1 ივნისს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 17:00 საათზე ქართული ლიგის ნახევარფინალი დაიწყება.

ნახევარფინალში ასპარეზობს ხარაგაულელთა იუმორისტული გუნდი „ჭირიმე“. მას მეტოქეობას გაუწევენ შემდეგი გუნდები: „კეხურა“ (გორი), „3200“ (ბათუმი), „იშვიათი იმერლები“ (ქუთაისი), „რაია“ (ფოთი), „შერეკილი“ (ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი).

„ჭირიმეს“ შემადგენლობაში, გამოცდილ იუმორისტებთან ერთად, სკოლის მოსწავლეებიც არიან: ბექა ხიჯაკაძე, გიორგი მაქაძე, გიორგი ჭიპაშვილი, უჩა ტაბატაძე (საღანძილის სკოლის VI კლ. მოსწავლე), არჩილ მეიფარიანი (ხარაგაულის #2 სკოლის X კლ. მოსწავლე), ნიკა ოკრიბელაშვილი (კიცხის სკოლის IX კლ. მოსწავლე) და დავით ბირკაძე (ხარაგაულის გიმნაზიის XI კლ. მოსწავლე).

გუნდის რეჟისორი და სცენარისტი მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ ნახევარფინალში საკმაოდ ძლიერ გუნდებთან თამაში უწევთ. ამიტომ გულშემატკივრისგან გამხნევება ძალიან მნიშნელოვანი იქნება.

მათ, ვისაც გიყვართ ხარაგაული, ჯანსაღი იუმორი და გსურთ საღამოს სასიამოვნოდ გატარება, მიბრძანდით უნივერსიტეტის დარბაზში და უგულშემატკივრეთ „ჭირიმეს“. დასწრება თავისუფალია.

წარმატებებს და ფინალის საგზურის მოპოვებას ვუსურვებთ „ჭირიმეს“.

შეგახსენებთ, რომ „ჭირიმე“ „ქართული ლიგის“ 2022 წლის სეზონის ჩემპიონი და 2023 წლის სეზონის ვიცე-ჩემპიონია.