ლირიული ქალაქური სიმღერებით წარდგა დღეს, 25 ივლისს, ხარაგაულის კინოთეატრში მაყურებლის წინაშე ვოკალური ანსამბლი „ხარაგაული“ .

კონცერტზე ქართველი კომპოზიტორების ცნობილი სიმღერები შესრულდა. ღონისძიების წამყვანმა ირინე ჩხეიძემ ხელოვნებისადმი ხარაგაულელთა განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ხარაგაულში, რკინიგზელთა კლუბში, თეატრალური დასი შეიქმნა და იმავე პერიოდში გაჩნდა მომღერალთა პირველი ჯგუფები ბანტიანი გიტარით.

გივი ბუაჩიძე, თამაზ კიკნაძე, პავლე სახვაძე, ელგუჯა დეკანოსიძე, ჯონდო გიორგაძე, ლევან ლურსმანაშვილი, ვანიკო მაჭავარიანი, ჯემალ ჩხეიძე – ამ ადამიანებმა დაიწყეს ქალაქური სიმღერების შესრულება.

ხარაგაულს ხშირად საქვეყნოდ ცნობილი კომპოზიტორები სტუმრობდნენ. ისინი ლოტბარ ბიჭიკო (ივანე) აბაშიძესთან მეგობრობდნენ. რეზო ლაღიძემ „ჩემო კარგო ქვეყანავ“ სწორედ ხარაგაულში დაწერა.

გარდა ამისა, ხარაგაულის ანსამბლისთვის სპეციალურად წერდნენ სიმღერებს კომპოზიტორები – შოთა მილორავა, მერი დავითაშვილი, მიხეილ ჩირინაშვილი, რუსუდან სებისკვერაძე.

ჯანსუღ კახიძემ არაერთი იმერული ხალხური სიმღერა სწორედ ხარაგაულელებისგან ჩაიწერა.

ხარაგაულში ქალაქური სიმღერების ტრადიცია თამაზ კიკნაძემ გააგრძელა. 1981 წელს მან ჩამოაყალიბა ანსამბლი „შემოძახილი“, რომლის რეპერტუარში მრავლად იყო ქალაქური სიმღერები. 2011-2018 წლებში ლირიული სიმღერების ანსამბლის ხელმძღვანელი ხარაგაულში გიორგი ჩოგოვაძე გახლდათ. 2019 წლიდან კი ანსამბლ „ხარაგაულს“ მადონა გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობს.

მადონა გაფრინდაშვილმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულია. 1984 წლიდან ის ზესტაფონის #1 სამუსიკო სკოლის პედაგოგია, 1989 წლიდან დღემდე – ზესტაფონის კულტურის ცენტრში ანსამბლ „ბერმუხას“ კონცერტმეისტერი.

ქალბატონი მადონა არის სიმღერის „თუთის ხეზე შაშვი დაჯდა“ ავტორი. ეს სიმღერა 2020 წელს საქართველოში ათ ყველაზე პოპულარულ ქალაქურ სიმღერას შორის დასახელდა.

დღეისათვის ანსამბლ „ხარაგაულის“ რეპერტუარში 22 სიმღერაა. ანსამბლის წევრები ხელმძღვანელთან ერთად ბევრს შრომობენ, რადგან შრომის გარეშე წარმატება წარმოუდგენელია. ანსამბლი ხარაგაულისა და იმერეთის მასშტაბით გამართული ყველა ღონისძიების მონაწილეა. 2022 წელს ანსამბლმა „ვარინკობაზე“ პირველი ადგილი დაიკავა.

„ხარაგაულის“ წევრები – ვასილ კიკნაძე, ზაზა ლურსმანაშვილი, დავით კვირიკაშვილი, გიორგი მაქაძე, ირაკლი ცქიტიშვილი, გიორგი მეიფარიანი, ნიკოლოზ მაჭავარიანი – წლებია ხარაგაულის სცენაზე ქალაქურ სიმღერებთან ერთად ხალხურ სიმღერებს მღერიან, თამაშობენ ხარაგაულის თეატრის სპექტაკლებში, გალობენ ტაძარში, არიან თავიანთი საქმის პროფესიონალები, პასუხისმგებლიანი და გემოვნებიანი შემსრულებლები. მათ გარეშე ხარაგაულის კულტურული ცხოვრება წარმოუდგენელია, თავისი შემოქმედებით ისინი საუკეთესო მაგალითს აძლევენ მომავალ თაობას.

კონცერტის ბოლოს რუსუდან სებისკვერაძის სიმღერა „უფლის ნაკრძალს, ხარაგაულს“ შესრულდა.

ანსამბლის ხელმძღვანელმა მადონა გაფრინდაშვილმა მადლობა გადაუხადა მაყურებელს გულწრფელი ემოციის, ტაშისა და სიყვარულისთვის.

„თუ დღევანდელი კონცერტიდან დადებითი ემოცია და სიყვარული მიგყვებათ, თავს ბედნიერად ჩავთვლით“, – აღნიშნა ქალბატონმა მადონამ.

ხარაგაულის სახალხო თეატრის დასის წევრმა, მსახიობმა და პოეტმა ნიკო წიკლაურმა ანსამბლს ექსპრომტად ლექსი მიუძღვნა:

„თქვენი ჰანგები რომ მესმის,
სიამოვნებით ვთვრებია,
სულ ასე მღერა-ცეკვითა
აბრწყინეთ ყველაფერია.

აბა, თქვენ იცით, ბიჭებო,
მძლავრად გაშალეთ მხრებია,
კოსმოსიდანაც გვესმინოს
ხარაგაულის ხმებია.

წარმატებებს ვუსურვებთ ანსამბლ „ხარაგაულს“.

 

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:
მოსწავლეთა სახლში „ჰარმონიას“ წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა