ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 21 საჯარო სკოლის 155 კურსდამთავრებულიდან 74 სტუდენტი გახდა. მათგან შვიდი სახელმწიფო გრანტის მფლობელია.
100%-იანი გრანტი მოიპოვა ხარაგაულის გიმნაზიის კურსდამთავრებულმა თამარ ჭიპაშვილმა;
70%- იანი გრანტის მფლობელები არიან:
50%-იანი დაფინანსება მიიღეს:
წარმატებულმა პირველკურსელებმა სასურველ შედეგს მიზანდასახულობით, შრომისმოყვარეობითა და საკუთარი თავის რწმენით მიაღწიეს.
თამარ ჭიპაშვილი თავისუფალ უნივერსიტეტში მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ეროვნულ გამოცდებზე მიღებული უმაღლესი შედეგებით თამარი ამ ფაკულტეტის 70 სტუდენტს შორის პირველ სამეულშია.
„ეს ფაკულტეტი ბევრ დარგს აერთიანებს, – ამბობს თამარი, – ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, ფილოსოფია. ჯერჯერობით, არ გადამიწყვეტია, მათგან რომელ სპეციალობას ავირჩევ“.
თამარი გვიამბობს, რომ აბიტურიენტობის დროს მეცადინეობისთვის არც ერთი ღამე არ გაუთენებია, რადგან მკაცრი დღის რეჟიმი შეიმუშავა და პასუხისმგებლობით მიჰყვებოდა დასახული მიზნისკენ მიმავალ გზას.
მასწავლებლებთან დამატებითი მეცადინეობა თამარს საჭიროდ მიაჩნია. თუმცა თვლის, რომ სკოლაში მიღებული საფუძვლიანი ცოდნა ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად გადამწყვეტია. თამარი ამბობს, რომ სკოლაში მასწავლებლები ყველანაირად ხელს უწყობდნენ.
გამოცდებზე მიღებული შედეგები და 100%-იანი გრანტის მოპოვება მისთვის ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა. მსგავსი სიხარული და დადებითი ემოცია ამ დრომდე ჯერ არ განმიცდიაო, – ამბობს თამარ ჭიპაშვილი და უპირველეს მიზნად სტუდენტობის წლების ნაყოფიერად გამოყენებას ისახავს.
ლიზი შარიქაძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ფილოლოგობა ბავშვობიდანვე სურდა. ქართულის პედაგოგმა ნინო ბარბაქაძემ კი ეს პროფესია კიდევ უფრო შეაყვარა.
„ნინო მასწავლებლის მოსწავლეებისადმი ურთიერთობასა და სიყვარულს რომ ვხედავდი, მასწავლებლობის სურვილი უფრო გამიძლიერდა, – ამბობს ლიზი, – მსურს, ჩემი მოსწავლეებისთვის მეც ისეთივე იმედი და საყრდენი ვიყო, როგორც ნინო მასწავლებელია.
სკოლის ცოდნით ეროვნულ გამოცდებზე ბარიერის გადალახვას შეძლებ, თუმცა მაღალ ქულებს ვერ მოიპოვებ. მასწავლებლებთან დამატებით მეცადინეობა საკუთარი თავის რწმენასაც გმატებს. აბიტურიენტობის პერიოდი ყველა მოსწავლისთვის სტრესული და მძიმეა. თუმცა, მასწავლებლები კომფორტულ გარემოს გვიქმნიდნენ.
დროის სწორად განაწილება ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანს როცა მიზანი გაქვს, მისი მიღწევა პრიორიტეტად უნდა აქციო და რამდენიმეთვიან დატვირთვას გაუძლო. მეგობრებისა და გართობისთვის დრო ყოველთვის დაგვრჩება.
მომავალ აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ ტელეფონის სქროლვის ნაცვლად, წიგნებს მიუსხდნენ. ეს პრობლემა ბევრს გვაწუხებს და რთულია თავის დაღწევა. თუმცა, თუ გაიაზრებ, რომ დროს ფლანგავ, მაშინ ტელეფონს გვერდზე გადადებ. ზოგადი განათლებისა და თავდაჯერებულობისთვის კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა აუცილებელია.
ჩემი უახლოესი მიზანი უნივერსიტეტში სტიპენდიის მოპოვებაა. წარმატების მისაღწევად ყველაზე მთავარი შრომისმოყვარეობა და საკუთარი თავის რწმენაა“.
მარიამ მდივნიშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელია. ის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე ისწავლის. მარიამს ყველაზე მეტად ქართულ ლიტერატურაში მიღებული უმაღლესი ქულა გაეხარდა, გრანტიც ამ ქულით მოიპოვა და ქვეყნის მასშტაბით 80 საუკეთესო სტუდენტს შორის მოხვდა. მარიამი ქართულ ლიტერატურაში დამატებით არ ემზადებოდა.
„მთელი ყურადღება სწავლას უნდა დავუთმო, – ამბობს მარიამი, – სხვა პროფესიების დაუფლებაც მსურს – მიტაცებს ხატვა, გრაფიკული დიზაინი და ფოტოგრაფია. ბევრი შრომის მიუხედავად, აბიტურიენტობა კარგად მახსენდება, რადგან მასწავლებლები გვამხნევებდნენ. გამოცდებზე მიღებულმა შედეგებმა კი ყველა დაღლა დამავიწყა.
მომავალ აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ მხოლოდ საკუთარ თავს უსმინონ და სტრესულ მდგომარეობაში არ ჩავარდნენ. პროფესიის არჩევისას კარგად დაფიქრდნენ, ნამდვილად სურთ თუ არა უმაღლესი განათლების მიღება“.
თამთა პავლაძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩაირიცხა. თამთას სურს, აღმოსავლურ ენებს დაეუფლოს, ტურისტულ სფეროში დასაქმდეს და საქართველო რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გააცნოს. თამთა ბედნიერია, მისი შრომა რომ დაფასდა და ოჯახის წევრები გაახარა.
„განათლების სკოლაში მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი. საფუძველი თუ არ გაქვს, ერთ-ორ წელიწადში სასურველ შედეგს ვერ მიაღწევ. თუმცა, კვალიფიციური რეპეტიტორი დაგაკვალიანებს, საგამოცდო ტესტებზე როგორ იმუშაო, – ამბობს თამთა, – წარმატებებს ვუსურვებ ყველა სტუდენტსა და აბიტურიენტს. მიზნის მისაღწევად ბევრი და სწორად შრომაა საჭირო“.
ნიკა ბერაძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მან კიცხის საჯარო სკოლა დაამთავრა. ნიკა ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგებით კმაყოფილი და გახარებულია. მისი მიზანია, კვალიფიციური იურისტი გახდეს. მომავალ აბიტურიენტებს ურჩევს, რომ არასოდეს დანებდნენ და მიზნისკენ ჯიუტად იარონ.
მარიამ ჩაჩანიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მას ყოველთვის ამ უნივერსიტეტში სწავლა და პედაგოგობა სურდა. მარია ხიდრის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია.
„ჩვენი სკოლა ინგლისური ენის მასწავლებელმა მზეო ბერაძემ ილიას უნივერსიტეტისგან მხარდაჭერილ რამდენიმე პროექტში ჩართო, – ამბობს მარიამი, – ძალიან მომეწონა ამ უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები და ილიაუნში სწავლის სურვილი გამიჩნდა.
ბევრი ვიშრომე იმისთვის, რომ სტუდენტი გავმხდარიყავი. შედეგი მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობლივი შრომით მიიღწევა. არ მახსოვს, სკოლაში რომელიმე საგანში გაკვეთილდაუსწავლელი მივსულიყავი. გამოცდებს ემოციები ახლავს და რთულია, არ ინერვიულო. პასუხისმგებლობას გრძნობ მშობლებისა და მასწავლებლების წინაშე.
ჩემი სამომავლო მიზანია, ლექტორი გავხდე. თუმცა, ძალიან მინდა, სკოლაში, მოსწავლეებთან გაკვეთილებს ვატარებდე. იმედია, ამ მიზნებს მივაღწევ“.
ნაყოფიერ და წარმატებულ სტუდენტობას ვუსურვებთ ახალგაზრდებს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი