ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ტრადიციული საშემოდგომო ზეიმი გაიმართა.
თითოეული კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელებთან და მშობლებთან ერთად, გიმნაზიის ეზოში შემოდგომის მოსავლით გაფორმებული სუფრები მოაწყვეს, იქვე იწურებოდა ყურძენი, ირჩეოდა სიმინდი, ცხვებოდა თონის პური.
შემოდგომის ზეიმის მონაწილეებს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) სასულიერო პირებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ლოცავდა.
„ეს დღე განსაკუთრებულია ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლისთვის, პედაგოგისა და მშობლისთვის, – ამბობს გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე), – ყველა ცდილობს, რომ ამ ღონისძიებაზე საკუთარი შემოქმედება და შესაძლებლობები წარმოაჩინოს. მშვიდობის, სიხარულის შემოდგომა მოგვცეს უფალმა.“
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ გიმნაზიაში გამართული საშემოდგომო ზეიმი ხარაგაულის სახალხო დღესასწაულია, რადგან აქ ეს დღე, სხვა სკოლებისგან განსხვავებით, უფრო მასშტაბურად აღინიშნება.
გიმნაზიის დაწყებითი კლასების პედაგოგი ლემა ბერაძე თვლის, რომ „შემოდგომის ზეიმის ასეთი ფორმატით მოწყობას აღმზრდელობითი მნიშვნელობაც აქვს. მოსწავლეები სწავლობენ, თუ როგორ მიიღონ სტუმარი, როგორ უმასპინძლონ, როგორ მოიქცენ. ასევე წარმოაჩენენ საკუთარ შემოქმედებას“.
მშობელი მარინე ხვედელიძე ამბობს, რომ შემოდგომის ზეიმის აღნიშვნა გიმნაზიისთვის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. მისი თქმით, ასეთი ტიპის ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულები მშობლები, განსაკუთრებით მამები, რაც სასკოლო ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„აუცილებელია, რომ მომავალ თაობას ტრადიციები გადავცეთ, – ამბობს მარინე ხვედელიძე, – ამ ღონისძიების ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ესაა“.
მეთორმეტეკლასელი მარიამ თაბუკაშვილისთვის, როგორც მოსწავლისთვის, ეს ამ სკოლის კედლებში ბოლო საშემოდგომო ზეიმია. ამიტომ მისთვის ამ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. „ამ დღისთვის სასწავლო წლის დაწყებიდან ვემზადებოდით, – ამბობს მარიამი, – ყველას ბარაქიან შემოდგომას გისურვებთ“.
ღონისძიება გიმნაზიის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სიმღერებითა და ცეკვებით გაალამაზეს. ღონისძიების დაგვირგვინება გახლდათ გიმნაზიის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოება.
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა პედაგოგები – ნელი შარიქაძე, ინესა კელენჯერიძე და ნათელა კამკამიძე ოქროს მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისა და თაობების სამაგალითოდ აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
„მადლობის გარდა სხვა სიტყვას ვერ ვიტყვი, – აღნიშნა მეუფე მელქისედეკმა ღონისძიების დასასრულს, – დადებითი მუხტი, რომელიც დღეს თქვენგან მივიღე, ძალიან დიდხანს გამყვება“.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი