ცოფი, ჰიდროფობია მწვავე სპეციფიური ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე აღუდგენელი დაზიანებით და როგორც წესი, სიკვდილით მთავრდება. მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) აცრების დროული ჩატარებაა, გამოცდილი ქირურგ-რაბიოლოგის ზედამხედველობით.

სხვა ინფექციური დაავადებებისგან განსხვავებით, ცოფი თითქმის არ ვრცელდება, რადგან ამ დაავადების თანამედროვე სპეციფიკური პროფილაქტიკის მეთოდი ეფექტურია და ავადობის შემთხვევა გვხვდება მხოლოდ იმ პირებში, რომლებსაც ანტირაბიული აცრები არ ჩაუტარებიათ ან არასრულყოფილად ჩაიტარეს.

ცოფს უხსოვარი დროიდან იცნობენ. ჰომეროსის ილიადაში ბერძნები ჰექტორს „ცოფიან ძაღლს“ უწოდებდნენ. ჩვ. წ-მდე I საუკუნეში კორნელიუს ცელსმა აღწერა ცოფი ადამიანში და შემოიტანა ამ დაავადების დასახელება „ჰიდროფობია“. ამ დაავადების ყველაზე უფრო დამახასიათებელი სინდრომის მიხედვით, წყლის არა მარტო შეხედვამ, არამედ მისმა ხმაურმა, ზოგჯერ სიტყვა „წყლის“ გაგონებამაც კი ავადმყოფში შეიძლება უძლიერესი შეტევა გამოიწვიოს. 1884 წელს ცინკემ დაამტკიცა დაავადების გადატანის შესაძლებლობა დაავადებული ცხოველის ნერწყვით.

ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, ეს დაავადება მე-16 საუკუნეში უკვე კარგად იყო ცნობილი, რისი დასტურიცაა ქართული ისტორიული ძეგლები „კარაბადინი“ და „იადიგარდაუდი“. ჩვენამდე მოღწეულ ქართულ ლიტერატურულ ძეგლში „შუშანიკის წამება“ იაკობი ასე ახასიათებს ვარსქენს: „ყიოდა და იზახდა ვითარცა ცოფი“.

ცოფი პრაქტიკულად გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და ამ დაავადებით ყოველწლიურად 55000 ადამიანი იღუპება; მათ შორის 40%-მდე 15 წლამდე ასაკის ბავშვებია; შემთხვევათა 95% აზიისა და აფრიკის ქვეყნებზე მოდის.

დაავადებათა უმრავლეს შემთხვევაში ინფექციის წყარო ძაღლია. ცოფისგან თავისუფალ ტერიტორიებად გამოცხადებულია ავსტრალიის კონტინენტი და სკანდინავიის ქვეყნები.

ცოფის გამომწვევი ვირუსი 600C ტემპერატურაზე 5 წუთში კარგავს აქტიურობას, დუღილის დროს 2 წთ-ში იღუპება, გლიცერინში 80-90 დღემდე ცოცხლობს. გაყინვას -700-მდე უძლებს.

ცნობილია ცოფის ვირუსის ორი ვარიანტი: 1) ქუჩის ანუ ველური ვირუსი, რომელიც ძლიერ პათოგენურია და იწვევს დაავადების განვითარებას. ვირუსი ბუნებრივ პირობებში ცირკულირებს გარკვეულ ცხოველებში; 2) ფიქსირებული ვირუსი (სავაქცინე) შტამი.

ცოფით ადამიანები ავადდებიან ცოფიანი ცხოველების კბენის, დადორბვლის ან დაკაწვრის შემთხვევაში. დაავადებული ცხოველის ნერწყვში არის ცოფის გამომწვევი ვირუსი, რომელიც კბენის შემთხვევაში გადადის ადამიანის ჭრილობაში და ნერვული დაბოლოებების გაყოლებით გადაადგილდება ზურგის ტვინის ნერვულ უჯრედებში.

განსაკუთრებულად საშიშია ნაკბენი ჭრილობები თავის, სახის და კისრის არეში, რადგან ასეთ შემთხვევაში დაავადების საინკუბაციო პერიოდი მოკლდება.

დაავადებული ცხოველი განსაკუთრებულად აგრესიულია, პირიდან სდის დორბლი და შეიძლება ეცეს ადამიანს პროვოცირების გარეშე.

იშვიათად, მაგრამ ვირუსით დაინფიცირება საჰაერო გზებითაც შეიძლება სხეულის ლორწოვანი გარსის გავლით. მსგავსი შემთხვევები შეიძლება შეგვხვდეს ძირითადად გამოქვაბულებში, სადაც ბუდობენ ცოფით ინფიცირებული ღამურები.

გაცილებით იშვიათია ადამიანებს შორის ურთიერთდაინფიცირება. ცოფით დაავადებული ადამიანის უხვი ნერწყვით დაზიანებული საფარველის ინფიცირების შედეგად დასაშვებია ერთი ადამიანიდან მეორეზე ჰიდროფობის გავრცელება, ძალზე იშვიათია ორგანოთა გადანერგვისას დაინფიცირების შემთხვევები.

ინკუბაციური პერიოდი, შესაძლოა, მერყეობდეს 10 დღიდან 55 დღემდე, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს ნახევარი წელი და მეტიც. ყოველ შემთხვევაში, დროულად დაწყებული ვაქცინაცია აძლიერებს უჯრედულ იმუნიტეტს, თავიდან აგვაცილებს განვითარებას.

საინკუბაციო პერიოდს მოყვება უშუალოდ ავადმყოფობა, რომელიც მოიცავს 3 სტადიას:

  • ვირუსის ცხოველმოქმედების სტადია გრძელდება 1-3 დღე;
  • აგზნების სტადია გრძელდება 4-8 დღე;
  • დამბლის სტადია გრძელდება რამდენიმე საათიდან 2-3 დღემდე.

ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის შემთხვევაში პირს დაუყონებლივ უნდა ჩაუტარდეს ანტირაბიული (პოსტ-ექსპოზიციური) სამკურნალო პროფილაქტიკური იმუნიზაცია. სასურველია აცრის დაწყება დროულად, კონტაქტისთანავე (დაკბენის, დადორბვლის, დაკაწვრის შემთხვევაში) არა უგვიანეს 14 დღისა, რადგან აცრა ცოფის მიმართ ადამიანის ორგანიზმს შეუვალს ქმნის აცრის დაწყებიდან მხოლოდ 2-3 კვირის შემდეგ.

დაავადების ხანგრძლივი ინკუბაციის პერიოდის გათვალისწინებით, ანტირაბიული პროფილაქტიკური მკურნალობის კურსი ინიშნება ცხოველის მიერ დაზარალებულის დაკბენიდან რამდენიმე თვის გავლის შემდეგაც კი!

გულნაზი ვეფხვაძე

ეპიდემიოლოგი