ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლამ სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. მოსწავლეებმა კონცერტზე კლასიკურ ნაწარმოებებთან ერთად სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.
რა სიახლეები დანერგეს გასულ სასწავლო წელს, რა გამოწვევების წინაშეა სამუსიკო სკოლა, რამდენად საკმარისია ადგილობრივი ბუჯეტიდან მიღებული სუბსიდია და რას გეგმავენ მომავალში, – ამ შეკითხვებით ხარაგაულის სამუსიკო სკოლის დირექტორს ლალი ალექსიძეს მივმართეთ.
„2024 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით 221 600 ლარი განგვისაზღვრეს, – ამბობს ლალი ალექსიძე, – სკოლას აქვს საკუთარი შემოსავალი იმ მოსწავლეებისგან, რომლებიც ფორტეპიანოსა და ვიოლინოს განყოფილებებზე სწავლობენ (სულ 71 მოსწავლე). წლიური გადასახადი 90 ლარია. გადასახადისგან გათავისუფლებულია სოციალურად დაუცველი 22 მოსწავლე.
სუბსიდია და საკუთარი შემოსავალი საკმარისია იმისთვის, რომ წლის განმავლობაში, დასაქმებულთა ხელფასებთან ერთად, კომუნალური ხარჯები დავფაროთ და საქართველოს მასშტაბით გამოცხადებულ ეროვნულ კონკურსებში ჩავერთოთ, რადგან წინასწარ ვიცით, დაახლოებით რამდენი კონკურსში ჩატარდება.
უცხოეთში კონკურსებში მონაწილეობას საკმაოდ სოლიდური თანხა სჭირდება და ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ამიტომ, 2023 წლის სექტემბერში, ბაქოში, საერთაშორისო კონკურსზე „მომავლის ვარსკვლავები“ რომ მიგვიწვიეს, ბიუჯეტიდან 3 300 ლარი მოვითხოვეთ. ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილეს.
„მომავლის ვარსკვლავებში“ მოსწავლე ნიცა ზუმბაძე ვოკალის კონკურსში ჩაერთო. ეს ძალიან სერიოზული კონკურსია. მოსწავლეებისთვის ჟიურის წევრები მასტერკლასებს აწყობენ. ნიცამ ამ კონკურსზე მეორე ადგილი დაიმსახურა.
წელს ჩატარდა ბახის სახელობის ეროვნული კონკურსი წყალტუბოში, სადაც ნიცა ზუმბაძემ პირველი ადგილი აიღო. ნიცამ მეორე ადგილი და ლაურეატის წოდება დაიმსახურა ზესტაფონში ქართული კლასიკური მუსიკის კონცერტზე.
ქუთაისში გამართულ ახალგაზრდული გუნდების ფესტივალზე სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდი „ედელვაისი“ (პედაგოგი დარეჯან კაციტაძე) მონაწილეობდა. გუნდმა 100-დან 76 ქულა დაიმსახურა. ამ კონკურსის გალა-კონცერტი და დაჯილდოება თბილისში, კონსერვატორიაში იგეგმება. ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით არ ვიცით.
აპრილში ქუთაისში თეორიულ კონფერენციაში ვმონაწილეობდით. ამ კონფერენციაზე სამუსიკო სკოლის მოსწავლე ლიზი კურტანიძემ ივანე (ბიჭიკო) აბაშიძის მიერ მოძიებული სიმღერის – „გოგოს ვეპარებოდი“ ისტორია წარადგინა.
ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ანსამბლი „ოდილა“, რომელმაც ეს სიმღერა შეასრულა. წარმოდგენა ლიზი კურტანიძემ და ნიკოლოზ მანჯავიძემ ცეკვით გაალამაზეს. ძალიან ეფექტური ნომერი გამოვიდა და კონკურსის მთავარი პრიზი დავიმსახურეთ. ლიზი კურტანიძემ და მისმა პედაგოგმა დალი მერაბიშვილმა ფულადი ჯილდოებიც მიიღეს.
ამავე კონკურსზე ეროვნულმა მუზეუმმა პროექტის საინტერესოდ წარმოდგენისთვის ლაურეატის წოდება და დიპლომი გადმოგვცა.
ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში გიტარისა და საესტრადო სიმღერის წრეები ფუნქციონირებს. მოსწავლეებს შეუძლიათ დაეუფლონ დრამზე დაკვრასაც. ეს წრეები მოსწავლეებისთვის უფასოა.
ექვსი წლის წინ სამუსიკო სკოლაში ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „გრავე“ დაფუძნდა. ანსამბლი წლის განმავლობაში რამდენიმე კონცერტს ატარებს.
სამუსიკო სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოწესრიგებულია. გვსურდა, რომ შენობა გაზიფიცირებულიყო. თუმცა, გადავწყვიტეთ, რომ საკლასო ოთახები დენის ღუმელებით გავათბოთ, რადგან თუ ელექტროენერგია გაითიშა, მაშინ ვერც ბუნებრივი აირის სისტემა იმუშავებს.
შენობის სახურავი ხშირად ზიანდება და საკლასო ოთახებსა და გარე ფასადს წყალი აფუჭებს. ამ სასწავლო წელს ეს პრობლემა მოვაგვარეთ, თუმცა, სახურავი მთლიანად გამოსაცვლელია. ჯერჯერობით, ამ პრობლემის გადასაჭრელად, ხარჯთაღრიცხვა არ გაგვიკეთებია.
ზოგადად, სამუსიკო სკოლების პრობლემაა ის, რომ პედაგოგთა თაობების ცვლა არ ხდება.
მუსიკის მასწავლებლად რომ მივიღოთ, აუცილებელია მას სპეციალური სასწავლებელი ჰქონდეს დამთავრებული. ჩემი კოლეგებისგანაც მომისმენია, რომ თითქმის ყველგან 50 წელზე მეტი ასაკის მასწავლებლები ჰყავთ.
სასწავლო წელი დამთავრდა, მაგრამ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს მინდა ვუთხრა, ნუ შეწყვეტენ მეცადინეობას, რადგან კლასიკური მუსიკის შესწავლა სისტემატურ მუშაობას მოითხოვს. გვყავს ნიჭიერი და მონდომებული მოსწავლეები. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა. შედეგი მოსწავლის, მშობლისა და პედაგოგის ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა.
5 ოქტომბერს კონსერვატორიისა და კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კლასიკური მუსიკის კონკურსზე მიგვიწვიეს. დირიჟორმა დავით მუქერიამ შემოგვთავაზა, რომ ოქტომბრის ბოლოს ბათუმში, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ორკესტრთან ერთად დაუკრან.
დეკემბერში იგეგმება კონკურსი „არტ-ლიგა“, სადაც კონკურსანტმა პოლიფონია, სონატა, პიესა უნდა შეასრულოს. ამიტომ ზაფხულში მეცადინეობაა საჭირო, ასეთი მაღალი დონის კონკურსებზე ღირსეულად რომ წარვსდგეთ. პედაგოგები მზად არიან, რომ არდადეგებზე მოსწავლეები მათზე მორგებული გრაფიკით ამეცადინონ“.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე – სამუსიკო სკოლის კონცერტზე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი