ბნელი დღე იდგა. გარს შავოსნები შემოგვხვეოდნენ. გვციოდა, მაგრამ არ გვეშინოდა. გვშიოდა, მაგრამ არ ვიღლებოდით. ერთ მხარეს სიბნელე იდგა, მეორე მხარეს სიფერადე, განსხვავებული აზრები, თუმცა ერთი იდეის საფარქვეშ გაერთიანებული. ვიდექით ერთად. მედგრად და მყარად. ვათბობდით ერთურთს ფრთების შეხებით და იმ ერთ ლუკმასაც იმ ცხრა ძმასავით ვიწილადებდით.
– გეშინია? – მეკითხება კია მას შემდეგ, როცა შავოსნები ჩვენკენ დაიძრნენ. იქით ვიღაც გაჰკივის, ბაღისკენ გაიქეცით, მოდიან! – არავინ გარბოდა: თუ გავიქცევით, დავიშლებით. ერთად ყოფნით ვერავინ დაგვამარცხებს. არ აფრინდეთ თქვენს ბუდეებში, არ შეეყუჟოთ ხის ტოტებს, ზევით. არ აფრინდეთ ჩრდილოეთით, ყორნებისაკენ, ჩვენკენ ჩამოდით, ჩამოფრინდით, გავერთიანდეთ.
– გესმის? გესმის რას ამბობენ? რისი უნდა მეშინოდეს, – ვეუბნები კიას.
წამიერ დუმილს არღვევს ხმაური – დაიჭირეს!
აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ჩვენთაგანი, რომელსაც გაზაფხული უნდა მოეყვანა, შავოსნებმა დაიჭირეს, მათ რიგებში შეაგდეს და უმოწყალოდ მოსტეხეს ფრთები. ბოლომდე შეუკრეს წვრილი ფეხები და გამეტებით, სრულიად უსაფუძვლოდ ნისკარტს უტეხავდნენ.
– მტკივა, – განწირული ხმით ამბობდა კიუ, – მეტს დაგარტყამ, – ნიშნისგებით პასუხობდა შავოსანი.
ერთ მერცხალზე ათი შავოსანი მოდიოდა, ათ შავოსანს კი ოცი უმაგრებდა ზურგს. მეზობელ ყორნებს დაემსგავსნენ ერთ დროს ძლიერი მერცხლები და ახლა იმას სჩადიან, უწინ რომ გმობდნენ დიდი მონდომებით.
„სად არის კიუ? მოკლეს? დაიკარგა? აი, მისი ფრთები, მგონი, სადღაც აქ უნდა იყოს? – იძახის ვიღაც ჭრელბეწვიანი. მიწაზე მიფორთხავს ერთ დროს ძლიერი მგოსანი, ჩვენი მებრძოლი კიუ.
– ყვავებს უთხარით, ვერ დაგვამარცხებთ, ვერც ერთი ჩვენგანის გადაბირებით, – ძლივსძლივობით ამოღერღა კიუმ სიტყვები.
„წყალი, ჩქარა, მგონი, კვდება, სისხლი მოსდის, დაუმუშავეთ!“
– ვკვდები? – ჩაეცინა მერცხალს, – მე რა მომკლავს მაშინ, როცა თქვენ გხედავთ, ნასროლი ტყვიაც ვერ გაფატრავს გულს მტკიცეს, მზიანს. მე შეიძლება მოვკვდე, წავიდე, მაგრამ აქ ყოფნით თქვენ გიტოვებთ, ჩემო მერცხლებო.
…ჭრილობა გულს უპობდა მერცხლების მეთაურს, სისხლად იღვრებოდა მშვიდობის გმირი. გუშინ რომ მტკიცედ იდგა შავოსნების დასამარცხებლად, ახლა ლაჩრულად დაუნგრიეს ბუდეც, წარსულიც. უნგრევენ მომავალს, მაგრამ არაფრის დიდებით არ დათმობს გაზაფხულს. ახალ ეპოქას მერცხლებისას არ დააკარგვინებს ვიღაც უდიერ, გადაცმულ, ბინძურ ყორნობას, სისხლის სმის მეტს რომ არაფერს აღარ აკეთებს.
„მე თუ მოვკვდები, თქვენ დარჩებით ამქვეყნად მხოლოდ, ისინი, ვისაც შეუძლია გაზაფხულის კიდევ მოყვანა. დაიმახსოვრეთ, ერთ-ერთი თქვენგანიც რომ მოკლან, გაზაფხული აუცილებლად მოვა. რადგან მიზანი არის შეუპოვარი, რადგან ერთობა არის ძლიერი; ვინ არის მტერი, ყორნად ქცეული, შენ გადარჩები, შენ მოესწრები…“ – თქვა და თვალები დახუჭა კიუმ.
მეთაურის გარეშე დარჩენილი მერცხალთა გუნდი წელში გასწორდა, ფეხზე წამოდგა და სრულიად მოულოდნელად ყორნებისკენ დაიძრა. ცოტანი იყვნენ, მაგრამ იმდენად გულადი, რომ კლდესაც გააპობდნენ. „წადი! წადი! წადი!“ – ისმოდა შეძახილები.
– გაზაფხული მოვა! – გაისმა შორიდან.
– ჩვენ გავიმარჯვებთ – ვიღაცამ დაიყვირა.
– კიუს სისხლს არ შეგარჩენთ, – ტირილით ამბობდა გულყვითელა.
„მერცხალი რომ კიდეც მოკლათ, მაინც მოვა გაზაფხული“, – ელვასავით გაიქუხეს სიტყვებმა…
და მოვიდა გაზაფხული? დადგა ის სანატრელი წუთები მერცხლებისთვის, რომელთაც ცვლილება სურდათ? დაიხიეს უკან შავოსანმა ყორნებმა?
გაიმარჯვეს! მათ გაიმარჯვეს სახელოვნად.
არმაზ შავიძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი