საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ უმუშევრობამ და შიმშილის ზღვარზე ყოფნამ სხვა ქვეყანაში წასვლა, ემიგრანტობა მაიძულა. ვყოყმანობდი, არ მინდოდა საკუთარი სამშობლოს, იმ მიწა-წყლის მიტოვება, სადაც გავიზარდე, მთელი ბავშვობა გავატარე. სწორედ იქ იყო ჩემი წინაპრებისა და ოჯახის ფესვები. ყველა სხვა ქვეყანა ჩემთვის უცხოა, მაგრამ სხვა გზა აღარ
მქონდა, ცოლ-შვილი მყავდა სარჩენი.
წასვლამდე სად აღარ ვმუშაობდი, მაგრამ, ბევრი მცდელობის მიუხედავად, რეალობა არ იცვლებოდა და მცირე ხელფასით ოჯახის რჩენა არ გამომდიოდა. ვერ აღვწერ, როგორი მძიმე განცდა დამეუფლა, როდესაც უცხო ქვეყანაში მივდიოდი და ცოლს, მცირეწლოვან შვილთან ერთად, მარტო ვტოვებდი.
თითქოს ამ ყველაფერს ოჯახის კეთილდღეობისთვის ვაკეთებდი, მაგრამ გული უკან, ჩემი კუთხისკენ მეწეოდა. ამ საკითხის სიმძიმეს ყველაზე კარგად გაიგებს და მთლიან სურათს დაინახავს ადამიანი, რომელსაც ეს უკვე გამოუცდია, თვითონაც უგემია საკუთარი ფესვებიდან ამოგლეჯილი ადამიანის უცხო ქუჩებში მარტოსულად ყოფნის სევდა.
იყო ბევრი ცრემლის ღვრა. არც მე და არც ჩემს ოჯახს არ გვინდოდა ამ რეალობის მიღება. ყველანაირ მძიმე სამუშაოზე ვიყავი თანახმა, ოღონდ ჩემი ოჯახი, სამშობლო, – რომლის თითოეული ხე, ბუჩქი, ფოთოლი, ქვა, წყარო მიყვარს, – არ მიმეტოვებინა. დამხმარე ხელი კი არსად ჩანდა. საქართველოში დავტოვე ჩემი სული, გული და მთლიანად დაცარიელებული ჩამოვედი უცხო ქვეყანაში. ბევრს ვმუშაობდი, თავს არ ვზოგავდი, რადგან ჩემს სასიცოცხლო მიზანს ფესვებთან მალე დაბრუნება წარმოადგენდა. იმ უცხო ადგილას კი არ ვცხოვრობდი, არამედ ვარსებობდი.
ოთხი წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნება გადავწყვიტე, მეტი აღარ შემეძლო. გონებაში ილია ჭავჭავაძის წუხილი გამახსენდა და სულ სხვანაირად შევხედე მის ნათქვამს: „ოო, ძვირფასო ოთხო წელიწადო! ნეტავი იმას, ვინც შენ რიგიანად მოგიხმარა.“
არ ვიცი, როგორ გამოვიყენე ეს ოთხი წელიწადი, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ოთხი საუკუნე გამოვტოვე. წასვლაზე ბევრად ემოციური დაბრუნება აღმოჩნდა. ამ ოთხმა წელიწადმა ჩემში ბევრი რამ შეცვალა.
ახლა უფრო მეტად ვაფასებ ფესვებს, წარმომავლობას, ჩემი სამშობლოს ბუნებას, მიწას, ჰაერს. ყველაფერი უსულო ჩემთვის გასულიერდა, ახალი ფერებით გამდიდრდა. სიხარულით, ბედნიერებით, მონატრებით გამოწვეული ემოციების ზღვამ გადამიარა.
დავუბრუნდი ოჯახს, მშობლიურ კერას, ჩემს ფესვებს. უკვე თამამად ვიტყვი, რომ ბოლომდე გავიაზრე, შევისისხლხორცე ფესვების, ოჯახის სიწმინდე, მარადიული, ყველაფერზე აღმატებული კავშირი, რომელსაც ვერასდროს ვერაფერი
ჩაანაცვლებს. მატერიალური კეთილდღეობა და დიდება დროებითია, გულმა ყველაზე კარგად იცის, სად ელოდებიან, სად ცოცხლობს. აქ მართლაც განსხვავებულია ყველაფერი, ფილტვებიც ფართოდ სუნთქავს, ძარღვებშიც კი სხვანაირად ჩქეფს სისხლი…
მაგდა მიქაბერიძე
შექმნილია ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის მიერ ორგანიზებული კონკურსის „ოდეონი ახალგაზრდებისთვის“ ფარგლებში.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი