– გივი, ქოლგა რომ გამიტეხე, გახსოვს? ბებიაჩემი იმის ჯავრმა მოკლა.
– ნანა, ბიოლოგიის გადამეორებას რომ არ გაცლიდი და დასვენებაზე გიმღეროდი, ეგ თუ გახსოვს?
– დაფასთან რომ მაგალითებს ვწერდი, ნაზიკომ რომ გამაცინა და ზაური მასწავლებელი გაგვიბრაზდა, – ეგეც ხომ გახსოვთ?
მოსწავლეობისდროინდელ სახალისო ამბებს იხსენებდნენ ხარაგაულის #2 საშუალო სკოლის 1969 წელს კურსდამთავრებულები.
55 წლის შემდეგ ერთმანეთს მონატრებულები მშობლიურ სკოლაში მერხებს მიუსხდნენ, საყვარელი მეგობრები და მასწავლებლები გაიხსენეს.
ყველაზე თბილად პედაგოგებიდან ნათელა ებანოიძე, ნათელა ანთაძე, გუგული ინარიძე მოიგონეს; მკაცრი, თუმცა სამართლიანი – ასე დაახასიათეს ტასო ლოლაძე, ზაური შარიქაძე;
სკოლის დირექტორი ვერა ლეჟავა სკოლის დერეფანში რომ გაივლიდა, ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდიო, – ესეც აღნიშნეს.
„სკოლის დამთავრებიდან 55 წლის შემდეგ პირველად შევიკრიბეთ თანაკლასელები. ერთმანეთი ძალიან მოგვნატრებია, – ამბობს შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვახტანგ კიკნაძე, – ადამიანებმა მხოლოდ სიყვარულით უნდა ვიცოცხლოთ და ვიცხოვროთ. მთავარია, არ დავივიწყოთ ის ფესვები, საიდანაც მოვდივართ.
სკოლა ხომ იგივე ჩვენი ოჯახია – აღმზრდელი და ჩვენი პიროვნებად ჩამომყალიბებელი. მიხარია, ხარაგაულის #2 საშუალო სკოლა რომ დავამთავრე და აქ საუკეთესო განათლება მივიღე“.
„სკოლა და სწავლა მართლა ძალიან მიყვარდა, – ამბობს გურამ კიკნაძე, – ჩვენი მასწავლებლებიდან ცოცხალი არც ერთი აღარაა. გარდაცვლილია ათი თანაკლასელი. ეს ძალიან გულდასაწყვეტია. ნათელში იყოს მათი სულები.
მრავალრიცხოვანი კლასი გვქონდა – საშუალო სკოლა 48 მოსწავლემ დავამთავრეთ. დღეს 20 თანაკლასელი შევიკრიბეთ. დღევანდელი დღე თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ემოციურია. ზოგიერთი თანაკლასელი 55 წელია არ მინახავს და ვეღარ ვიცანი. ასეთი სითბოთი და სიყვარულით სავსე დღეები ყველას ძალიან გვჭირდება“.
„ჩემი მეგობრებისა და კლასელების დანახვისას დიდი ბედნიერება ვიგრძენი, – ემოციებს გვიზიარებს ნანა გიორგიძე, – ხარაგაულის #2 საშუალო სკოლის კედლებში გავატარე ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები. კარგი მოსწავლე ვიყავი და მეოთხეკლასელს, სკოლის დირექტორმა ვერა ლეჟავამ მოსწავლეებთან გაკვეთილი ჩამატარებინა.
მსახიობობაზე ვოცნებობდი, მაგრამ საბოლოოდ მასწავლებლობა გადავწყვიტე და 26 წელია, საბავშვო ბაღის აღმზრდელი ვარ. მადლობა ჩვენს პედაგოგებს, რომ საგანთან ერთად ადამიანობა გვასწავლეს“.
„მთელი ღამე არ მეძინა თანაკლასელებთან შეხვედრის მოლოდინში, – ამბობს მაყვალა ვეფხვაძე, – ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, ეს შეხვედრა რომ შედგა და ბავშვობაში ძვირფას მეგობრებთან ერთად დავბრუნდი.“
55 წლის წინ კურსდამთავრებულებს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ვეფხვაძე შეხვდა და წარმატებები უსურვა.
თანაკლასელები ერთმანეთს დაჰპირდნენ, რომ მომავალში ყოველწლიურად შეიკრიბებიან, რადგან ყველაზე ბედნიერები ბავშვობის გახსენებისას არიან.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი