„ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ექვსი თვის საკუთარი შემოსავლების გეგმა 121 % შეასრულა, – წერს სოციალურ ქსელში საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი, – გეგმის ზევით მობილიზებულია 125,3 ათასი ლარი. მათ შორის გადასახადებიდან მუნიციპალიტეტს გეგმიური 38,9 ათასი ლარის ნაცვლად მიღებული აქვს 361,1 ათასი ლარი, აქედან საწარმოთა ქონების გადასახადი 58,6 ათასი ლარი, ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი 0,1 ათასი ლარი და არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი 302,4 ათასი ლარი. მისაღები კიდევ რჩება. ჯერ ნახევარი წელი გავიდა.

განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ამ უკანასკნელს, – 302,4 ათასს ლარს, – ის „საქართველოს რკინიგზიდან“ მიღებული შემოსავალია, რასაც რკინიგზა უხდის ხარაგაულის მუნიციპალიტეტს. ეს სწორედ გამგებლის, ბატონი კობას, დამსახურებაა. სწორედ მან აწარმოა „საქართველოს რკინიგზასთან“ მოლაპარაკებები და დაუღალავი შრომის შედეგად მიზანსაც მიაღწია. დღეს ვიღაცები ცდილობენ, დაიბრალონ გაკეთებული. სამწუხაროდ, მანამდე ხარაგაულს ეს თანხები ეკარგებოდა, ვინაიდან სხვას აზრადაც არავის მოსვლია, რომ ეს საკითხი სამართლებლივად დაერეგულირებინა და ხარაგაულის ბიუჯეტის გაზრდაზე ეფიქრა. აი საიდან გაიზარდა ადგილობრივი შემოსავლები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში! იქნებ არც ამაში დამეთანხმოთ და „ვერც აქ ხედავთ გამგებლის როლს!“ – წერს ვარლამ ჭიპაშვილი.

„ხარაგაულს აქვს გარკვეული წარმატებები და ეს კარგია. ამით ნურავინ მოვიწონებთ თავს, – საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს პასუხობს ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ნოდარ ებანოიძე, – რკინიგზის თემაზე ხარაგაულს კარგად ახსოვს რა ხდებოდა 2010 წლის აგვისტოში, როდესაც მაშინდელმა საკრებულომ, რბილად რომ ვთქვათ, უგუნური გადაწყვეტილება მიიღო და მარეგულირებელი კოაფიციენტი სამჯერ შეიმცირა.

ამ კოეფიციენტის განსაზღვრა საგადასახადო კოდექსით საკრებულოს პრეროგატივაა და რკინიგზას არც არაფერი ეკითხება. მაშინ მხოლოდ ორიოდე ადამიანი ვაპროტესტებდით. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ეს საკითხი კვლავ დავსვით. პირადად ვესაუბრე საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელებს, რათა მათთვის მოულოდნელი არ ყოფილიყო საკუთარი ხარჯების ზრდა. რა თქმა უნდა, გამგებელ კობა ლურსმანაშვილის მოსაზრებაც იგივე იყო და სხვაგვარად არც იქნებოდა. არც მაშინდელი საკრებულო წასულა წინააღმდეგი და იგივე ადამიანებმა, ვინც ხმა მისცა კოეფიციენტის შემცირებას, ამჯერად ხმა გაზრდას მისცა, რაც საშუალებას გვაძლევს დამატებით მივიღოთ შემოსავლები.

ჩვენ გვაქვს მიღწევები იმ კუთხით, რომ ცენტრალური ხელისუფლების სახსრებით განსახორციელებელ პროექტებზე გამოყოფილი თანხების ათვისება ნორმალურია. ეს ძალიან კარგია. თუმცა როდესაც საკრებულოს საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე შემოსავლების გეგმის შესრულებაზე ასეთ არაკვალიფიციურ ინფორმაციას ავრცელებს, მგონი ნორმალური არაა.

სამწუხაროდ, შემოსავლების სიდიდე ვერანაირად ვერ იქნება ჩვენი კარგი ან ცუდი მუშაობის შედეგი, რადგან შემოსავლის არც ერთი წყარო ჩვენზე არაა დამოკიდებული: ტრანსფერს ცენტრალური ბიუჯეტიდან ვიღებთ და ის ავტომატურად ირიცხება. ჯარიმების სიდიდე დამოკიდებულია დარღვევების რაოდენობაზე (მაგალითად, მძღოლისგან მოძრაობის წესების დარღვევის გამო გადახდილი ჯარიმა) და ჩვენ რას ვამბობთ, – კარგად ვმუშაობთ მძღოლებთან და ისინი ჩვენი ხათრით წესებს არღვევენ და ჯარიმას იხდიან. ვის ჭირდება ასეთი ტყუილები? მგონი, არავის.

ის, რომ ნოემბერში მისაღები თანხა, თუნდაც ბატონი კობას მცდელობით, თვეებით ადრე ჩამორიცხეს, ეს მეოთხე კვარტალში არ აისახება უკვე პირიქით?

კვლავ ვიმეორებ: მიღწევები არის, განსაკუთრებით ბევრი რამ გაკეთდა დაბა ხარაგაულში, თუმცა ბევრით ვერაფრით გავახარეთ წიფელები, მოლითელები ან ბჟინეველები და ახლა ამაზე ვიფიქროთ.

ბუნებრივია აზრთა სხადასხვაობა ასეთ საკითხებზე და სულაც არ ვთვლი, რომ ჩემი მოსაზრებები ერთადერთია და სწორი. უახლოეს წლებში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი ხარაგაულში და ერთად ვიზრუნოთ მათ რეალიზებაზე. ამ საქმეში არგუმენტირებული კრიტიკაც საქმის ნაწილია. წარმატება ხარაგაულს და თითოეულ ხარაგაულელს,“ – წერს პარლამენტარი.