ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების – ხუნევისა და გედსამანიის მოსახლეობა რიკოთის ავტობანზე ასასვლელ-ჩამოსავლელის ხუნევში მოწყობას, მესამე წელია, უშედეგოდ ითხოვს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ  ავტობანის მშენებლობის დაწყების დღიდან მუდმივად ინტერესდებოდნენ, ხომ არ გართულდებოდა მათთვის მგზავრობა.

ხელისუფლებისგან დაპირებების მიუხედავად, რიკოთის ავტობანის გახნის შემდეგ, ხუნევი და გედსამანია, ფაქტობრივად, ჩიხში აღმოჩნდა. ამ სოფლებში მაცხოვრებლებისთვის ავტობანზე ასასვლელ-ჩამოსასვლელი 5-დან 9 კილომეტრამდე მანძილითაა დაშორებული.

ხუნევსა და გედსამანიაში მცხოვრები 242 პირის ხელმოწერილი წერილი ხუნევში მცხოვრებმა მარინა ლომიძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტში პირადად ჩაიტანა. მას უთხრეს, რომ წერილზე პასუხს ათ სამუშაო დღეში მიიღებდა. მას შემდეგ სამი თვე გავიდა. მოსახლეობას კი წერილობითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. ქალბატონი მარინა ამბობს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტში მას აღარც სატელეფონო ზარებზე პასუხობენ.

წერილში აღნიშნულია, რომ უგზოობის გამო, ოჯახები სოფელს ტოვებენ. ამავე წერილის თანახმად, ხუნევის ტერიტორიაზე შესაძლებელია ავტობანთან დამაკავშირებელი გზის მოწყობა.

„ხუნევიდან ვერტყვიჭალაში თუ არ ჩავედით, ვერც ავტობანს ვუკავშირდებით და ვერც სხვა სოფლებს, – ამბობს ხუნევში მცხოვრები მარინა ლომიძე, – მივმართეთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას. მოვიდნენ, ჩაატარეს კრება და დაგვპირდნენ, რომ საკითხს მოაგვარებდნენ. თუმცა, შედეგს ვერ ვხედავთ“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ, 2023 წელს უბისიდან ხუნევის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი დანიშნა. თუმცა, როგორც ხუნევში მცხოვრები ზაირა გელაშვილი ამბობს, მუნიციპალური ტრანსპორტი მათ საჭიროებებზე მორგებული ვერ არის. ავტობანზე მოსახვედრად მათ ვერტყვიჭალაში ჩასასვლელად 8-9 კილომეტრის გავლა უწევთ. ვერტყვიჭალაში ჩასულებმა კიდევ კილომეტრამდე მანძილი უნდა გაიარონ, ავტობანზე რომ ავიდნენ.

ვერტყვიჭალაში მცხოვრები ჯემალ მუმლაძე ამბობს, რომ სხა ქალაქებიდან მომავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი მგზავრების ასაყვანად, ავტობანიდან ვერტყვიჭალაში არ ჩამოდის.

„ხალხი ძალიან ცუდ დღეშია, თუ დასაქმებულმა ადამიანმა მთელი ხელფასი ტრანსპორტირებაში დახარჯა, რაღა გამოვიდა“, – ამბობს ჯემალ მუმლაძე და ხუნევ-გედსამანიის მოსახლეობის მოთხოვნას უერთდება, ხუნევში რიკოთის ავტობანზე ასასვლელ-ჩამოსასვლელი კვანძი რომ მოეწყოს.

ხუნევში მცხოვრები მამუკა ლომიძე ამბობს, რომ ვერტყვიჭალაში, ავტობანზე წვალებით ასულ ადამიანებს მოსაცდელი არ აქვთ, უამინდობის დროს თავი რომ შეაფარონ. „ხუნევისა და გედსამანიის მოსახლეობის მოთხოვნები ამ ავტობანის მშენებლობისას არ გაუთვალისწინებიათ, – ამბობს მამუკა ლომიძე, – ძველი სავტომობილო გზა სანაგვედ იქცა“.

„გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ, – თანასოფლელთა გულისტკივილს უერთდება ხუნეველი როინ ლომიძე, – ყურადღება მოგვაქციონ. სამყაროს მოწყვეტილები ვართ. გამგეობიდან, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გვპირდებოდნენ, რომ ავტობანიდან ალტერნატული შემოსასვლელი გზა ხუნევს გვექნებოდა. აღარ ვიცით, ვის მივმართოთ, პატრონი ხომ უნდა გვყავდეს“?!

ამ პრობლემას „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია მუდმივად აშუქებს. 2023 წლის ნოემბერში ჩვენთან ინტერვიუში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განიხილებოდა ხუნევში რიკოთის ავტობანზე ასასვლელ-ჩამოსასვლელის მოწყობის საკითხი – კონკრეტულად, მდინარის კალაპოტის გაყოლებით, ნადაბურის გადასახვევთან წრიულამდე უნდა გაკეთებულიყო ახალი გზა, რომლითაც ხუნევისა და გედსამანიის მოსახლეობა ავტომაგისტრალზე მოხვდებოდა.

ამჯერად მას წერილობით მივმართეთ, რომ გვიპასუხოს, რა ეტაპზეა ხუნევში ავტობანთან დამაკავშირებელი კვანძის მოწყობის საკითხი, რა ინფორმაციას ფლობს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

ამავე საკითხზე წერილობითი პასუხი მოვითხოვეთ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდანაც.

პასუხებს მიღებისთანავე გაცნობებთ.

ნინო კაპანაძე

ვიდეო სოციალურ ქსელში

ამავე თემაზე დაგაინტერესებთ

ავტობანიდან ჩამოსასვლელი ხარაგაულს ძალიან დააშორეს