პოლონეთში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ტაძარი ეკურთხა.

ამ ტაძრის კურთხევაში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) სუპრასლის ეპისკოპოს ანდრიას (ბორკოვსკი) მიწვევით მონაწილეობდა.

მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ტაძარი ბიალისტოკისა და გდანსკის ეპარქიაში მდებარეობს. მეუფე მელქისედეკი ტაძრის კურთხევასა და პირველ საზეიმო წირვაში მონაწილეობდა ბიალისტოკისა და გდანსკის მთავარეპისკოპოს იაკობთან (კოსტუჩუკი), ბელსკის მთავარეპისკოპოს გრიგოლთან (ხარკევიჩი) და სუპრასლის ეპისკოპოს ანდრიასთან ერთად (ბორკოვსკი).

წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძემ სასულიერო განათლება საქართველოში მიიღო. ის წლების განმავლობაში გარე კახეთში მოღვაწეობდა. 1921 წელს თეოლოგიური განათლების მისაღებად ბერლინში გააგზავნეს.

მეორე მსოფლიო ომის დროს მამა გრიგოლ ფერაძე ხშირად იფარებდა ფაშისტებისგან დევნილ ადამიანებს. ამის გამო ის შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს. შემდეგ კი პოლონეთში, ოსვენციმის ბანაკში გადაიყვანეს, სადაც აღესრულა – მამა გრიგოლი მრავალშვილიანი ებრაელი ოჯახის ნაცვლად შევიდა გაზის კამერაში.

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა გრიგოლ ფერაძე, როგორც ქრისტიანობისათვის, სამშობლოსათვის და მოყვასისათვის თავგანწირული არქიმანდრიტი 1995 წელს წმინდანად შერაცხა.

ფოტოზე: მარცხნიდან მეორე მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) პოლონეთში ტაძრის კურთხევაზე