ერთ-ერთ გამორჩეულ ხარაგაულელს, სიყვარულითა და სიკეთით სავსე ქალბატონს და როგორც მისი შვილიშვილები ამბობენ, „ბებიის ეტალონს“ მარინა დევდარიანს 70 წელი შეუსრულდა.

40 წლის ასაკში ის ბებია გახდა. თავად იტვირთა სამი შვილიშვილის აღზრდა, მოვლა-პატრონობა, მათ სწავლაზე ზრუნვა. შემდეგ მეოთხე შვილიშვილმაც ბებიასთან, ხარაგაულში ისურვა ჩამოსვლა. ქალბატონი მარინა ამბობს, რომ მაშინ რთული, თუმცა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა შვილიშვილები თბილისიდან ხარაგაულში ჩამოიყვანა.

მარინა დევდარიანი ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მუშაობს. მუზეუმის დირექტორი ნინო დიდიძე ამბობს, რომ ქალბატონი მარინა განსაკუთრებულ დედობრივ მზრუნველობას იჩენს თითოეული თანამშრომლის მიმართ.

„ისე გვიფრთხილდება და გამოხატავს ყურადღებას, როგორც საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ. მას არასდროს ავიწყდება, რომ მოგვილოცოს დაბადების დღე, დღესასწაულები. საოცრად კარგი ადამიანია“, – ამბობს ნინო დიდიძე.

„მარინა დეიდა არა მარტო ჩვენზე, თანამშრომლებზე ზრუნავს, არამედ ჩვენი ოჯახის წევრებზეც, – ამბობს მუზეუმის თანამშრომელი ირმა დეკანოსიძე, – ყოველთვის გვეკითხება ჩვენი მშობლებისა და შვილების ამბავს, რა უჭირთ და რა ულხინთ. ეს იშვიათობაა. ამიტომ ის ყველას ძალიან გვიყვარს“.

„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ქალბატონი მარინა ჩემი ძმის, თემურის დედაა, – ამბობს ირინე ჩხეიძე – თემური 18 წლის იყოს, როცა ჩვენ დედა დავკარგეთ და მას შემდეგ მარინა მისი დედაა. ის არის ჩემი საამაყო ძმისშვილების გამზრდელი ბებია. ყველას არ შეუძლია გაზარდოს 4 შვილიშვილი, თან გაზარდოს კარგ ადამიანებად“.

მარინა დევდარიანის უფროსმა შვილიშვილმა შალვა ჩხეიძემ რამდენიმე წლის წინ ინტრერვიუში გვითხრა, რომ  მის წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ბებიას. ამიტომ შვილიშვილებისთვის ის ბებიის ეტალონია.

„ასე აღელვებული სხვა დაბადების დღეებზე არ ვყოფილვარ, – ამბობს მარინა დევდარიანი, – ახლა თითქოს უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ურთიერთობებში არაფერი შემეშალოს. ძალიან მინდა, რომ შვილთაშვილსაც მოვესწრო“.

ვულოცავთ მარინა დევდარიანს საიუბილეო თარიღს. ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ბედნიერებას ვუსურვეთ ძვირფას ოჯახთან ერთად.

ამავე თემაზე დაგაინტერესებთ

მარინა დევდარიანი – ჩემს მეუღლეს სურდა, რომ შვილიშვილები ხარაგაულში გაგვეზარდა