ხარაგაულის  სალოტბარო სკოლის ხელმძღვანელი, ქართული ფოლკლორის ამაგდარი – დალი მაღრაძე 80 წლისაა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ხარაგაულის კინოთეატრში ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების წამყვანმა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ დალი მაღრაძის იმ ფასდაუდებელ ღვაწლზე ისაუბრა, რაც მან ფოლკლორის, ქართული ხალხური სიმღერის შენარჩუნების საქმეში შეიტანა.

1997 წელს ენთუზიაზმით, დიდი მოტივაციითა და ხალხური სიმღერისადმი სიყვარულით დალი მაღრაძემ ანსაბლი „საუნჯე“ დააფუძნა. ანსამბლს წლების განმავლობაში ხან საკუთარ სახლში, ხან ანსამბლის წევრების ბინაში, ხანაც ეკლესიაში ამეცადინებდა ლოტბარი თამაზ კიკნაძე. ქალბატონი დალი კი ჯიუტად იბრძოდა, რომ ანსამბლს საკუთარი ჭერი ჰქონოდა. სიძნელეების მიუხედავად, „საუნჯე“ ფესტივალებზე პროფესიონალთა უმაღლეს შეფასებას იმსახურებდა.

„ქალბატონი დალისთვის არ არსებობს დაკეტილი კარები, წინააღმდეგობა, – აღნიშნა ირინე ჩხეიძემ ღონისძიებაზე, – 2002 წელს მან ხარაგაულში ახალგაზრდა ლოტბარი მაია მაღრაძე მოიყვანა.

2007 წელს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მაშინდელი ხელმძღვანელის, გიორგი უშუკიშვილის მხარდაჭერით, ფოლკლორის სახლი დააფუძნა. აქვე ქორეოგრაფიული ანსამბლი „მთიელი“ (ხელმძღვანელი რომან ბუაჩიძე) ჩამოყალიბდა.

2019 წლიდან დალი მაღრაძის აქტიურობით ხარაგაულში ფუნქციონირებს სალოტბარო სკოლა, სადაც ახალგაზრდები ხალხურ სიმღერებთან ერთად გალობას (ხელმძღვანელი ზურაბ გოგოლაძე) სწავლობენ“.

საიუბილეო ღონისძიებაზე „საუნჯემ“ ხალხური სიმღერები და საგალობლები შეასრულა, „მთიელმა“ ღონისძიება ქართული ცეკვებით გაალამაზა.

დალი მაღრაძეს გაწეული ღვაწლისთვის „საუნჯეს“ პირველი თაობის წევრმა, ნინო ავალიშვილმა, რომელიც დღეს კონსერვატორიის სტუდენტია, მადლობა გადაუხადა და მეგობრებთან ერთად „საქართველოო, ლამაზო“ იმღერა.

ღონისძიებაზე მყოფმა, ქართული ჯაზის ლეგენდამ, ოთარ მაღრაძემ კი კინოფილმიდან „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ კომპოზიცია დაუკრა.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენელმა ნანა ვალიშვილმა დალი მაღრაძეს საიუბილეო თარიღი ამ ცენტრის დირექტორის, გიორგი დონაძის სახელით მიულოცა.

„მომსწრე ვარ ქალბატონი დალის ყველა დაჟინებული მოწადინების, ბრძოლის, ტკივილის, სიხარულისა და გამარჯვების, – აღნიშნა ღონისძიებაზე ნანა ვალიშვილმა, – ის ჯიუტად თავდადებული ადამიანია, ქართული ტრადიციული კულტურის შენარჩუნების გზაზე მტკიცედ მდგომი. მომავალი თაობები ფოლკლორს არასდროს დაივიწყებენ“.

თავად დალი მაღრაძემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც საქმიანობაში, მიზნის მიღწევაში მხარს უჭერდა. მან აღნიშნა, რომ სიყვარულითა და შემართებით გადასცემს მომავალ თაობებს ხალხური ქართული სიმღერისა და ფოლკლორისადმი სიყვარულს, როგორც ამას მისი მასწავლებელი, საქვეყნოდ ცნობილი ლოტბარი – ივანე (ბიჭიკო) აბაშიძე აკეთებდა.

ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ დალი მაღრაძეს.