითად, ერთლებნიანების მიმართულებით შეუძლია დათესოს სუდანურა, რომელიც ფერმერს შეუძლია გამოიყენოს თივად, სილოსად, საძოვრად, სენაჟად, სამარცვლედ და სხვ. ეს იმაზეა დამოკიდებული, მიღებული რძის გადამუშავების შედეგად რა პროდუქციას ამზადებს. სილოსის მიცემა არ არის რეკომენდირებული ძვირადღირებული დავარგებული ყველის წარმოებისას. სუდანურა გამოირჩევა დიდი გვალვაგამძლეობით, გაძოვების ან გათიბვის შემდეგ სწრაფი წანაზარდით, მაღალი მყარი მოსავლით, თივისა და მწვანე მასის მაღალი ხარისხით, მოსული  ნალექებისა და წყლის შეთვისების მაღალი უნარით. იგი პირველ ადგილზეა ცილების შემცველობით, სხვა ერთწლიან მცენარებთან შედარებით; ასევე, ხელსაყრელ პირობებში, შესაძლებელია წელიწადში მისი 3-4-ჯერ გათიბვა; თივის მოსავალი აღწევს 10 ტონას ჰექტარზე, ხოლო მწვანე მასის – 35-40 ტონას ჰექტარზე; ცილების შემცველობა თივაში 9-10%-ია.

გასათვალისწინებელია, რომ სუდანურა არის ერთწლიანი მცენარე და მისი დათესვა საჭიროა ყოველ წელს; თესვის ნორმაა – 30-35 კგ. ჰექტარზე. თუ მისგან გაკეთდება სილოსი ან სენაჟი, 2-2,5 ჯერ მეტ საკვებ მასას მივიღებთ, ვიდრე თივისგან.

ორლებნიანი პარკოსნების შემთხვევაში შეგვიძლია განვიხილოთ იონჯა. იონჯა დიდი რაოდენობით შეიცავს ყუათიან ნივთიერებებსა და ცილას. იონჯა გამოიყენება როგორც მწვანე ბალახი ან თივა. მწვანედ მიცემისას იონჯა უნდა იყოს მზით მომჭკნარი; მაგალითად, დილით გათიბული საკვებად საღამოს უნდა მისცე. სხვა შემთხვევაში იწვევს ტიმპანიას (შებერვას), რაც ფატალურადაც შეძლება დასრულდეს, სათანადო ჩარევის გარეშე.

თივის შემთხვევაში ეს საშიშროება არ არსებობს. იონჯა ნიადაგში ტოვებს დიდი რაოდენობით აზოტს, რაც ნიადაგს უფრო ხელსაყრელს ხდის შემდეგი სათესი კულტურისათვის. იონჯა წელიწადში არანაკლებ 4-ჯერ უნდა გაითიბოს. ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზეც. მისი პირველი გათიბვა ხდება ყვავილობის დაწყებისას; ყოველი შემდეგი გათიბვა კი მაშინ, როცა ძირთან ახლოს მყოფი ფოთლები იწყებს გაყვითლებას.

რეკომენდირებულია, ბოლო გათიბვა განხორციელდეს ისე, რომ მიწის ზემოთ დარჩეს 10 სმ ზომის. ყველაზე მაღალ მოსავალს იძლევა მეორე და მესამე წელს. იონჯის ნათესის გამოყენება შესაძლებელია 5 წლის განმავლობაში. შემდეგ ისევ თავიდან უნდა დაითესოს. მისი მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე  7-დან 9 ტონამდე მერყეობს, პირობების შესაბამისად.

სხვა ბევრი მაგალითის მოყვანა არის შესაძლებელი. თუმცა, ზემოთ აღწერილიდანაც კარგად ჩანს, თუ რამდენად მომგებიანია კულტურული ნაკვეთის მოწყობა. თუ ბუნებრივად მოსული თივის შემთხვევაში გვჭირდება 3 ჰა ფართობზე მოსული მოსავალი ერთი სულის გამოსაკვებად, კულტურული ნათესის შემთხვევაში იგივე ერთი სულისთვის საკმარისია  ერთი ჰა მიწის ნაკვეთის ნათიბი თივა.

საშიკო ხიჯაკაძე
ფერმერი