როგორი წინასაარჩევნო გარემოა ხარაგაულში, – ამ შეკითხვით იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს მივმართეთ, რომელთაც ხარაგაულში ოფისები აქვთ გახსნილი.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს კარდაკარის პრინციპით ამჯობინებენ. მათივე თქმით, ამომრჩევლებს ღიად არ სურთ იმის დაფიქსირება, რომ მხარს ოპოზიციას უჭერენ; მოქალაქეებს სამსახურისა და სოციალური დახმარების დაკარგვის ეშინიათ. თუმცა, კონკრეტულ ფაქტებს საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელები ნაკლებად ასახელებენ.

 

სოფო ფხაკაძე, პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ საარჩევნო შტაბის უფროსი: – დღეს საქართველოში არის გადამწყვეტი არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს. თავი ვალდებულად ჩავთვალე, ჩავრთულიყავი ამ პროცესებში ჩემი და თქვენი შვილების გამო.

წინსაარჩევნო გარემო ხარაგაულში, როგორც მთელ საქართველოში, არის დამთრგუნველი. მოსახლეობაში არის შიში. არავის აქვს სურვილი, თავისი აზრი ღიად დააფიქსიროს. სამსახურისა და სოციალური დახმარების დაკარგვის შიშში მყოფი ადამიანები უნდა დაფიქრდნენ მომავალზე.

რუსული მმართველობა ჩემს ქვეყანაში არ მინდა. მე მიცხოვრია რუსეთში, ვიცი, იქ რაც ხდება და არ მინდა, ჩემმა შვილება რუსული მმართველობის პირობებში იცხოვრონ. მე მინდა ევროპა.

სამთავრობო გუნდის წევრებს თუ უნდათ თავიანთი შვილებისთვის ევროპული განათლება, ჩვენც გვინდა იგივე. მე, როგორც ერთი მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში. ევროპა იყოს ჩვენთან და არა ევროპაში და ამერიკაში მიდოდნენ აქედან ახალგაზრდები. ამომრჩევლებს მოვუწოდებ, დაძლიონ შიში. მოსახლეობაში იგრძნობა, რომ მათ სიახლე და ცვლილება უნდათ.

 

თორნიკე ავალიშვილი, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის უფროსი: -წინასაარჩევნო  გარემო არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს. დავიწყებ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებით. დანიშვნამდე კარგა ხნით ადრე კომისიის თავმჯდომარეებმა, მოადგილეებმა და მდივნებმა უკვე იცოდნენ, რომ ეს თანამდებობები უნდა დაეკავებინათ.

ფაქტობრივად, ყველა საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე  თვითმმართველობისგან დაფუძნებული ააიპ-ის თანამშრომელი, ან სკოლის დირექტორია. პირად საუბრებში რამდენიმემ მითხრა, რომ საარჩევნო კომისიაში თანამდებობას სამსახურის დაკარგვის შიშით დათანხმდნენ.

ზეწოლები იყო ჩვენი პარტიიდან დანიშნულ კომისიის წევრებზე. ისლარის საარჩევნო უბანზე კომისიის წევრად ფიქრია ჭიპაშვილი ჩავსვით. ის ხარაგაულის მუზეუმის თანამშრომელია. მასზე ზეწოლა მოახდინა „კულტურის და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა. მას უთხრა, – შენ ჩვენ დაგასაქმეთ და არა „ნაციონალურმა მოძრაობამო“. სამი  დღის დანიშნული იყო კომისიის წევრად ფიქრია ჭიპაშვილი, როცა განცხადება დაწერა და კომისია დატოვა.

 

ფარცხნალში კომისიის თავმჯდომარე ნინო ფხალაძემ ზეწოლა მოახდინა ეთერ შარიქაძეზე და კომისიის წევრობაზე ამ ქალბატონმაც უარი თქვა.

ხიდარში რეინჯერი  გოგი ბერაძე მოხსნილია სამსახურიდან იმის გამო, რომ მოსახლეობასთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრაზე თანასოფლელებს მხარი დაუჭირა, – შეშისა და სამასალე მერქნის მოპოვების სირთულეებზე ისაუბრა.

სოფელ ლაშეში ოლქიდან დანიშნულმა მარინა ჩუბინიძემ ზეწოლა მოახდინა კომისიის წევრ ნინა შავიძეზე და დაემუქრა სამსახურიდან შვილის გათავისუფლებით, რომელიც  თავდაცვის უწყებაში მუშაობს.

კიცხში ეკომიგრანტებს, რომელთაც სახლები დაენგრათ, აფრთხილებენ, რომ თუ ხელისუფლებას მხარს არ დაუჭერენ, 30 ათასი ლარით არ დაეხმარებიან. ამ დროს იმ დამეწყრილ უბანში მცხოვრებ საკრებულოს წევრ ამირან ოქრომჭედლიძეს და კიაზო გამრეკელაშვილის შვილს ეს დახმარება აღებული აქვთ. გამოვითხოვე ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროსგან, თუ ვის დაეხმარენ 30 ათასი ლარით. მიპასუხეს, რომ დახმარება 58 ადამიანზეა გაცემული, ხოლო მოქალაქეთა სია, ვისაც დახმარება ჩაურიცხეს, ვებგვერდიდან წაშალეს.

ჩემმა მეუღლემ მიიღო შეტყობინება, რომ თითქოს კიბერნეტიკული დანაშაული აქვს ჩადენილი და დაბარებულია სამმართველოში. შსს-მ განაცხადა, რომ მსგავსი განცხადება მათ არ გაუგზავნიათ, თუმცა, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა, რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები დააშინონ. სკოლის მოსწავლეები და ბავშვები „ქართული ოცნების“ მაისურებით შეხვედრებზე დაჰყავთ.

სოფლებში ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს მოვუწოდებ, კარდაკარ როცა დავდივართ, ნუ გვითვალთვალებენ და უკან ნუ დაგვყვებიან. კეთილი ინებონ, მოვიდნენ ჩვენთან ერთად  და ესაუბრონ მოსახლეობას. ხარაგაულში ადამიანებს უჭირთ და სოფლები დაცლილია.


ვარლამ (ტატო) თავზარაშვილი,
„გახარია საქართველოსთვის“ ხარაგაულის ორგანიზაციის თავმჯდომარე: – წინასაარჩევნოდ კარდაკარ დავდივართ და ეს ყველაფერი მაგონებს 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში ვიყავი ჩართული. ძალიან გვიჭირდა ადამიანებთან საუბარი იმიტომ, რომ მაშინდელი ხელისუფლების ეშინოდათ. ყველაფერი, რაც ცუდი ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, „ქართულმა  ოცნებამ“ გადაიბარა.

სოფლებში დარჩენილი არიან სოციალურად დაუცველები, პენსიონერები და საჯარო სექტორში დასაქმებულები. სოციალურად დაუცველები დაშინებულები არიან რწმუნებულებისგან, რომ  თუ ოპოზიციურ პარტიებთან გამოვლენ სასაუბროდ, მოუხსნიან სოციალურ დახმარებას და მძიმე ეკომომიკურ მდგომარეობაში ჩავარდებიან.

ეს არის სირცხვილი, არა მხოლოდ ხარაგაულის, არამედ მთლიანად საქართველოსი, რადგან თავისუფალი და დემოკრატიული გარემოს შექმნის დაპირებით მოსულმა ხელისუფლებამ ადამიანები მოატყუა.

ერთი კარგი ხარაგაულელი, რომელსაც შვილი ჰყავს ავად, აქტიურად ჩაერთო ჩვენი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში. ის ერთ-ერთ ააიპში ხელშეკრულებით დასაქმებულია. დაუძახეს და უთხრეს, რომ დახმარებასაც მოუხსნიდნენ და სამსახურიდანაც გაუშვებდნენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს აქვს რწმუნებულებთან ასეთი პირობა, 60% ზე მეტს თუ არ მიიღებს „ქართული ოცნება“, დაწერენ  განცხადებებს და წავლენ სამსხურიდან. ადამიანებს არ უნდათ სამსახურის დაკარგვა.

მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს „ქართულ ოცნებაში“, – ჩვენ ხომ ხელისუფლებაში ამ პრინციპებით არ მოვსულვართ. ახლა ქვეყნის ბედი წყდება, ქვეყნის ევროპული არჩევანი წყდება და არ შეიძლება ეს გადავაყოლოთ ვიღაცების ბინძურ ზრახვებს, რომ ბევრი ფული იშოვნონ. დარწმუნებული ვარ და გიორგი გახარიამაც თქვა, რომ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემთხვევაში, აბსოლუტურად ყველა კაპიკი, რომელიც უკანონოდაა წაღებული, მოსახლეობას დაუბრუნდება.

ქართველი ხალხი იტყვის თავის სათქმელს და შევუერთდებთ ევროპულ გზას. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და მივაღწევთ იმ მიზანს, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ  ბედნიერ საქართველოში. სწორი არჩევანი არის საქართველოს ევროპული მომავალი.

 

ინგა მაღრაძე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ხარაგაულის საარჩევნო შტაბის უფროსი: – წინასაარჩევნო გარემო ხარაგაულში ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე სხვა არჩევნებზე. შიში და დეზინფორმაცია არის უმთავრესი საყრდენი, რომელითაც „ქართული ოცნება“ ცდილობს წარმატებას მიაღწიოს.

საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაში ჩართულები არიან საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, ჩვენთან კი საჯარო მოხელეები ვერ თანამშრომლობენ. ააიპებში გამოაკრეს განკარგულება, თუ რა ეკრძალებათ საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო პერიოდში. სინამდვილეში მათ ოპოზიციურ პარტიებთან და არა „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის გამო დასჯიან.

ხიდარში რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ საკრებულოს წევრი და მერის წარმომადგენელი ამომრჩევლებს ეუბნებიან, რომ ელექტრონულად ხმის მიცემის დროს ხმა ვის მიეცით, გამჟღავნდებაო. ასეთ მავნებლურ გზას იყენებენ იმისთვის, რომ ხელი შეგვიშალონ.

შეცდომაში შემყვანი მათი პოლიტიკური რეკლამის ბანერები ყველგან გვხვდება. ჩვენი საარჩევნო კამპანიის რეკლამებისა და სლოგანებისთვის ადგილი აღარ დარჩა.

ოპოზიციური პარტიების მხრიდან ადამიანებთან თანამშრომლობა არის სრულად შეზღუდული. ვეძებთ გამბედავ ადამიანებს, რომლებიც არ შეუშინდებიან ხელისუფლების ზეწოლას. არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოში, ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის შემთხვევაში, ადამიანებს აქვთ შიში, რომ დაკარგავენ შემოსავალს და ამას უკავშირდება გაჩუმება, მორჩილება.

თუმცა უამრავ ადამიანს ვხდები და დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი მთავარ სიტყვას იტყვიან არჩევნებზე. განწყობები მკვეთრად შეცვლილია და ეს პროპგანდა, რომელზეც იმედს ამყარებს მმართველი პოლიტიკური ძალა, ხელში შემოადნებათ.

კოალიციას „ძლიერი საქართველო“ კარგად გაწერილი პროგრამა გვაქვს და მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება გვინდა. მჯერა, ადამიანები 26 ოქტომბერს თავის მთავარ სიტყვას საარჩევნო ყუთთან იტყვიან.

მანანა ბარბაქაძე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის საარჩევნო შტაბის უფროსი: – წინასაარჩევნო გარემო ხარაგაულში არის მშვიდი. მუნიციპალიტეტში არის რამდენიმე ოპოზიციური პარტია, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები საარჩევნო მარათონში. ადრე რომ იყო პლაკატების ჩამოხევა, ერთმანეთის შეურაცხყოფა, ასე აღარ არის. ჩვენ მაშინ უმცირესობაში ვიყავით.

ახლა გარემო დამშვიდებულია. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციური პარტიები დესტრუქციული მოქმედებისთვის ემზადებიან. ისინი პრესითა და ტელევიზიით ავცრელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები უკვე გააყალბა. ოპოზიციურ პარტიებს ყველა საარჩევნო უბანზე ჰყავთ კომისიის წევრები, დამკვირვებლები, წარმომადგენლები. 20-25 კაცი შენიანი რომ გეყოლება უბანზე დამკვირვევლად, გამოდის, რომ ამ ადამიანებს აყენებ შეურაცხყოფას და არ ენდობი, რომ ხმებს დაიცავენ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არჩევნებიდან არჩევნებამდე არ მიდიან მოსახლეობასთან. ქუჩაში რუპორით სიარული არჩევნების მოსაგებად საკმარისი არ არის.

P.S. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის უფროსის, თორნიკე ავალიშვილისგან დასახელებული ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები გადავამოწმეთ.

  • ფიქრია ჭიპაშვილმა გვითხრა, რომ მას სურდა ნაცმოძრაობიდან კომისიის წევრობა, თუმცა, შემდეგ გადაიფიქრა. მან „კულტურის და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორ მამუკა ჭიპაშვილთან ამ საკითხზე კომუნიკაცია უარყო.

მამუკა ჭიპაშვილი ამბობს: „ფიქრია ჭიპაშვილმა თავად დამირეკა და მითხრა, ნაცმოძრაობამ კომისიის წევრად ჩემი თანხმობის გარეშე ჩამსვაო. ვუპასუხე, რომ ეს საკითხი თავად პარტიაში გაერკვია. სხვას ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით“;

  • კომისიის წევრზე ზეწოლის ფაქტს უარყოფს ნინო ფხალაძეც. მისი თქმით, მან კომისიის პირველ სხდომაზე მიიწვია ეთერ შარიქაძე, რომელმაც კომისიის წევრობაზე უარი მეუღლის ავადმყოფობის გამო უთხრა. თავად ეთერ შარიქაძემ კომენტარზე უარი გვითხრა;
  • ლაშეში  მცხოვრები ნინა შავიძე კომისიის წევრისგან ზეწოლას უარყოფს და ამბობს, რომ მას შვილმა სთხოვა, კომისიაში ოპოზიციური პარტიიდან არ ყოფილიყო;
  • რეინჯერი გოგი ბერაძე თავს „სისტემის მსხვერპლს“ უწოდებს და ამბობს, რომ ყოველთვის თავისი თანასოფლებების გვერდით დადგება;
  • კიცხში, მდინარაძეების უბანში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის თანხის მიღებას რაც შეეხება, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ამირან ოქრომჭედლიძე განმარტავს, რომ თანხას ხელზე არც ერთი ეკომიგრანტი არ იღებს. მათ უნდა მოძებნონ სახლი, რომელსაც იყიდიან და სახელმწიფო ფულს იმ სახლის მეპატრონეს ჩაურიცხავს.

ამირან ოქრომჭედლიძე ამბობს, რომ 30 ათას ლარად სახლის ყიდვა ძალიან ძნელია. ამიტომ მან და მდინარაძეების უბანში მცხოვრებმა ოჯახებმა
საცხოვრებელი სახლების შესაძენად ბანკიდან კრედიტი გამოიტანეს“.