ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქმედ ფრაქციას „ხარაგაულელებისთვის“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
ამ თანამდებობას ოქტომბრიდან ამავე ფრაქციის წევრი ირმა ვეფხვაძე დაიკავებს. ოპოზიციური პარტიებით დაკომპლექტებული ეს ფრაქცია 2022 წლის თებერვალში შეიქმნა და მას კონსტანტინე ბერაძე ხელმძღვანელობდა. ის ხარაგაულის საკრებულოს წევრი გახდა პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“. მისი მოადგილეა ომარ გაგოშიძე, რომელიც დეპუტატია პარტიიდან „ლელო.“ ირმა ვეფხვაძე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრია.
რა გახდა ფრაქციის თავმჯდომარეობის დატოვების მიზეზი, ამ შეკითხვით კონსტანტინე ბერაძეს მივმართეთ.
„ფრაქცია იმ დათქმით შევქმენით, რომ ექვს თვეში ერთხელ როტაციის პრინციპით, მონაცვლეობით, ვიქნებოდით თანამდებობებზე, – ამბობს კონსტანტინე ბერაძე, – უფლებამოსილების ამოწურვამდე ყველას მოგვიწევს თანაბრად თავმჯდომარეობაც, მოადგილეობაც და რიგითი წევრობაც.
ახლა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ისევ ომარ გაგოშიძე იქნება. ექვსი თვის შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარე ომარი გახდება და მე – მისი მოადგილე. ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ ფრაქციის სამივე წევრს თანაბარი შესაძლებლობა და უფლებები გვქონდეს“.
დავინტერესდით, ფრაქცია „ხარაგაულელებისთვის“ წევრთა დათქმა – თანამდებობების როტაციით დაკავების შესახებ, რამდენად და რა ფორმით არის კავშირში ამომრჩეველთან; ფრაქციის თავმჯდომარეობა ან მოადგილეობა რამდენად გააძლიერებს მათ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაში?
კონსტანტინე ბერაძე ამბობს, რომ მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად შეზღუდული საკრებულოს არც რიგითი წევრია და ინიციატივების დაყენება საკრებულოში ნებისმიერ დეპუტატს შეუძლია.
„სხვა მუნიციპალიტეტებშიც არის როტაციის პრინციპი, იქ, სადაც პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ „ლელოს“ წევრებთან ერთად აქვს ფრაქცია შექმნილი. ფრაქციის თავმჯდომარეს ის პრივილეგია აქვს, რომ ის ბიუროს წევრი ხდება და ფრაქციის სხდომაზე დაყენებულ საკითხებს მეტად დაიცავს, ვიდრე რიგითი დეპუტატი.
არის ფინანსური მხარეც, – მოგეხსენებათ, ანაზღაურება ფრაქციის თავმჯდომარის, მოადგილისა და რიგითი წევრის განსხვავდება. ამ მხრივ, 6-6 თვიანი გადანაწილებით რომ დავიანგარიშოთ, თანხა ყველას თანაბრად გვიწევს“.
„თანამდებობის პირი ვიქნები თუ რიგითი წევრი, ერთნაირად ვიბრძოლებ მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად, – ამბობს ირმა ვეფხვაძე, – მე, როგორც საკრებულოს რიგითი წევრი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოთხ დეპუტატთან ერთად, ჩართული ვარ „არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის“ პროექტში – „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“. თუმცა, მიმაჩნია, რომ თანამდებობის პირს მეტი გავლენა აქვს და უფრო ადვილად შეუძლია მოქალაქეების პრობლემების გადაჭრაზე იზრუნოს“.
ომარ გაგოშიძე ამბობს, რომ საკრებულოს რიგითი წევრობა და თანამდებობაზე ყოფნა, მოსახლეობის პრობლემების დაყენების კუთხით, დიდად არაფრით განსხვავდება. მისი თქმით, ბიუროს წევრი უფრო აქტიურადაა ჩართული საკრებულოს საქმიანობაში. თუმცა, საკითხის დაყენება ნებისმიერი პოზიციიდან შეიძლება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კიდევ ორი ფრაქცია ფუნქციონირებს. ფრაქციის თავმჯდომარეების ხელფასი 2 200 ლარია, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის – 1 760 ლარი.
ფრაქციის თამჯდომარის ცვლილების საკითხი დღეს, 19 სექტემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ ცნობად მიიღო.
ფოტოზე: ფრაქციის „ხარაგაულელებისთვის“ ახალი თავმჯდომარე – ირმა ვეფხვაძე და მისი მოადგილე ომარ გაგოშიძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი