ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა პარტიიდან „ლელო“ ომარ გაგოშიძემ საკრებულო პირადი განცხადებით დატოვა.

ამის გამო გაუქმდა საკრებულოს ფრაქცია „ხარაგაულისთვის“, რომლის წევრიც ომარ გაგოშიძე იყო. ის ამ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. ამ ფრაქციის შემადგენლობაში იყვნენ ასევე ირმა ვეფხვაძე და კოტე ბერაძე პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“.

ფრაქციის გაუქმების გამო ცვლილება შევიდა საკრებულოს ბიუროს შემადგენლობაშიც.

საკრებულოს წევრის ადგილმონაცვლეობის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს აპარატი #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიას აცნობებს. კომისიამ საკრებულოს ახალი წევრი ორი კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს.

რა გახდა საკრებულოს დატოვების მიზეზი, ამ შეკითხვით ომარ გაგოშიძეს მივმართეთ.

„ყოველგვარი შეკამათება ამ მოცემულობის საკრებულოში, საქმიანი საუბარი შეუძლებლად მიმაჩნია, – გვიპასუხა ომარ გაგოშიძემ, – აზრს მოკლებულია ნებისმიერი წინადადების დაყენება. ხარაგაულის საკრებულოში საკამათო სივრცე არ არის. პარტია „ლელოს“ არ ვტოვებ და ამ გუნდის წევრად ვრჩები.“

ხარაგაულის საკრებულოს წევრი პარტიიდან „ლელო“ ინგა მაღრაძე გახდება. ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამ პარტიის სიის მეორე ნომერი გახლდათ.

„ვაპირებთ, რომ თვითმმართველობის ახალ არჩევნებამდე საკრებულოს მუშაობაში აქტიურად ჩავერთო, – ამბობს ინგა მაღრაძე, – საკრებულოში მიმდინარე პროცესები უნდა იყოს ჯანსაღი, საქმიანი და მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული“.

ჩვენს შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ინგა მაღრაძე ფრაქციის შექმნას საკრებულოში, გვპასუხობს, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხს არ განიხილავენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ხარაგაულისთვის“ 2021 წლის თებერვალში შეიქმნა და მას თავიდან კოტე ბერაძე ხელმძღვანელობდა. 2022 წლის სექტემბრიდან კი ამ ფრაქციას ირმა ვეფხვაძე თავმჯდომარეობდა.

საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისა და ფრაქციის გაუქმების საკითხი 19 აგვისტოს, ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლურსმანაშვილმა გააცნო. ამ საკითხს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 21 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე ცნობად მიიღებს.