ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნოდარ ებანოიძე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე ხიდრის, ვარძიის, წყალაფორეთისა და ლაშის მოსახლეობას შეხვდნენ.

„ხიდარში შიდა გზებია მოსაწესრიგებელი, – ამბობს დეპუტატი, – ხიდრის ცენტრალური გზა რომ მოასფალტდა, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამოიწურა გზებთან დაკავშირებული პრობლემები. ხიდარი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფელია და უნდა ჩაერთოს ტურიზმის განვითარების ზონალურ გეგმაში.

მოსახლეობასთან შეხვედრებით ვრწმუნდები, რომ ერთი პრობლემის მოგვარებით მდგომარეობა არსებითაც არ იცვლება. ვარძიაში, დიდი ხანია, რაც ცენტრალური გზა მოასფალტდა. ამხელა სოფლის სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა 80-ზეა ჩამოსული. ყოველწლიურად 5-6 ბავშვით მცირდება ვარძიის სკოლის კონტინგენტი.“

ნოდარ ებანოიძე ამბობს, რომ ძალიან გაუკვირდა, ვარძიელებმა ნაკლებად რომ ილაპარაკეს პრობლემებზე: „არ ვიცი, რით აიხსნება ეს, – ადამიანები ან ფიქრობენ, რომ ხელისუფლებასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, ანდა არიან ინიციატივამოკლულები. ვფიქრობ, რომ ვარძიაში ხელოვნური სიმშვიდე იყო.“

მოსახლეობას ძალიან ბევრი ყოფითი პრობლემება აქვს. აინტერესებთ სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებული საკითხები.

წყალაფორეთში მოსაწესრიგებელია შიდა სასოფლო გზები. მოსახლეობა არ არის კარგად ინფორმირებული სოფლის პროგრამით განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი გადაწყვეტილება მიღებულია ხალხთან კონსულტაციის გარეშე.

სასმელი წყლის პრობლემა აქვთ წყალაფორეთისა და ლაშის მოსახლეობას. ბუნებრივი აირის შეყვანასთან დაკავშირებული საკითხი აინტერესებთ ლაშელებს.

ნოდარ ებანოიძე ამბობს, რომ 20 აგვისტოს შემდეგ გაირკვევა, არსებობს თუ არა ლაშეში მიმდინარე წელს ბუნებრივი აირის შეყვანის შესაძლებლობა.

ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ბიუჯეტის თანხა რაციონალურად უნდა განიკარგოს და ყველა სოფლის მოსახლეობისთვის დაცული უნდა იყოს თანაბრობის პრინციპი.

„შეიძლება დაელაპარაკო წყალაფორეთელს, ვარძიელს ან ხიდრელს, – რადგან ისინიც შეძლებენ სარგებლობას, – რომ მათი სოფლების კუთვნილი თანხა მოახმარო კიცხში იუსტიციის სახლის მშენებლობას, მაგრამ არ უნდა წაიღო თანხა ლაშედან კიცხში, – ამბობს დეპუტატი, – ერთგან განათებას აკეთებდე გზებზე და მეორეგან გზა და წყალი არ ჰქონდეს ადამიანს, არა მგონია, რომ სწორი და ჭკვიანური იყოს.“

ნოდარ ებანოიძის თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრებით მიღებული ინფორმაცია მას მისცემს საშუალებას, რომ უფრო მკვეთრად დააყენოს საკითხები.

ლაურა გოგოლაძე

ფოტოებზე: მოსახლეობას ლაშის იგორეთში, სადაც 12 ოჯახი ცხოვრობს, უწყლობა აწუხებს.

lashis-igoreti-1