ჯანდაცვის სამინისტრომ, 2023 წლიდან ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების 7 ათასზე მეტ მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი დააწესა. ეს იმას ნიშნავს, რომ მედიკამენტების იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებულია, მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს.

2024 წლიდან ასაკით პენსიონერები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 70-მდე დასახელების მედიკამენტს აფთიაქებში უფასოდ იღებენ. ეს წამლები 2019 წლიდან ერთი ლარი ღირდა.

ამ რეფორმების მიუხედავად, წამლებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში კვლავ პრობლემაა და მოქალაქეებს ხშირად უწევთ არჩევა, რა მოიკლონ – წამალი თუ საჭმელი.

ხარაგაულში მცხოვრებ პენსიონერ თამარ გაჩეჩილაძეს 200 ლარი ყოველ თვეში მედიკამენტების შესაძენად სჭირდება. მისი პენსია 415 ლარია. ქალბატონმა თამარმა დარჩენილი 215 ლარი თვიდან თვემდე საჭმელსა და გადასახადებში უნდა გაანაწილოს. მისთვის განსაკუთრებით რთული ზამთრის პერიოდია, როცა ბინაში ბუნებრივ აირზე გათბობას რთავს.

„ძნელია, პენსიით ყველა საჭირო მედიკამენტის შეძენა, მაგრამ როგორღაც ვახერხებ, – ამბობს თამარ გაჩეჩილაძე, – თვალის წვეთებს ვყიდულობ, რომელიც 47 ლარი ღირს. თვეში ორი ცალი მჭირდება. დანარჩენ წამლებში ას ლარს ვხარჯავ. დღევანდელი საბაზრო ფასები მოგეხსენებათ, ყველაფერი ძვირია. წამლების შეძენის შემდეგ ვანაწილებ თანხას საჭმელსა და გადასახადებზე.

მხოლოდ ორ წამალს – ლორისტასა და კარდიომაგნილს აფთიაქში უფასოდ მაძლევენ. გასული წლის შემოდგომაზე კოვიდი გადავიტანე. ძალიან მძიმედ ვიყავი და ბევრი წამალი დამჭირდა. ადგილობრივი ხელისუფლება დამეხმარა, თანხა გამომიყო და წამლები იმით ვიყიდე.

ბევრს საუბრობენ, რომ მედიკამენტების პროგრამა კარგად ხორციელდება. თუმცა, წამლები ყველასთვის ხელმისაწვდომი მაინც არ არის. პენსია თუ არ გაიზარდა, ძალიან გაგვიჭირდება. აუცილებელია მეტი ზრუნვა იმ ადამიანებზე, ვისაც მედიკამენტები რეგულარურად გვჭირდება.

მარტოხელა პენსიონერი ვარ. სოციალური დახმარების პროგრამაში ვერ მოვხვდი. რამდენჯერმე სოცაგენტები მოვიდნენ, მაგრამ დახმარება არ დამენიშნა. ფულადი სოციალური შემწეობა რომ მქონდეს, კარგი იქნებოდა, – ერთ თავ წამალს მაინც ვიყიდდი. საცხოვრებელი სახლის ფართია დიდიო. ფართს რაში ვიყენებ?! ეს მიდგომები აუცილებლად უნდა შეიცვალოს“.

მირანდა შავიძეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილისთვის მედიკამენტები მუდმივად სჭირდება. ერთ წამალში წლების წინ 70 ლარს იხდიდა, ახლა აფთიაქიდან უფასოდ აძლევენ.  წლის განმავლობაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია 0-18 წლამდე ასაკის შშმ პირთა მედიკამენტოზური და სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის თანადაფინანსების პროგრამიდან 1400 ლარით ეხმარება.

„ხანდახან 1400 ლარის წამლები ჩემს შვილს ერთ თვეში სჭირდება, – ამბობს მირანდა, – ძალიან გვიჭირს პრობლემებთან გამკლავება. შშმ პირებისთვის ყველა მედიკამენტი და სამედიცინო მომსახურება უფასო უნდა იყოს“.

ოჯახის ექიმი ნანი არევაძე, მედიკამენტების პროგრამის შესახებ განმარტავს: უფასოდ გასაცემი წამლების სია დღეის მდგომარეობით ქრონიკული დაავადების შვიდ ჯგუფს მოიცავს:

გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები; ფილტვის ქრონიკული დაავადებები;დიაბეტი (ტიპი II); ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები; ეპილეფსია; პარკირსონის დაავადება; გლაუკომა.

„გულის ქრონიკული უკმარისობისა და ჰიპერტონული დაავადებების დროს პაციენტებისგან დიდი მოთხოვნაა ლორისტასა და ლორისტა H-ზე, – ამბობს ნანი ექიმი, – წნევის დამწევებთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს ქოლესტერინისა და პროთრომბინის მარეგულირებლებს ვუნიშნავთ.

ბრონქიალური ასთმის სამკურნალოდ პროგრამით გათვალისწინებულია ძვირადღირებული აეროზოლი სერედიტი. ასთმიან პაციენტს ასევე უფასოდ ეძლევა სალბუტამოლის აეროზოლი და პრედნილოზლონის აბები.

პაციენტს ამ უფასო წამლებს ყოველ სამ თვეში ერთხელ ვუწერთ. ექიმისგან გამოწერის შემდეგ აფთიაქიდან წამლები ათი დღის განმავლობაში უნდა წაიღონ.

ჩემი პაციენტების 80% პენსიონერია. ვინც პენსიონერი არ არის, ამ მედიკამენტების ღირებულებას სრულად იხდის. პაციენტს პირველ რიგში ამას ვეკითხები – „პენსიონერი ხომ ხართ“? გვინდა, რომ ყველას დავეხმაროთ. საჯარო სამსახურში დასაქმებულები დაზღვეულები არიან და ისინი აფთიაქში მედიკამენტების ღირებულების 30%-ს იხდიან. დანარჩენს დაზღვევა ანაზღაურებს“.

ჩვენს შეკითხვაზე, რამდენად საკმარისია უფასო წამლების ჩამონათვალი და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შეღავათი პენსიონერების გარდა, სხვა ასაკის პაციენტებზეც ვრცელდებოდეს, ექიმი ნანი არევაძე გვპასუხობს:

„პრაქტიკამ გვიჩვენა და პაციენტებიც ითხოვენ, რომ კარგი იქნება, თუ ამ წამლების ჩამონათვალს საჭმლის მომნელებელი სისტემის სამკურნალო და დამამშვიდებელი წამლები დაემატება.

პაციენტის ჯანმრთელობა მხოლოდ მედიკამენტის მიღებაზე არ არის დამოკიდებული. წამალთან ერთად აუცილებელია სწორი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი“.

მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვარის დაწესება ანუ რეფერირება – რატომ არის მნიშვნელოვანი და კიდევ რა რეფორმები უნდა გატარდეს სახელმწიფოსგან იმისთვის, რომ მედიკამენტები მოსახლეობის ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, – ამ შეკითხვით მედიცინის აკადემიურ დოქტორს, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორს, თენგიზ ვერულავამივმართეთ.

„მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნა უნდა გაგრძელდეს, – ამბობს თენგიზ ვერულავა, – ეს თანდათანობითი პროცესია და მთავრობის გეგმაც ასეთი იყო. თუმცა, ბოლო თვეებში ეს პროცესი შეფერხდა. გარდა ამისა, მედიკამენტების ფასებზე მარტო ზედა ზღვრის დაწესება არასაკმარისია.

სახელმწიფომ უნდა დანერგოს რეგულაციის სხვა მექანიზმები, რომლებიც მედიკამენტებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას უფრო გააძლიერებს. ერთ-ერთი მექანიზმია სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული მედიკამენტების რაოდენობის ზრდა.

თურქეთში მოსახლეობისათვის საჭირო მედიკამენტების 70-75% არის სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული. ჩვენთანაც დაიწყო ეს პროცესი, მაგრამ შემოიფარგლა მხოლოდ რამდენიმე დაავადებით და მხოლოდ პენსიონერებსა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოქალაქეებზე ვრცელდება. სამწუხაროდ, არც ბენეფიციარებისა და არც წამლების ჩამონათვალი არ იზრდება.

ამის გარდა, კიდევ არის სხვა მექანიზმი, განსაკუთრებით ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, როგორიცაა ონკოლოგიური დაავადების საწინააღმდეგო მედიკამენტები. ასეთ წამლებს სახელმწიფო პირდაპირ წამლის მწარმოებლებისგან შეისყიდის.

ბევრ ქვეყანაშია ამის პრაქტიკა, – ყოველგვარი შუამავლების გარეშე, სახელმწიფო დებს კონტრაქტს ფარმაცევტულ კომპანიასთან. ეს პირდაპირი შესყიდვა ფარმაცევტული კომპანიისთვისაც უფრო მისაღებია იმიტომ, რომ ერთბაშად ხდება დიდი რაოდენობის მედიკამენტების შეძენა და ეს თავისთავად ფასს ამცირებს. ასე ხდება ევროპის ბევრ ქვეყანასა და ჩვენს მეზობელ თურქეთში.

სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჯანდაცვის სამინისტროსგან ამ მიმართულებით რეალურ ქმედებებს ვეღარ ვხედავ და ეს ძალიან დამაფიქრებელია“.

n გეგმავს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების გადახედვას, მედიკამენტების სიის გაფართოებას და კონკრეტულად როდის, – ამ შეკითხვაზე ჯანდაცვის სამინისტროდან გვიპასუხეს, რომ „მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა კვლავ რჩება სახელმწიფოს პრიორიტეტად და ამ მიმართულებით გაგრძელდება მოქალაქეზე ორიენტირებული ცვლილებების განხორციელება“. თუმცა, როდის გაგრძელდება, ჯანდაცვის სამინისტრო კონკრეტულ დროს არ ასახელებს.

მედიკამენტების ხელმისაწვდომობა რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საჩქაროა, ამას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაცია მოწმობს.

ხარაგაულში წლიდან წლამდე იზრდება მედიკამენტების შესაძენად სოციალური პროგრამით განსაზღვრული თანხის ოდენობა.

2023 წელს ასი მოქალაქის მედიკამენტების შესაძენად 48 400 ლარი დაიხარჯა, 19 შშმ ბავშვის მედიკამენტებისთვის – 8 100 ლარი; 2024 წლის ხუთ თვეში 48 მოქალაქისთვის 21 ათასი ლარი დაიხარჯა, 8 შშმ ბავშვის მედიკამენტებისთვის – 2 800 ლარი.

ნინო კაპანაძე