მანანა ტაბაშიძე – ამ სახელისა და გვარის გაგონებისას ბევრს ახსენდება ქალი, რომელმაც მძიმე 90-იან წლებში ხარაგაულში ოჯახები შიმშილს გადაარჩინა. ის მაშინაა ბედნიერი და გახარებული, როცა მის ირგვლივ მყოფი ადამიანებიც ბედნიერები არიან. მუდმივად სიახლეების მაძიებელი, სიმართლის დამცველი – ასე იცნობენ მას თანამშრომლები.
27 ოქტომბერს მანანა ტაბაშიძეს 70 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მას განვლილი ცხოვრების მნიშვნელოვანი და საინტერესო ეპიზოდების გახსენება ვთხოვეთ.
ქალბატონი მანანა ამბობს, რომ მის ოჯახში სწავლა-განათლება იყო უპირატესი. მშობლები – ნინო კიკნაძე და გურგენ ტაბაშიძე შვილებს უმაღლესი განათლების მიღებაში მაქსიმალურად ხელს უწყობდნენ.
სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მანანა ტაბაშიძემ მუშაობა წაღვერში დაიწყო. მას ქალაქში დარჩენისა და სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელების შანსი ჰქონდა. თუმცა, სამუშაოდ სოფელში წამოსვლა ამჯობინა.
სამი წელი წაღვერის სატყეო ლაბორატორიაში იმუშავა. შემდეგ მშობლიური მოლითისა და ხარაგაულის მონატრებას ვეღარ გაუძლო და საქმიანობა ჯერ ხარაგაულში სოფლის მეურნეობის განყოფილებაში გააგრძელა, შემდეგ – მოლითში აგრონომად.1999 წლიდან 16 წლის განმავლობაში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მუშაობდა. 2019 წლიდან დღემდე ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მენეჯერია.
„გამიმართლა, რომ ყოველთვის საუკეთესო ხელმძღვანელებთან ვმუშაობდი, – ამბობს მანანა ტაბაშიძე, – ემირი გაჩეჩილაძე, ირაკლი შავლიაშვილი, თემიკო დევდარიანი, გურგენ ლაცაბიძე, ლაშა მოისწრაფიშვილი, ტარიელ ხიჯაკაძე, გიორგი მუხურაძე – ამ ადამიანების გვერდით საქმიანობა ჩემთვის კიდევ ერთი უმაღლესი განათლების მიღების ტოლფასია. ახლა რომ ზოგჯერ შემთხვევითი ადამიანები არიან სამსახურების უფროსებად, ასე კი არ იყო. ამიტომაა, რომ არაპროფესიონალიზმს ვერ ვეგუები. გურგენ ლაცაბიძე არც ერთ გადაწყვეტილებას თანამშრომლებთან მოთათბირების გარეშე არ მიიღებდა. ყველგან თავდადებით ვმუშაობდი, სიახლეების გაზიარება მაინტერესებდა“.
იმ დროს, როცა ქალბატონი მანანა ოთხი შვილით, სამსახურის გარეშე დარჩენილი, მძიმე ყოფითი პირობების წინაშე აღმოჩნდა, 1993 წელს მხსნელად მოევლინა ციცო არევაძე, თავადაც მრავალშვილიანი დედა, რომელმაც თბილისში მოქმედი მრავალშვილიანი დედების ორგანიზაციიდან თანამშრომლობის წერილი გადასცა.
„თავიდან საკვები პროდუქტებითა და წამლებით გვეხმარებოდნენ, – იხსენებს ქალბატონი მანანა, – მრავალშვილიანი დედები მგზავრობისას სრულ თანხას არ იხდიდნენ. შემდეგ გაეროს ფონდთან თანამშრომლობით აფხაზეთიდან დევნილების, მრავალშვილიანი ოჯახებისა და პენსიონერებისთვის პურის ფქვილი მოვიტანეთ. არასდროს აღმირიცხავს და არც მახსოვს, ვის დავეხმარეთ. სამაგიეროდ, მათ ახსოვთ და მეუბნებიან, რომ შიმშილს გადაურჩნენ.
მალევე გაეროს მხარდაჭერით სოფლებში გზების მოწესრიგება დავიწყეთ. დასაქმებულ ადამიანებს ანაზღაურების სახით საკვებ პროდუქტებს ვაძლევდით. მოგვიანებით ხარაგაულში უფასო სასადილო გავხსენით.
დღეს ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ პატარა აგური დავდე ხარაგაულში არასამთავრობო სექტორის ჩამოყალიბებაში, ევროპელ და ამერიკელ დონორებთან ურთიერთობის დაწყებაში“.
მანანა ტაბაშიძემ ოჯახი 30 წლის ასაკში ხარაგაულელ ზაური ვეფხვაძესთან ერთად შექმნა. „ყოველთვის მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა, – ამბობს ქალბატონი მანანა, – ორი ძმა მყავს. ამიტომ დედმამიშვილის ფასი ძალიან კარგად ვიცი. მე და ჩემი ძმები ყოველთვის მხარში ვედექით ერთმანეთს.
ჩემი შვილები – მარიამი, უშანგი, ზვიადი, ტარიელი – ყველაზე დიდი სიმდიდრე და საგანძურია. საუკეთესო რძლები მყავს – თეო კაკიაშვილი და ელენე ჭიპაშვილი. ვხარობ არაჩვეულებრივი ოთხი შვილიშვილით.
შვილებსა და შვილიშვილებს, რაც გაქვს, ყველაფერი თანაბრად უნდა გაუნაწილო. ეს მასწავლეს ჩემმა მშობლებმა და ასეთივე მზრუნველი გარემო დამხვდა ჩემი მეუღლის ოჯახში. ზაურის თანადგომა და მხარდაჭერა რომ არა, საზოგადოებრივ საქმიანობას ვერ შევძლებდი. ის ყოველმხრივ ხელს მიწყობს.
ვთვლი, რომ ტყუილად არ მიცხოვრია. ყველგან, სადაც ვიმუშავე, ვცდილობდი, ჩემი კვალი დამეტოვებინა, განვითარებისთვის ხელი შემეწყო. ადამიანს ვცდილობ, იმაზე მეტი კარგი მივაგო, ვიდრე იმსახურებს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიდან რომ წამოვედი, გაცილების საღამო მომიწყვეს.
სულ მაწუხებდა იმაზე ფიქრი, რომ ხარაგაულში პროფესიული სასწავლებელი არ იყო. ბედნიერი ვარ, ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის შექმნაში წვლილი რომ მიმიძღვის.
ცხოვრებას რომ თავიდან ვიწყებდე, ისევ იმავე გზას გავივლიდი. ისე ვიცხოვრე, რომ უკან მოხედვის არ მეშინია. საკუთარ თავს ჯანმრთელობას ვუსურვებ. ექიმი კარდიოლოგის, მარიამ ლომიძის დამსახურებაა, დღეს რომ შრომისუნარიანი ვარ. ღმერთს შვილებისა და მათი ოჯახების კარგად ყოფნას ვთხოვ.
ქვეყანაში მინდა იყოს მშვიდობა, მაგრამ არა ისეთი, ტატუნაშვილის დედა რომ ტიროდეს. მინდა, საქართველო გახდეს ნამდვილად თავისუფალი ქვეყანა, სადაც არ იდგომება რუსის ჯარი, გვეყოლებიან ძლიერი ევროპელი მოკავშირეები, ახალგაზრდები აქ იცხოვრებენ და იშრომებენ“.
„მანანა ტაბაშიძე 2011 წელს გავიცანი, როდესაც მუშაობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დავიწყე, – იხსენებს ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი გიორგი მუხურაძე, – ყოველთვის მაოცებდა მისი შემართება და საქმისადმი დამოკიდებულება, თანამშრომლებთან მეგობრული ურთიერთობა.
ის აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო სექტორის განვითარებაში. ვერ ვხვდებოდი, საიდან ჰქონდა ამდენი ენერგია. ქალბატონ მანანაზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო, თუმცა, რამდენიმე ფაქტს გავიხსენებ. ეროვნული პარკის დატოვება რომ გადაწყვიტა, ვარწმუნებდით, რამდენიმე წლით გადაედო, მაგრამ გვითხრა, დროა ჩემი პოზიცია დავუთმო კარგ ახალგაზრდას, რომელიც ახალი ენერგიითა და იდეებით მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანასო. ეძება და თავის ადგილზე ხარაგაულში განათლებით, წესიერებითა და თავმდაბლობით გამორჩეული შოთა გოლუბიანი მოიყვანა.
ჩვენს ურთიერთობას რაც შეეხება, – ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, შენი გვერდით დგომა მჭირდება, ხარაგაულში პროფესიული სასწავლებელი უნდა გავხსნათო. რაღა დაგიმალოთ და თავიდან პროექტი უტოპიურად მომეჩვენა.
თუმცა, საბოლოოდ ხარაგაულში, ქალბატონი მანანას თაოსნობით, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის გრანდიოზული პროექტი განხორციელდა – გაიხსნა ზრდასრულთა განათლების ცენტრი, რომელიც დღეს ხარაგაულელების პროფესიული და პიროვნული განვითარების კერაა.
ცენტრის გახსნამდე, რამოდენიმე დღით ადრე ქალბატონმა მანანამ მითხრა, ქვეყანა ახალგაზრდებმა უნდა აშენოთ, ჩვენ დაგეხმარებით, ცენტრის დირექტორი შენ უნდა იყოო. ეს იყო ჩემთვის კეთილშობილებისა და ადამიანობის დიდი მაგალითი, რომელიც მუდამ მემახსოვრება.
მე, როგორც რიგითმა ხარაგაულელმა, მისმა თანამშრომელმა და უმცროსმა მეგობარმა, მინდა თქვენი საშუალებით მადლობა გადავუხადო მას ყველაფრისთვის, რაც ხარაგაულისა და ხარაგაულელების საკეთილდღეოდ უკეთებია. ქალბატონო მანანა, დიდი პატივისცემით გილოცავთ 70 წლის იუბილეს. გისურვებთ მხნეობას და წელთა სიმრავლეს“.
საუკეთესო სურვილებით ვუერთდებით გიორგის მილოცვას.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი