სოფელ ხევის მკვიდრი, 53 წლის ავთანდილ ბარბაქაძე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე იატაკის დასაგები მასალის მოპოვებას ვერ ახერხებს. მისთვის, ისევე როგორც სოფლად მცხოვრები გლეხების უმრავლესობისთვის, სამასალე ხე-ტყის მოპოვება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. წლებია, მასალის მოპოვება მხოლოდ ლიცენზიის მფლობელებს შეუძლიათ.
„რიკოთის გვირაბს რომ გამოცდები, სამასალე მორებით დატვირთული ტრაილერებითაა სავსე გზა. სამი წელიწადია, ეზოს ღობე წყალმა წამართვა და შემოღობვას ვერ ვახერხებ, სავენახე ბოძს ვერ ვჭრი. აქეთ ტყე – ჭყონიასია, იქით- თედოსიო. მამაჩემის დანატოვარ ადგილში ხე არ მომაჭრევინეს. გამეცით პასუხი, შემიძლია თუ არა 5 მ3 მასალა მომცენ, რომ სახლი მოვაწყო და შვილებს დავუტოვო,“ – წუხს ავთანდილ ბარბაქაძე.
30 სექტემბერს ხევის საზოგადოებრივ ცენტრში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, ნოდარ ებანოიძის, ინიციატივით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბიძინა გიორგობიანი ტყით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ძირულას ხეობის მოსახლეობას შეხვდა. მან შეკრებილთ საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი გააცნო.
შეხვედრის დასაწყისში ნოდარ ებანოიძემ აღნიშნა, რომ განხორციელდება სერიოზული სატყეო რეფორმა. ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც მართავენ სატყეო სააგენტოს, მზად არიან მოსახლეობას მოუსმინონ და მათი აზრი გაითვალისწინონ. დეპუტატის თქმით, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაზე ცუდად იმოქმედა ხე-ტყესთან წვდომის აკრძალვამ. „რა ქნას აქაურმა კაცმა, ეწერის სახერხში რომ ჩავიდეს, 2-3 მ3 მასალას არავინ მიყიდის, რადგან ისინი დიდი მოცულობის მასალაზე მუშაობენ. გლეხი იძულებულია, არალეგალურად მოიპოვოს მასალა იმიტომ, რომ ფულიც რომ ჰქონდეს, ლეგალურად ვერ ყიდულობს. ეს არის ჩვენი დღევანდელი პრობლემა,“ – აღნიშნა დეპუტატმა.
თავის მხრივ ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა, რომ მას ძალიან რთული ვითარება დახვდა სატყეო სექტორში და მათ შორის ხარაგაულში. მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა მოახერხოს, რომ მუნიციპალიტეტებში, რომელთა მოსახლეობაც ტყესთან მჭიდროდაა დაკავშირებული, დახერხილი ფიცრის წარმოება-გაყიდვის ნაცვლად, ავეჯის პატარა საამქროები ამოქმედდეს.
„ვიცი, რომ თქვენ სოფელში, ძირითადად ხე-ტყით ირჩენთ თავს. ამიტომ სარჩო-საბადებლის გარეშე ვერ დაგტოვებთ, – მიმართა ბიძინა გიორგობიანმა შეკრებილთ, – თუ შეშა უნდა ვინმეს, შეუძლია ბილეთი იყიდოს და შეშა სახლში წაიღოს. თუ ლიცენზია აქვს და კანონიერად ეწევა ტყით სარგებლობას, არც იმას არავინ უშლის ხელს. სხვა პრობლემები კი, რაც სატყეო სექტორშია, ნელ-ნელა უნდა მოვაგვაროთ და ხალხს ცხოვრება გავუიოლოთ.“
ბიძინა გიორგობიანის განმარტებით, „სატყეო პოლიტიკის ახალ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტყე ეკუთვნის სახელმწიფოს, ის ხალხის საკუთრებაა. ამჟამად ტყეები გრძელვადიანი ლიცენზიებით არის გაცემული. ამბობდნენ, რომ ეს კარგია და ლიცენზიანტები ტყეს მოუვლიდნენ. სამწუხაროდ, არ მოუარეს კარგად. ორასწლიან წაბლს რომ მოჭრი და იქ ერთ პატარა ჯოხს ჩაარჭობ, ეს არ არის ტყის აღდგენა.
ჩვენ გრძელვადიან ლიცენზიებზე უარს ვამბობთ და ლიცენზიანტებს მოვუწოდებთ, რომ ტყით ისარგებლონ ისე, როგორც საჭიროა. თუ ამ წესს დაარღვევენ, დაჯარიმდებიან. ჯარიმის გადახდა ჯერჯერობით არ უჭირთ, მაგრამ ჯარიმებით მოქმედება ცუდია. ეს მოკლევადიანი ეფექტია. ამიტომ უნდა განვახორციელოთ ისეთი რეფორმა, რომელსაც ექნება ეკონომიკური და სოციალური საფუძველი.“
რაც შეეხება მოსახლეობისთვის მასალის მიწოდებას, როგორც ბიძინა გიორგობიანმა აღნიშნა,
გონივრულობის ფარგლებში მოსახლეობას აქვს სამასალე ხე-ტყის მოპოვების უფლება, თუ მასალა ოჯახისთვის სჭირდება და არა გასაყიდად. მისივე თქმით, ეს ძალიან მახინჯი სქემაა, მაგრამ რადგან ჯერჯერობით უკეთესი არ გვაქვს, უნდა გამოვიყენოთ. სქემა ასეთია: გამგებელთან მიდის მოქალაქის განცხადება, რომელიც ამ მოთხოვნას გუბერნატორთან გზავნის. გუბერნატორი კი ორ-სამ თვეში ერთხელ დოკუმენტებს გადაგზავნის გარემოს დაცვის სამინისტროში. საბოლოოდ, მასალას სატყეო სააგენტო გასცემს. „მაგალითად, გუბერნატორმა დასაბუთებულად მოიწერა, რომ კონკრეტულ ადამიანს, 5 მ3 პირველი ხარისხის სამასალე სჭირდებოდა, მივეცით. ეს არ არის კარგი წესი, შესაცვლელია, მაგრამ ამჟამად ეს მოქმედებს. სანამ ახალი სატყეო პოლიტიკის საფუძველზე ახალ სატყეო კოდექსს მივიღებთ და საკანონმდებლო ხარვეზებს გავასწორებთ, მანამდე ასეთი წესი მოქმედებს.“
რაც შეეხება სიახლეებს, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის განცხადებით, ტყეში გლეხის სამუშაო ადგილი არ არის. ტყეში არაფერი ესაქმება გლეხს, ფირმას, მეწარმეს. ტყე სახელმწიფოსია. ამიტომ სახელმწიფო უწყება უნდა იყოს უფლებამოსილი, იმუშაოს ტყეში. უნდა შეიქმნას სატყეო მეურნეობები, რომლებიც მოჭრის, გამოიტანს, დაამზადებს და გაყიდის იმას, რისი მოთხოვნაც იქნება. მასალის ყიდვა გენდომებათ? მიხვალთ სატყეო მეურნეობაში, ფულს გადაიხდით, დადებთ მანქანაზე და წაიღებთ, სადაც გინდათ.
„ტყეში უნდა შევუშვათ მცოდნე კაცი, რომელმაც იცის, რომელი ხე მობეჭდოს, როგორ გამოათრიოს, – ამბობს ბიძინა გიორგობიანი, – არ შეიძლება ხის ისე გამოთრევა, როგორც ჩვენ დღეს ვაკეთებთ. სამ კილომეტრზე რომ ათრევ ხეს, ის 200 ხეს აფუჭებს, ყველაფერს სპობს ტყეში. ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ ტყეში იმუშავოს სერტიფიცირებულმა მეტყევემ. გლეხმა შეიძლება უცოდინარობით გააფუჭოს ტყე.“
ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის მეექვსე მუხლში აღნიშნულია, რომ უნდა ჩამოყალიბდეს და გაძლიერდეს ტყის მართვაზე პასუხისმგებელი ისეთი ახალი ინსტიტუციები, რომელთაც ექნებათ სატყეო მეურნეობის წარმოების, მათ შორის დამზადების და ტყის სხვა რესურსების სარგებლობით, ასევე ტყის რესურსების რეალიზაციის, ტურისტული და სხვა სახის მომსახურების გაწევა, შემოსავლების ზეინვესტიციის უფლება და უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსებით.
„დღეს მოქმედი კანონმდებლობით სატყეო მეურნეობას არ აქვს მეურნეობის ამოქმედების უფლება. ეს უნდა გავაკეთოთ აუცილებლად, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა, – თორემ დღეს უნებართვო მასალა რომ ჩამოვართვით, იმის გაყიდვის უფლება არ გვაქვს. ადიგენის მუნიციპალიტეტში ოთხი წელია, ლპება ჩამორთმეული მასალა. ახალციხეში სატყეო უბნის სამსახურის ეზოში, სამი წელია, ყრია 400 მ3 მასალა. სასამართლო ვერ შედგა და ვერ იღებს გადაწყვეტილებას, რომ გადაეცეს ფინანსთა სამინისტროს გასაყიდად. შარშან მეტყევეებს შესცივდათ და შეშად გამოიყენეს. დააჯარიმეს ის მეტყევეები. კომედიაა ყველანაირად.“
ამჟამად ორ კატეგორიაზეა ტყის ჭრა დაშვებული – ჭრები პირველი ხარისხის სამასალე ხე-ტყეზე და შეშაზე. ადრე მოქმედებდა ნახევრად სამასალე მერქანის მოპოვების წესი. ბიძინა გიორგობიანის თქმით, ეს წესი ისევ უნდა აამოქმედონ, რათა მოსახლეობამ შეძლოს მერქანის მოპოვება სავენახე ბოძისთვის, ჭიგოსთვის თუ ლატანისთვის.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ მისი და მისი კოლეგების მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება სატყეო რეფორმის პროექტს, რადგან ეს იქნება დიდი შვება მოსახლეობისთვის.
გამგებელი დაინტერესდა, თუ რა წესები უნდა დაიცვას მოქალაქემ, რომელიც საკუთარ საკარმიდამოში აპირებს ხის მოჭრას.
ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სამსახურის უფროსის დავით ცქიტიშვილის განმარტებით, სანამ პიროვნება საკუთარ საკარმიდამოში ხეს მოჭრის, რწმუნებულმა უნდა გასცეს ცნობა მიწის პასპორტის საფუძველზე, რომ ეს ნამდვილად იმ პიროვნების საკუთრებაა. მორებად დაჭრილ ხეს სატყეო უბნის უფროსმა სპეციალური დანიშნულების ფირნიში უნდა მიაკრას. ამის შემდეგ მეპატრონე იხდის მომსახურების თანხას ბანკში, ერთ მ3-ზე 3 ლარს და მერე როგორც უნდა, მორებს ისე გამოიყენებს.
შეხვედრაზე მყოფი ღორეშაში მცხოვრები მალხაზ კუპრაძე ყოფილი საკოლმეურნეო ტყეების ბედით დაინტერესდა. ბიძინა გიორგობიანის განმარტებით, ეს ტყეები, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, უნდა დარჩეს ადგილობრივ თვითმმართველობას მუნიციპალურ საკუთრებაში. გამგეობას უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ 3 მ3 მასალა მისცეს მოსახლეს. ადგილობრივ თვითმმართველობას ამისთვის ეყოლება სერტფიცირებული მეტყევე, რომელსაც ეცოდინება სად რომელი ხე მოიბეჭდოს.
შეხვედრის დასასრულს ბიძინა გიორგობიანმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი სატყეო პოლიტიკის ახალ დოკუმენტს ნოემბერში დაამტკიცებს. მომავალი წლის იანვარში ან თებერვალში დაიწყება სატყეო მეურნეობის ახალი მოდელის შექმნა. მისივე თქმით, საქართველოს ნიშა არის ძვირფასი მერქნით ავეჯის დამზადება და ეს ყველაზე კარგი საქმე იქნება. „საქართველოში გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ძვირფასი ჯიშის ხისგან ძალიან ძვირფასი ავეჯი ვაწარმოოთ. ევროპულ ბაზარზე ნამდვილ ძვირფასჯიშიან ავეჯს ვერ ნახავთ. ის ძალიან ძვირი ღირს. სირცხვლია, რომ წაბლის ხეს ვყიდით მორებად. უძვირფასესია ბალამწარას მერქანი. ამ ყველაფერს კი სწორი გამოყენება სჭირდება. იმედი მაქვს, რომ სისტემამ, რომელსაც შევქმნით, ხელს შეუწყობს შიდა ბაზრის ათვისებას და განვითარებას,“ – დასძინა შეხვედრის ბოლოს ბიძინა გიორგობიანმა.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი