თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების (ევრო-ატლანტიკური კონცენტრაცია) სტუდენტმა ლიზა ბარბაქაძემ ბრიტანეთის საელჩოს კონკურსში გაიმარჯვა და ერთი დღით, 7 მარტს, ბრიტანეთის ელჩის მოვალეობას ასრულებდა. ლიზას იმ დღის შთაბეჭდილებებისა და სამომავლო გეგმების გაზიარება ვთხოვეთ.

– ლიზა, როცა გამარჯვების შესახებ შეიტყვე, რა განცდა დაგეუფლა?

– ბრიტანეთის საელჩოსგან გამოცხადებული კონკურსის მიზანი გენდერული თემის პოპულარიზაციაა. კონკურსის პასუხებს წინა დღით ველოდებოდი და რადგანაც არ დამიკავშირდნენ, ვიფიქრე, რომ სხვა შეარჩიეს. ამიტომაც გამარჯვება მოულოდნელი აღმოჩნდა და აქედან გამომდინარე, ორმაგად სასიხარულოც.

ვიცოდი, რომ ბევრი ძალიან ჭკვიანი და წარმატებული სტუდენტი იღებდა მონაწილეობას და ასეთ ვითარებაში გამარჯვება, მივიჩნევ, რომ გამართლებაცაა. ძალიან მადლიერი ვარ, რადგან საელჩომ შესანიშნავი შესაძლებლობები მომცა, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს კარიერასთან დაკავშირებულ ხედვებზე.

გვიამბე იმ ერთი დღის შესახებ, როცა ბრიტანეთის ელჩის მოვალეობა შეასრულერა აქტივობები იყო დაგეგმილი და როგორ ჩაერთე მათში?

– საკმაოდ დატვირთული და პროდუქტიული დღე იყო. თავდაპირველად დიდი ბრიტანეთის საელჩოში შევხვდი ელჩის მოადგილეს – კლერ ალბლესს, რომელმაც დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების მისიის და საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიამბო.

აგრეთვე, გავიცანი დიდი ბრიტანეთის ელჩი – მარკ კლეიტონი, რომელთან ერთადაც ვერთვებოდი დღის განმავლობაში დაგეგმილ აქტივობებში და ვიღებდი ძალიან კარგ რჩევებს ჩემს სამომავლო გეგმებზე.

საინტერესო გამოცდილება იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორთან და დიპლომატთან – დავით კერესელიძესთან შეხვედრა. მასთან ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებზე, ოკუპაციის საკითხებსა და ჩვენი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებზე.

ამ დღის უმთავრესი მოვლენა იყო ნიდერლანდების, შვედეთის, საფრანგეთის, ბრიტანეთის ელჩებთან და გაეროს მუდმივ კოორდინატორთან შეხვედრა. გამოცდილი დიპლომატების განვლილი გზის გაცნობა და პროფესიული გამოცდილების გაზიარება ძალიან ინსპირაციული იყო.

მათთან ვისაუბრე ახალგაზრდების საერთო ინტერესებზე, რაც ერთმნიშვნელოვნად ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციას უკავშირდება; ასევე, საქართველოს რეგიონებში არსებულ პრობლემებზე; ერთმანეთს გავუზიარეთ ხედვები ქართული დემოკრატიის გამოწვევების დაძლევის პროცესში დიპლომატთა ჩართულობის როლზე.

საინტერესო იყო ვიზიტი პარლამენტში, სადაც შევხვდით გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო წილოსანს. ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ქართული პარლამენტარიზმის განვითარება, პოლიტიკაში ქალთა ჩართულობა, ქალი პოლიტიკოსების წინაშე არსებული გამოწვევები.

ასევე, გავცვალეთ მოსაზრებები მიმდინარე აქტუალურ თემებზე. მივიჩნევ, რომ მსგავსი ფორმატის უშუალო დისკუსიები მიმდინარე მოვლენებზე ახალგაზრდებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სამოქალაქო და დემოკრატიულ პროგრესს უწყობს ხელს. სამწუხაროდ, ასეთი შესაძლებლობები არც ისე ხშირია.

ჩვენი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აზრების ურთიერთგაცვლა მიმდინარე საკითხებზე და ამ მხრივ, მივიჩნევ, რომ საკმაოდ საინტერესო იყო ქალბატონ ნინო წილოსანთან შეხვედრა. დღის დასასრულს, დიდი ბრიტანეთის საელჩოს „ჩივნინგის“ სტიპენდიანტებთან ერთად დაგვაჯილდოეს, რამაც, თავის მხრივ, მოტივაცია მომცა, რომ ეს თუ სხვა საგანმანათლებლო შესაძლებლობები სამომავლოდ გამოვიყენო.

– ლიზა, როგორ გაგრძელდება შენი თანამშრომლობა ბრიტანეთის საელჩოსთან?

– ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუცია ამ დღისგან რაც მივიღე, იყო ახალი კავშირები. ეს კავშირები დამეხმარება, რომ სამომავლო მიზნებს მივაღწიო, რაც რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერებას და პირად პროფესიულ ინტერესებს შეეხება.

სამომავლოდ ვგეგმავთ ვიზიტს გაეროს ოფისში ამ ორგანიზაციის მუდმივ წარმომადგენელ საბინე მახლისთან, რომელმაც თავად მიგვიწვია. მასთან კიდევ ერთხელ ვისაუბრებ არსებულ პრობლემებზე, რომლებსაც ახალგაზრდები ვაწყდებით და ხაზს გავუსვამ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობას.

ადამიანები, რომლებიც ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობის ფარგლებში გავიცანი, ყოველთვის მზად არიან, თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარონ და მხარი დაუჭირონ ინიციატივებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და დასავლეთთან ინტეგრაციას შეუწყობს ხელს, რაც ძალიან დასაფასებელია.

ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივა, რომ კარენ პირსს, რომელიც დიდი ბრიტანეთის ელჩია აშშ-ში და ასევე ამავე ქვეყნის პირველი მუდმივი წარმომადგენელიც გაეროში, ჩემი საკონკურსო ნაშრომი გაუგზავნეს. სწორედ ამ ადამიანზე დაწერილი საკონკურსო ნაშრომით გავიმარჯვე ბრიტანეთის საელჩოს კონკურსში.

ბრიტანეთის ელჩის მოვალეობ შერულებისას, რამ მოახდინა შენზე ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება?

– ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყველაზე შთამბეჭდავი იყო დისკუსიების ფორმატი ელჩებთან, რომლებმაც არაფორმალურ სივრცეში გამიზიარეს კარიერული გზისა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. მიმოვიხილეთ სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური მახასიათებლები და გავცვალეთ საერთაშორისო პოლიტიკასთან დაკავშირებული პერსპექტივები. ამ გზით გავეცანი ე.წ. შიდა სამზარეულოს და უკეთ გავაანალიზე ელჩების საქმიანობის დეტალები.

ვფიქრობ, რომ ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, რაზეც ცოტა ხნის წინ ვერც ვიოცნებებდი. კონკურსში გამარჯვებამ თავდაჯერებულობა შემმატა, რომ დიპლომატიის სფეროში, სადაც თავის დამკვიდრება არც ისე მარტივია, განვაგრძო ჩემი საქმიანობა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში წვლილი შევიტანო. მადლობა ბრიტანეთის საელჩოს, ბატონ კლეიტონს და მის მეორე მდივან ჯორჯინა ჰარმსვორთს, რომლებმაც საუკეთესო გამოცდილება გამიზიარეს.

ძალიან გამიხარდა, როცა ელექტრონული ფოსტით ვრცელი მამოტივირებელი წერილი მივიღე კარენ პირსისგან (აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩი და მუდმივი წარმომდგენელი გაეროში), სასარგებლო დიპლომატიური რჩევებით.