ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროში ლირიული სიმღერის ტრადიციული ფესტივალი „სულიკო 2022“ გაიმართა.
ფესტივალში იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტში მოქმედი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობენ. წლევანდელ ფესტივალში ხარაგაულიდან ორი ანსამბლი – „ოდილა“ და „ხარაგაულის ხმები“ ჩაერთო.
ანსამბლმა „ხარაგაულის ხმები“ პირველი ადგილი და ფულადი ჯილდო დაიმსახურა. მსმენელისა და ჟიურის წინაშე ეს ანსამბლი სიმღერებით – „ჩემი გული შენია“ და „იმერეთი დამივლია“ წარსდგა. „ხარაგაულის ხმები“ გახდა ასევე ზესტაფონთან დამეგობრებული ლიეტუვას ქალაქ ტაურაგეს დელეგაციის რჩეული. მათ ანსამბლი ლიეტუვაში მიიწვიეს.
„ოდილამ“ კი ვარინკა წერეთლის სახელობის პრიზი დაიმსახურა.
ამ ტრადიციული ფესტივალის ჟიურის წევრი თითქმის ყოველწლიურად კომპოზიტორი რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძეა. წელს მასთან ერთად ჟიურის წევრები იყვნენ კომპოზიტორი ნუცა ჯანელიძე და მომღერალი ნუგზარ კვაშალი.
„არაჩვეულებრივი ანსამბლია „ხარაგაულის ხმები“, – ამბობს რუსუდან სებისკვერაძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში, – მართლა საუკეთესოდ იმღერეს. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი „ვარინკობა“, სხვა დროს ჩატარებული ამ ფესტივალისგან, გამოირჩეოდა – იყო დახვეწილი და მაღალ დონეზე მომზადებული. ცხრაწყაროში ამფითეატრიც კარგად მოუწყვიათ.
„ვარინკობა“ კარგი ღონისძიებაა – რაც გვეხერხება, იმით უნდა წარმოვჩინდეთ. იმერლების ნამღერი განსაკუთრებით გესიყვარულება, გეგემრიელება. მინდა, რომ „ხარაგაულის ხმებმა“ მეტად გაითქვას სახელი – მათ უნდა მოიარონ ქვეყანა და კონცერტები გამართონ. ამას ნამდვილად იმსახურებენ.
რატომ არ მოვიდნენ ჩემთან?! ალბათ, მოერიდათ. წარმატებებს ვუსურვებ ხარაგაულს“.
„ნამდვილად მოგვერიდა ქალბატონ მაცაცო სებისკვერაძესთან მისვლა, – ამბობს „ხარაგაულის ხმების“ წევრი გიორგი მაქაძე, – ფესტივალში გამარჯვებით ისე გავიხარეთ, რომ დავიბენით. ძლიერი კონკურენტები გვყავდა და მათ შორის გამარჯვება, ნამდვილად საამაყოა“.
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, თავიდან ამ ფესტივალზე მხოლოდ „ხარაგაულის ხმები“ მიიწვიეს.
„ფესტივალის ორგანიზატორებს დავუკავშირდით და „ოდილას“ მონაწილეობა მოვითხოვეთ, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – „ოდილა“ ამ ფესტივალის 2008 წლის გრან-პრის მფლობელია. ამ ანსამბლმა ფესტივალი ძალიან გაალამაზა და ვარინკა წერეთლის პრიზიც დაიმსახურა. მადლობა „ოდილას“ წევრებს – ჯემალ ბანცაძეს, დუტუ გიორგაძეს, ომარ ჩაჩანიძეს, სოსო ავალიშვილსა და რევაზ შარიქაძეს.
„ხარაგაულის ხმების“ გამოსვლისას ჟიურის წევრების რეაქციებს ვაკვირდებოდი და ვიფიქრე, რომ საპრიზო ადგილზე გავიდოდით. ამ ფესტივალში 44 კონკურსანტი მონაწილეობდა.
მინდა მადლობა ვუთხრა ანსამბლის ხელმძღვანელს, ქალბატონ მადონა გაფრინდაშვილს და ანსამბლის წევრებს – ნიკო მაჭავარიანს, ზაზა ლურსმანაშვილს, ვასილ კიკნაძეს, გიორგი მაქაძეს, ირაკლი ციცქიშვილს, დავით კვირიკაშვილს. ასეთი შედეგის მისაღწევად დიდი შრომაა საჭირო“.
ოთხი წელია, ვოკალურ ანსამბლს „ხარაგაულის ხმები“ მადონა გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობს. ის ამბობს, რომ ანსამბლის წევრებთან მუშაობა ძალიან კომფორტული და სასიამოვნოა.
„ფესტივალის შედეგების გამოცხადებისას ძალიან ვღელავდი. გარდა იმისა, რომ ავტორიტეტული ჟიური გვაფასებდა, ეს „ხარაგაულის ხმების“ პირველი სერიოზული გამოსვლა იყო პანდემიის შემდეგ. პირველი ადგილი რომ მოგვანიჭეს, სიხარულისგან კინაღამ გული გამიჩერდა. ეს ჩვენი უდიდესი წარმატებაა.
კომპოზიტორმა რუსუდან სებისკვერაძემ ხარაგაულზე შექმნილი თავისი სიმღერის შესახებ მკითხა. ჩვენ ამ სიმღერაზე მუშაობა პანდემიამდე დავიწყეთ. ხმები უკვე „დავალაგეთ“. ქალბატონმა მაცაცომ უფლება მომცა, რომ სიმღერის დრამატურგიაში ჩემებური ელემენტები შევიტანო. 2022 წლის ბოლოსთვის სიმღერა „ხარაგაულს“ უკვე მზად გვექნება.
ფესტივალის – „სულიკო 2022“
„ვარინკობაზე“ ხარაგაულელებმა რამდენჯერმე გრან-პრი დაიმსახურეს – 1988 წელს – ანსამბლმა „შემოძახილი,“ 2008 წელს – ანსამბლმა „ოდილა,“ 2016 წელს – სალომე კვირიკაშვილმა, 2017 წელს – თიკო ჯანიაშვილმა, 2018 წელს ანსამბლი „კახორი“ ამ ფესტივალის „საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებლად“ დასახელდა, 2019 წელს – მეორე ადგილზე გავიდა ნინო რამიშვილი.
„ვარინკობა“ 1981 წელს დააფუძნა მამუკა ასლანიკაშვილმა, რომელიც იმ დროს ზესტაფონის რაიონის ხელმძღვანელი იყო. ეს ფესტივალი ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის სახელსაც ატარებს. სწორედ მან შექმნა აკაკი წერეთლის ლექსზე „სულიკო“ ამავე სახელწოდების სიმღერა.
ფოტოზე: „ოდილა“ და „ხარაგაულის ხმები“ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მეუფე მელქისედეკთან (ხაჩიძე), მოძღვარ მამა პავლესთან (ცერცვაძე) და ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორ მამუკა ჭიპაშვილთან ერთად
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი