მიუსაფარი ცხოველების პრობლემა, ათეული წლებია, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ვერ მოაგვარა. 2023 წელს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, უსახლკარო ცხოველების პრობლემა გამოკითხულთა 68%-ს აწუხებს.

„კვირა არ გავა, ხარაგაულის ქუჩებში პატრონისგან მიტოვებული ლეკვებიანი ძაღლი არ დამხვდეს, – ამბობს ცხოველთა უფლებადამცველი, პროფესიით ექთანი ინგა ზუმბაძე, – ვერ წარმომიდგენია, შენი ძაღლი როგორ უნდა მოიშორო სახლიდან და ქუჩაში დატოვო?!

როგორც ადამიანს უყვარს პატივისცემა, ისე უყვარს მასაც. ძაღლი ვერ მეტყველებს, თორემ ჩვენსავით განიცდის – შია, წყურია, ენატრება, ეშინია. პურის ნატეხს თუ მიაწოდებ, მთელი ცხოვრება ემახსოვრება და შენი მადლიერი იქნება“.

მესამე წელია, რაც ხარაგაულში მცხოვრები ინგა ზუმბაძე მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნავს. ხარაგაულის გარდა, სოფლებში, სადაც კი პატრონისგან მიტოვებულ ძაღლს დაინახავს, საკუთარ ლუკმას უყოფს. გარდა კვებისა, საჭიროების შემთხვევაში, ძაღლისთვის ჭრილობაც დაუმუშავებია და კბილიც ამოუღია, კანქვეშა ტკიპით დაავადებული ძაღლებისთვის მედიკამენტები უყიდია.

„ქუჩაში მყოფ ცუგებს რა სახის დახმარებაც სჭირდებათ, ჩემი ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით, ყველაფერს ვუკეთებ, – ამბობს ინგა, – ხარაგაულში მიუსაფარი ძაღლები, ძირითადად, მაინც ცენტრალურ ქუჩაზე იყრიან თავს.

ხშირად დამინახავს, გამვლელები ჯოხითა და ქვებით შეიარაღებულები როგორ უსაფრდებიან. ეს დაუშვებელია. ძაღლი გრძნობს, რომ მის მიმართ მტრულად ხარ განწყობილი და ადექვატურ, აგრესიულ რეაქციას გამოხატავს“.

ინგა ზუმბაძე ფიქრობს, რომ კანონი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“, რომლის მიღებასაც პარლამენტი უახლოეს ხანში გეგმავს, მუნიციპალიტეტებში ეფექტურად ვერ იმუშავებს.

„ცხოველის მიტოვებაზე ფულადი ჯარიმები დაწესდება, – ამბობს ინგა ზუმბაძე, – თუმცა, ვფიქრობ, ეს შედეგიანი იქნება იქ, სადაც ქუჩებში კამერებია, ან სპეციალური ჯგუფი ივლის ასეთი ფაქტების გამოსავლენად. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მდგომარეობით ცხოველებიც იტანჯებიან და ადამიანებიც“.

ოცი წელია, ხარაგაულში მცხოვრები ლამარა მესხი მიუსაფარი ძაღლების კვებაზე ზრუნავს. ის ამბობს, რომ ყოველდღიურად, დაახლოებით ოც ძაღლს დღეში სამჯერ აჭმევს. ხელფასის ნახევარზე მეტს – 300 ლარს – ძაღლებისთვის საჭმელის შესაძენად ხარჯავს. მისი საცხოვრებელი კორპუსის წინ 15 ძაღლია, სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ქუჩაში მობინადრე კიდევ რამდენიმე ძაღლის პატრონობა ივალდებულა.

„ამ ოცი წლის განმავლობაში გასული წლის ნოემბერში ერთადერთხელ შემიძინეს ძაღლებისთვის საკვები, – ამბობს ლამარა მესხი, – „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ დირექტორმა მომიტანა. ძაღლებისთვის სახლი დაუმზადებიათ და ჯაფაროულისკენ მიმავალ გზაზე დაუდგამთ. ეს ღონისძიებები კარგია, მაგრამ არასაკმარისი.

ძალიან ცუდია, რომ მიუსაფარი ცხოველების კასტრაცია/სტერილიზაციისთვის 2024 წლისთვის ჯერ ტენდერი გამოცხადებული არ არის. მეტი ყურადღება და მობილიზება გვჭირდება. მადლობა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას, ამ პრობლემით რომ ინტერესდებით. ამ პრობლემის ხშირი გაშუქება მის მოგვარებას ხელს შეუწყობს“.

რაში ხედავენ გამოსავალს, ჩვენს ამ შეკითხვაზე ინგა ზუმბაძე და ლამარა მესხი გვპასუხობენ, რომ, პირველ რიგში, აუცილებელია სოფლებში ძაღლების აღრიცხვა. ამის შემდეგ ორგანიზებულად, პატრონის სურვილის შემთხვევაში, ძაღლებს უნდა ჩაუტარდეთ სტერილიზაცია/კასტრაცია და თავის საცხოვრებელ ადგილს დაუბრუნდნენ.

„კარგი იქნება, ხარაგაულში რომ მოეწყოს კასტრაცია/სტერილიზაციის კაბინეტი, გადამზადდეს ვეტერინარი, – ამბობს ლამარა მესხი, – ამით ადგილზე იქნება ეს პროცედურები ხელმისაწვდომი.

ხელისუფლება მოსახლეობას ამ პრობლემის მოგვარებაში უნდა შეეხიდოს. ამ კუთხით ფინანსების დახარჯვა უფრო ეფექტური და შედეგიანი იქნება. რა ქნას ადამიანმა, ცხოველის კასტრაცია/სტერილიზაციაში 100 ლარი როგორ გადაიხადოს“?!

მიუსაფარი ცხოველების კასტრაცია/სტერილიზაციაში ცხოველთა უფლებადამცველებს „მიუსაფარ ცხოველთა კლუბის“ დამფუძნებელი რუსუდან დაუშვილი ეხმარება. მისი მომსახურებით ხარაგაულელებსაც არაერთხელ უსარგებლიათ.

„მთავარია, მიუსაფარი ცხოველები თბილისამდე ჩამოიყვანონ, შემდეგ კი აქ სამედიცინო პროცედურებს უფასოდ ვუტარებთ, – ამბობს რუსუდანი, – საჭიროა კომპლექსური მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან. აუცილებელია კანონი, რომელიც ძაღლების უკონტროლო გამრავლებას აკრძალავს, სერიოზულ ჯარიმებს დააწესებს ძაღლების ქუჩაში მიტოვებაზე“.

ქუჩაში მყოფი მიუსაფარი ცხოველი აგრესიულია, როცა მას შია და წყურია. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, 2023 წელს მუნიციპალიტეტში ცხოველისგან ადამიანის დაკბენის 147 შემთხვევა დაფიქსირდა; მათგან 121 პირი ძაღლისგან, ხოლო 29 – კატისგან დაიკბინა. მათ შორის მიუსაფარი 18 ძაღლი და 4 კატა იყო.

2024 წლის ოთხ თვეში ძაღლისგან დაკბენის 30 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 3 პირი ქუჩაში მცხოვრებმა ძაღლმა დაკბინა.

ქუჩებში უსაფრთხო გადაადგილება რომ პრობლემაა, განსაკუთრებით დილის საათებში, როცა მშიერი მიუსაფარი ძაღლები ჯგუფად დადიან, ეს საკუთარ თავზე გამოცადა ირმა ყანჩაველმა. თებერვალში ის დილაადრიან ხარაგაულიდან სოფელში მიდიოდა და მიკროავტობუსს ელოდებოდა.

„ქუჩაში ძალიან ბევრი ძაღლი იყო, – ამბობს ირმა, – თავისუფლად გადაადგილება ჭირდა. ტრანსპორტი რომ გაჩერდა, უკან დავიხიე და ფეხი ძაღლის კუდზე დამებიჯა. ძაღლმა დამდორბლა. ექიმის რეკომენდაციით, რადგან ძაღლი ქუჩაში ცხოვრობდა, ცოფის საწინააღმდეგო სამი აცრა ჩავიტარე. პარალელურად, იმ ძაღლს ვაკვირდებოდი და ათი დღის შემდეგ რომ ცოცხალი იყო, ანტირაბიული აცრები შევწყვიტე“.

ირმა ამბობს, რომ მოსახლეობისთვის არაკომფორტულია ქუჩაში ამდენი ძაღლი რომ დადის. „არ მძულს ცხოველები და ძალიანაც მეცოდებიან ქუჩისთვის რომ გაიმეტეს, მაგრამ გამოსავალი ხომ უნდა მოიძებნოს?! იმედს ვიტოვებ, რომ ვისაც ეკუთვნის ამ პრობლემის მოგვარება, შესაბამის ზომებს მიიღებენ“, – ამბობს ირმა.

„ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ამწუთას ხარაგაულში მიუსაფარი ცხოველებია, – ამბობს მაია ბერაძე, – ზოგი აგრესიულია. დამინახავს, როგორ წაართვეს ძაღლებმა ბავშვებს საცხობთან ნაყიდი ფუნთუშა, ვნახე ძაღლისგან დაკბენვის შემთხვევებიც“.

მაია ძაღლების მეპატრონეთა პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ძაღლების მიტოვებაზე კანონის გამკაცრების მომხრეა. მისი ოჯახი კვებავს ერთ მიუსაფარ ცხოველს, რომელიც ქუჩაში უმძიმეს მდგომარეობაში – ყელზე რკინის მავთულშემოხვეული იპოვა.

„კომუნისტების დროს მიუსაფარ ცხოველებს თოფით კლავდნენ, – იხსენებს მაია, – დილიდან ისმოდა მათი წკავწკავი. ეს არაჰუმანური მეთოდია. დაიბადა და არსებობა ხომ უნდა“?!

ცხოველისგან დაკბენის, დადორბვლის ან დაკაწვრის შემთხვევაში დიდია ცოფით დაინფიცირების რისკი. რა სიმპტომებით ხასიათდება ეს დაავადება და როგორ მოვიქცეთ ცხოველისგან დაკბენის შემთხვევაში, ამ ბმულზე გაეცანით.

ცხოველებში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ატარებენ. ამ სააგენტოს რეგიონალური სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ავთანდილ ვეფხვაძე ამბობს, რომ 2024 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 4 ათასამდე ძაღლი და კატა უნდა აიცრას. აცრის შემდეგ ვაქცინაციაზე დოკუმენტი დგება ცხოველის მეპატრონესთან, რომ მისი კუთვნილი ცხოველი ნამდვილად აიცრა. ცოფზე ვაქცინაცია წელიწადში ერთხელ ტარდება.

მიუსაფარ ცხოველებს რაც შეეხება, ავთანდილ ვეფხვაძე ამბობს, რომ მათი აცრა ქუჩის პირობებში წარმოუდგენელია. ის ერთადერთ შემთხვევას იხსენებს, როცა მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ანა მაღლაფერიძის თხოვნითა და დახმარებით რამდენიმე ძაღლი ქუჩაში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა.

 

„გამოსავალი  თავშესაფრის მოწყობაა“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „უპატრონო ცხოველების მოვლა-პატრონობის პროგრამა“ მოქმედებს. ამ პროგრამაში ვკითხულობთ:

„მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხორციელდება მაწანწალა ძაღლების აყვანა, დაჭერა და იზოლაცია. დაჭერა უნდა განხორციელდეს თანამედროვე ძაღლსაჭერით და უმტკივნეულოდ, სათანადო ხელსაწყოებით, სპეციალური აღჭურვილობითა და ეკიპირებით.

გადაყვანა უნდა მოხდეს სათანადო მოწყობილობით აღჭურვილი ავტომობილით დროებით თავშესაფარში სათანადო ვეტერინარული ღონისძიებების გატარების მიზნით. კასტრაცია/სტერილიზაცია უნდა ჩატარდეს, რათა არ მოხდეს მათი გამრავლება.

ამის შემდეგ კი ჯანმრთელი ცხოველები ბუნებრივ არეალში, ან პირვანდელ სცხოვრებელ ადგილზე უნდა დაბრუნდნენ. პროგრამის მიზანია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქუჩებში მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება“.

მიუსაფარი ცხოველების მოვლითი ღონისძიებებისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში 18 ათასი ლარია განსაზღვრული. ამ თანხას თვითმმართველობისგან დაფუძნებულ ააიპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება“ განკარგავს. ამ გაერთიანების დირექტორი ოთარ ბანცაძე ამბობს, რომ მიუსაფარი ცხოველების კასტრაცია/სტერილიზაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში, წლებია, ოზურგეთში მოქმედი კომპანია იმარჯვებს.

„2023 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტერილიზაცია/კასტრაცია 68 ძაღლს ჩაუტარდა, – ამბობს ოთარ ბანცაძე, – წელს ამ პროცედურების 60 ძაღლისთვის ჩატარებას ვგეგმავთ.

შესაძლოა, ეს რიცხვი შეიცვალოს, ეს ჩვენს მუშაობაზე იქნება დამოკიდებული. ხარაგაულში ახალი მიუსაფარი ცხოველი როგორც კი დაფიქსირდება, ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქეებიც გვაწვდიან. სოფლებში მათი რაოდენობის დადგენაში მერის წარმომადგენლები გვეხმარებიან. 2024 წელს ტენდერის გამოცხადებას მესამე-მეოთხე კვარტალში ვგეგმავთ“.

ოთარ ბანცაძე მიიჩნევს, რომ გამოსავალი მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის მოწყობაა. მისი თქმით, თანხა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით იხარჯება, უმჯობესი იქნება იმერეთის რეგიონში 2-3 თავშესაფრის მოწყობას მოხმარდეს.

„თავშესაფარში ყველა მიუსაფარ ცხოველს მოუვლიან და სიცოცხლისთვის საჭირო პირობებს შეუქმნიან, – ამბობს ოთარ ბანცაძე, – დღეს, კასტრაცია/სტერლიზაციის შემდეგ, ძაღლი ბუნებაში უყურადღებოდ, ღვთის ანაბარა რჩება. მას კვება და სათანადო ზრუნვა სჭირდება.

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონი“ ბევრ რამეს დაარეგულირებს. ადამიანი საკუთარი ძაღლის მიმართ პასუხისმგებლობას თუ ვერ გრძნობს, მაშინ კანონმა უნდა აგრძნობინოს“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ მიუსაფარ ცხოველთა პრობლემის მოსაგვარებლად უფრო ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი.

„მუნიციპალიტეტი დროებითი ღონისძიებების გატარებას ახერხებს, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ჩვენ გვაქვს ასეთი ტენდენცია და რეგიონშიც ასეთი პოზიციაა,  რომ თავშესაფარი მოეწყოს. მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტი ამას ვერ შეძლებს.

ჩვენ, ხელისუფლებას, კიდევ მეტი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ მოქალაქეები ასე უპატრონოდ ქუჩაში ძაღლებს არ უნდა ვტოვებდეთ. შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს ჩემი ეს განცხადება, მაგრამ ვამბობ გულწრფელად და რეალურად. ქუჩაში მიუსაფარი ძაღლებით შექმნილი დისკომფორტი მოქალაქის უპასუხისმგებლობით არ უნდა იყოს გამოწვეული“.

 

ცხოველთა კასტრაცია/სტერლიზაცია მოქალაქეებს სახელმწიფომ უნდა დაუფინანსოს

„საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის“ დამფუძნებელი თემურ ლაჭყეპიანი მიიჩნევს, რომ სანამ ცხოველთა მიტოვებისას მოქალაქეთა პასუხისმგებლობაზე ვისაუბრებთ, მანამდე სახელმწიფომ მათი სტერლიზაცია/კასტრაცია ხელმისაწვდომი უნდა გახადოს.

„კი ბატონო, საზოგადოების ცნობიერება პრობლემაა, მაგრამ ხარაგაულში, სოფელ წიფაში მცხოვრებ მოქალაქეს თავისი  ძაღლის სტერილიზაცია რომ სურდეს, სად არის უახლოესი ვეტერინარული კლინიკა? ქუთაისში. როგორ ჩაიყვანს ის იქ ძაღლს, როცა არც საკუთარი ტრანსპორტი ჰყავს და არც სტერილიზაციის თანხა აქვს?!

პირველ რიგში, უნდა აღირიცხოს და დაიჩიპოს პატრონიანი ძაღლები. შემდეგ, პატრონის სურვილის შემთხვევაში, მათ ჩაუტარდეთ კასტრაცია/სტერილიზაცია. დაჩიპვა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ძაღლი ადვილად მიკვლევადი იქნება დაკარგვის, ან ქუჩაში დატოვების შემთხვევაში.

კასტრაცია/სტერლიზაციას რაც შეეხება, ეს პროცედურა ცხოველის მეპატრონეს მუნიციპალიტეტმა უნდა დაუფინანსოს. თბილისში ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია – ქალაქში უამრავი ვეტერინარული კლინიკაა“.

საქართველოს პარლამენტი აპირებს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის მიღებას. ამ კანონის მიზანია: ადამიანისა და ცხოველისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოველთა დაცვა სასტიკი მოპყრობისაგან, ცხოველის მიკვლევადობის უზრუნველყოფა, მათი გამრავლების კონტროლი და სხვ.

ამ კანონპროექტის თანახმად, სავალდებულოა ძაღლებისა და კატების იდენტიფიკაცია – შინაური ბინადარი ცხოველების ნიშანდება საჭდით ან მიკროჩიპით და იდენტიფიცირებული შინაური ცხოველის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში.

იდენტიფიკაცია/რეგისტრაციის ვალდებულება ეკისრებათ ძაღლისა და კატის მეპატრონეებსა და მიმკედლებლებს, ხოლო უპატრონო ცხოველების შემთხვევაში – თვითმმართველობებს.

იდენტიფიცირებული ცხოველის მიტოვებაზე ჯარიმა დაწესდება.

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებიან ამ კანონის დამტკიცების შემდეგ მოქალაქეები და თვითმმართველობები, რა სახის მხარდაჭერას აღმოუჩენს მათ ცენტრალური ხელისუფლება, – ეს შეკითხვები საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს მაია ბითაძეს 23 მაისს გავუგზავნეთ. „ჩემი ხარაგაულის“ შეკითხვებზე მაია ბითაძემ ოფიციალური მეილიდან მხოლოდ ის შეგვატყობინა, რომ ჩვენი წერილი მიიღო. მან არც სატელეფონო ზარებზე გვიპასუხა.

„2024 წლის მარტში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“კანონპროექტზე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებს ვესწრებოდი, – ამბობს თემურ ლაჭყეპიანი, – თუ ამ კანონით მოსახლეობას სერვისებზე ხელმისაწვდომობა არ ექნება, მაშინ კანონს კანონისთვის ვიღებთ და არა ხალხისთვის. მთელი პასუხისმგებლობა შინაურ ცხოველთა მოვლა-პატრონობაზე თუ მარტო მოსახლეობას დაეკისრა, ეს კანონი ვერ აღსრულდება.

დღეს საქართველოს ქუჩებში ნახევარი მილიონი ძაღლია. ის, რომ ვიღაცამ ააშენოს თავშესაფარი და ვიღაცამ მაინც უკონტროლოდ ამრავლოს ძაღლები თავშესაფარში ჩასაბარებლად, ამით პრობლემა ვერ მოგვარდება.

კანონპროექტის ავტორებმა გვითხრეს, რომ ცხოველთა უფლებადამცველებისგან გამოთქმულ შენიშვნებზე მუშაობენ და კანონპროექტს ხვეწენ“.

 

რა ხდება ევროპაში

მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის პრობლემაა. თუმცა, ნიდერლანდებში, 2019 წლის ოქტომბერში, ბოლო მიუსაფარი ძაღლი დააბინავეს. ამ ინფორმაციას „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ ავრცელებს:

„ნიდერლანდები გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მიუსაფარი ძაღლების პრობლემა მათი მასობრივი დაჭერისა და დახოცვის გარეშე მოაგვარა. ეს მათ უფასო სავალდებულო სტერილიზაცია/კასტრაციის გზით შეძლეს; გამკაცრდა კანონი შინაურ ცხოველებზე ძალადობისა და მათი ქუჩაში მიტოვების ფაქტებზე; სახელმწიფომ იზრუნა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე, რის შემდეგაც მილიონზე მეტმა უპატრონო ლეკვმა იპოვა უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილი მზრუნველ პატრონებთან ერთად“.

ნინო კაპანაძე