სკოლის დაწყებით კლასებში ვსწავლობდი, როდესაც გავიგე, რომ ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩა არა სოლომონ I-ის, არამედ წმინდა მეფე სოლომონ II-ის ქუჩა იყო. მაშინ დამაინტერესა, რატომ ჩათვალეს ეს მეფე ასე გამორჩეულად და დაარქვეს მისი სახელი მთავარ გამზირს. სამწუხაროდ, მასზე სკოლაში არაფერი გვისწავლია, დღესაც კი, ძალიან გაკვრით არის ნახსენები სკოლის ისტორიის წიგნებში მებრძოლი წმინდანი მეფის, სოლომონ მეორის სახელი.
ყველაფერი კი ასე იყო: 1804 წელს რუსეთის იმპერიამ სოლომონ II-ს ვახანის ციხეში იძულებით დაადებინა ელაზნაურის ტრაქტატი, რომელიც უმეტესად გეორგიევსკის ტრაქტატის სულისკვეთებას იზიარებდა. ვითომ მეგობრობისა და მხარდაჭერის მოტივით შემოსულმა რუსებმა კი, შემდეგ, 1810 წელის 20 თებერვალს, სოლომონის ტახტიდან გადაყენება, იმერეთის სამეფოს გაუქმება და მეფის შეპყრობა გადაწყვიტეს. მეფემ მოახერხა გაქცევა და შემდეგ იმერეთის მოსახლეობას აჯანყებისკენ მოუწოდა.
1810 წლის ზაფხულის დამდეგს, იმერეთის თავადაზნაურობა და მოსახლეობა აჯანყდა. ბრძოლები მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა, მათ შორის, ერთ-ერთ ყველაზე უთანასწორო ბრძოლაში, იმერლები, ჩხერის ციხის მისადგომებთან, გმირულად დავმარცხდით.
სოლომონ მეფე უცხოობაში, ქვეყნის თავისუფლებისთვის ფიქრსა და მცდელობაში დაიღუპა და ტრაპზონის, აია სოფიას, ეზოში იყო დასვენებული, ვიდრე საქართველოს ხელახალი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არ გადმოასვენეს საქართველოში. მისი და იმერლების გმირობის ისტორიაც გაცოცხლდა და ხარაგაულის მთავარ ქუჩას მისი სახელი ეწოდა.
რატომ მომინდა, რომ ეს ამბავი კიდევ ერთხელ მომეყოლა?
2022 წლის მარტში, ალტ-ინფოს ოფისში, ამავე მოძრაობის წევრების მიერ, სკოლის მოსწავლეების შეურაცხყოფის მიყენების გამო, აქცია გაიმართა, რომელზეც სიტყვით გამოსვლისას რუსების წანააღმდეგ ხარაგაულელებისა და ზოგადად იმერლების, ჩხერის ციხის მიდამოებში, გმირული ბრძოლა ვახსენე.
რამდენიმე დღის შემდეგ, ნაცნობებისგან მოვისმინე, რომ რამდენიმე განათლებული და ჩემთვის საპატივსაცემო უფროსი თაობის წარმომადგენელი, გულდაწყვეტით ამბობდა, რომ შემეშალა მომხდარი ფაქტი და ბრძოლა ამ ადგილებში ჩვენს მეფე სოლომონ პირველს გადახდა და არა სოლომონ მეორეს, ისიც თურქებთან და არა რუსებთან. იმ წუთას ძალიან გავბრაზდი და პირველად მაშინ მინდოდა ვრცელი წერილი მიმეძღვნა ამ ამბისათვის და დამემტკიცებინა მათთვის, რომ მართალი ვიყავი. უბრალოდ, მათ ახალგაზრდობაში სკოლასა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეს ამბავი საბჭოთა კავშირის მიერ, მიჩუმათებული იყო.
მეფე სოლომონ პირველმა მართლაც გადაიხადა ბრძოლა ჩხერიმელას ხეობაში, ჩხერის ციხესთან მან თურქთა 4000-იანი ლაშქარი დაამარცხა. თუმცა, ეს ამბავი 1774 წელს მოხდა, ხოლო ამბავი მეფე სოლომონ მეორისა და იმერთა ბრძოლისა რუსების წინააღმდეგ, 1810 წლის ზაფხულში მიმდინარეობდა და მე სწორედ ამას გავუსვი ხაზი. სამწუხაროდ, ასე მოგვიწყო მომხდურმა – საამაყო რაც გვაქვს, იმაზე ვერ ვთანხმდებით, ისე დაგვავიწყა.
ისეთი დღეები მოვიდა, რაც უფრო ვაგვიანებ რაიმეს თქმას, მით უფრო დამნაშავე მგონია ჩემი თავი. შეიძლება არც არაფერი მაქვს ისეთი სათქმელი, ან მე ვინ ვარ, რომ ჩემმა ნათქვამმა გავლენა იქონიოს ხალხზე და აზრი შეაცვლევინოს. უბრალოდ, ჩემს თავთან მინდა ვიყო მართალი და იმ ხარაგაულელ გოგო-ბიჭებთან, რომლებსაც ვიცნობ და რომელთა წარმატებითაც უნდა ვხარობდეთ ყველა. იმათთვის ვწერ, ვინც აქციას არ აკლდებიან და ამასთანავე არც სწავლა-განათლებას ჩამორჩებიან, რათა მუნიციპალიტეტსა და ქვეყანას გამოადგნენ.
სამწუხაროდ, იმ რეალობაში აღმოვჩნდით, რომ მათი და ჩვენი მომავალი ისევ შეიძლება რუსულმა ჩექმამ გადათელოს. ადრე მეც სხვანაირად წარმომედგინა, მაგრამ ბოლო ამბებმა ხომ ყველაფერს მოჰფინა ნათელი. არ შეიძლება ერთ დღეს ადგე და ამ ქვეყნის მტერს ბოდიში მოუხადო, ხოლო ყველა, ვინც არ გეთანხმება ერთ ქვაბში მოხარშო, „ნაცისტი“ ან „ფაშისტი“ უწოდო, აკრძალვითა და დაჭერით დაემუქრო.
არ შეიძლება, ასე ერთი ხელის მოსმით უთხრა უარი ამ ქვეყნის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას – იყოს მდიდარი და განვითარებული თავისი კულტურითა და ისტორიით და ამავდროულად, იყოს ამაყი ევროპულ ხალხთა დიდ ოჯახში.
ბოლო დროს სახელისუფლებო პროპაგანდა გამუდმებით ჩაგვჩიჩინებს, რომ დასავლური ცივილიზაცია გვრყვნის, გვავიწყებს ყველაფერ ქართულს, ომსა და უბედურებაში გვექაჩება. ამაზე ყოველთვის მახსენდება ჩვენი დასავლელი მეგობრების მიერ გაკეთებული ბევრი საშვილიშვილო საქმე, რომელთა დიდი ნაწილის შესახებ არც კი ვიცით ხოლმე.
დაახლოებით ორი კვირის წინ, გია გელაშვილისგან, პირველად მოვისმინე ისტორია – თუ მისი რჩევით როგორ დაეხმარა ვახანელებს ორგანიზაია WWF, ლომის მთაზე, ტაძრის აღდგენაში. რამდენჯერმე ვარ ნამყოფი ამ ტაძარში და არ ვიცოდი ამ ისტორიის შესახებ.
დიდად რომ აღარ გამიგრძელდეს, ასეთი მხარდაჭერის ისტორიები ბევრია, თუნდაც, ჩვენს რაიონში, გართობისა და დასვენების პარკის მაგალითი, რომლის ფინანსური მხარდამჭერი ევროკავშირი იყო; ზრდასრულთა განათლების ცენტრი, რომელიც გერმანიის მხარდაჭერით შეიქმნა და ფუნქციონირებს. აღარ ვსაუბრობ ბორის სკოლა-პანსიონზე, რომელსაც, წლების განმავლობაში, დასავლური ფონდები, თუ მოხალისეთა ჯგუფები ეხმარებიან, მართავენ სხვადასხვა პროგრამებსა და სერვისებს.
მრავალმა, ჩვენი რაიონიდან, მიიღო განათლება სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით დასავლეთის წამყვან სკოლებსა და უნივერსიტეტებში. გაზეთ „ჩემ ხარაგაულშიც“ ბევრჯერ გამოქვეყნებულა შემდეგ მათთან ინტერვიუები.
26 ოქტომბერს არის ის გადამწყვეტი არჩევნები, როდესაც საბოლოოდ უნდა ვუთხრათ ამ ქვეყანაში უარი ერთი კაცის მმართველობის სისტემას, რომელსაც მხოლოდ მისთვის და მისი ხელქვეითებისთვის უნდა ყველაფერი.
უნდა ავირჩიოთ სამართლიანი და ნათელი მომავალი, სადაც უბრალო კაცი არ დაიჩაგრება და აღარ იტყვის „აბა, შვილო, მე ვინ მკითხავს მაგაზე აზრსო“. ისეთი ქვეყანა, სადაც ახალგაზრდებს განვითარება და ღირსეული ცხოვრება შეეძლებათ; სადაც ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდები რეალიზაციასა და თავისი ცოდნის ქვეყანასა და ჩვენ ხარაგაულზე მოხმარებას შეძლებენ.
ამიტომ ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და უნდა გავაკეთოთ ის არჩევანი, რასაც გული გვეუბნება და არა ის, რასაც სხვები გვიჩიჩინებენ. ის სხვები, არც ერთ მმართველ პარტიას რომ არ გამორჩენიან, რომელიც კი ყოფილა ამ ქვეყნის ისტორიაში და დღეს იმ წარსულის მმართველების გავლენის ქვეშ ყოფნას ისევ ჩვენ გვაბრალებენ.
მხოლოდ დამოუკიდებელი და პრინციპული გადაწყვეტილებებით შევძლებთ შევქმნათ ისეთი საზოგადოება, სადაც მოქალაქე დაცული იქნება, ხალხი კი შეთანმხებული მის წარსულსა და მომავლის გეგმებზე. სადაც ყველას ეცოდინება, რომ ჩვენი პატარა რაიონის წინაპრები სოლომონ მეფესთან ერთად ებრძოდნენ ჩრდილოელ მომხდურს და არაფერი დაუთმიათ მათთვის ბრძოლის გარეშე.
26 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე. დავიცვათ ჩვენი საქართველო და მისი ევროპული მომავალი.
ხარაგაულელი შალვა ჩხეიძე
განათლების სპეციალისტი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი