ხარაგაულის გუნდმა „ჭირიმე“ ქართული იუმორისტული ლიგის ფინალში გაიმარჯვა.
„ჭირიმესთან“ ერთად, ჩემპიონობისთვის აბაშის გუნდი „სულგუგუნი“ და ბათუმის საზღვაო აკადემიის გუნდი „ნეპტუნი“ ასპარეზობდნენ.
ფინალურ შეხვედრაში „ჭირიმეს“ შემადგენლობაში თამაშობდნენ ბექა ხიჯაკაძე, დავით ჭიპაშვილი, გიორგი მაქაძე, გიორგი ჭიპაშვილი, ლიზი ლაცაბიძე, თეო ჭიპაშვილი, თამარ ლურსმანაშვილი და თამარ ჭიპაშვილი. ფინალის ერთ-ერთი ნომერი ცნობადი სახის ჩართულობას ითვალისწინებდა. ამიტომ ამ კონკურსში, „ჭირიმესთან“ ერთად, ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი ჩაერთო.
ჩემპიონი გუნდი „ჭირიმე“ 3 000 ლარით დაჯილდოვდა, ხოლო გუნდის წევრი ბექა ხიჯაკაძე მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის „საუკეთესო მოთამაშედ“ აღიარეს და 500 ლარით დააჯილდოვეს.
„ჭირიმემ“ ფინალში ძლიერ და ღირსეულ გუნდებთან ასპარეზობის შედეგად გაიმარჯვა. რამდენად ელოდა ამ წარმატებას, – ამ შეკითხვით გუნდის ხელმძღვანელ მამუკა ჭიპაშვილს მივმართეთ. ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი „ჭირიმეს“ სცენარისტი და რეჟისორია.
– ჩემპიონატში მონაწილეობა რომ გადავწყვიტეთ, მაშინ ძნელი იყო წარმოგვედგინა, რომ ჩვენ ამ სეზონის ფინალს მოვიგებდით. ეს კონკურსი საქართველოს მასშტაბით ტარდება და საუკეთესო გამოცდილების მქონე გუნდები მონაწილეობენ.
ამიტომ თავიდან ვფიქრობდი, რომ შეგვეძლო, რამდენიმე კარგი თამაშით, მაყურებლისთვის თავი დაგვემახსოვრებინა. წარმატებული გამოსვლების შემდეგ მივხვდით, რომ შეიძლებოდა, ფინალში მონაწილეობაზეც გვქონოდა პრეტენზია.
ფინალურ თამაშზე ყველა გუნდი მაქსიმალურ შესაძლებლობას ავლენს, გამარჯვებისთვის ყველა რესურსს იყენებენ – იმატებენ რეჟისორებს, მსახიობებს. რა იქნება, წინასწარ ვერ განსაზღვრავ. იუმორი „ზუსტი მეცნიერება“ არის არის. ჟიურისგან მოკუთვნებულ ქულაზე პრეტენზია ვერ გექნება.
გემოვნების საკითხია და ვერ იტყვი, რომ შენი იუმორი უკეთესი იყო და მაღალ ქულას იმსახურებდა. ცოცხალი შესრულებისას შეიძლება რაღაც შეგეშალოს, ან ტექსტი დაგავიწყდეს; შესაძლოა, შენს საუკეთესო ხუმრობაზე მაყურებელს არ გაეცინოს. მოკლედ, ბეწვის ხიდზე გადიხარ. შევძელით, კარგად მოვემზადეთ, პროგრამაც კარგი გვქონდა.
მაყურებლის მხარდაჭერაც აუცილებელია. თითოეული ხარაგაულელისა და „ჭირიმეს“ გულშემატკივრის იმ დარბაზში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მუდმივად მხარს გვიჭერდა ხარაგაულის მერია.
ფინალში მონაწილე კონკურენტ გუნდებსაც ძლიერი პროგრამები ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა და ამ გამარჯვებით საოცრად ბედნიერები ვართ.
– როგორ იქმნება სცენარი, რომელიც ასეთ ძლიერ კონკურენციაში იმარჯვებს?
– ფინალში გამარჯვება, ალბათ, ჩემმა გამოცდილებამ განაპირობა. მან-სან-კან-ის უამრავი თამაში მაქვს ნანახი. 30 წლის წინ წარმატებით გამოვდიოდი ზუსტად იმ სცენაზე, სადაც ახლა ეს თამაშები ჩატარდა. შესწავლილი მაქვს მაყურებლისა და ჟიურის გემოვნება. მთავარია, რომ გუნდმა საკუთარი სტილი შეიმუშაოს. მაყურებელსა და ჟიურის, ვთქვათ, – ბათუმის გუნდის ხუმრობაზე რომ გაეცინება, იმავე ხუმრობაზე, ხარაგაულის შემთხვევაში, ანალოგიური ემოცია არ ექნება.
ჟიურის შენი თავი განსხვავებული კუთხით უნდა დაანახო, საკუთარი სტილი უნდა აჩვენო.
გუნდის წევრებმა, ჩემთან ერთად, ძალიან ბევრი იშრომეს.
ფინალის ბოლო ნომრის – „იმერლების გაფრენა მარსზე“ სცენარი რომ გავაცანი ორგანიზატორებს, თამაშამდე სამი დღით ადრე დამირეკეს და მირჩიეს, რომ შემეცვალა. არ შევცვალე და თუ არ გაამართლებდა, ჩემი პასუხისმგებლობა იქნებოდა.
სცენარი ტექსტობრივად ხშირად ვერ დაანახებს ადამიანს შენს ჩანაფიქრს; შესაძლოა, დაწერილი სცენარით ვერ აღიქვა, სცენაზე როგორი გამოვა. მე ამას წინასწარ გონებაში „ვხედავ“; თითოეულ გამოსვლას მაყურებლისა და ჟიურის თვალით წინასწარ განვიხილავ, რადგან ამის გამოცდილება მაქვს.
ხუმრობებს ბოლო მომენტამდე ვცვლიდი. ამაზე გუნდის ბიჭები მეჩხუბებოდნენ. თუმცა, მე ვიცი, სად რომელი ხუმრობა იქნება ძლიერი, სად შეიძლება „ჩავარდეს“ და საჭიროა გაძლიერება.
ძალიან დიდი ჯილდოა, ბექა ხიჯაკაძე რომ სეზონის „საუკეთესო მოთამაშედ“ აღიარეს; თან „იუმორინა – 2023“-ის კონცერტებში მონაწილეობისთვის მიიწვიეს.
– ფინალში „ჭირიმემ“ ერთი ქულის სხვაობით გაიმარჯვა. შედეგის გამოცხადებამდე თუ იყო მომენტი, როცა მიხვდით, რომ „ჭირიმე“ ჩემპიონია?
– რეპეტიციებზე გუნდებს გვქონდა შესაძლებლობა, რომ ერთმანეთის ნომრები გვენახა. ორგანიზატორები თვლიდნენ, რომ ფინალის მისალმებაში ბათუმის გუნდს უპირატესობა ჰქონდა. მათ გამოსვლაში შოუს ელემენტები ნამდვილად იყო, მაგრამ ძალიან ძლიერი იუმორი არ ჰქონდათ. თუ „მისალმებას“ არ წავაგებდით, თამაში უნდა მოგვეგო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ლიდერების კონკურსში ვერავინ მოგვიგებდა.
– ამ იუმორისტულ კონკურსში დებიუტანტი „ჭირიმე“ აპირებს თუ არა შემდეგ სეზონზე მონაწილეობას?
– უზომოდ ბედნიერები ვართ, რომ გავიმარჯვეთ. ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვყავდა. ამ სეზონზე „გავარდნილი“ გუნდები ფინალზე თბილისში ჩვენს საგულშემატკივროდ ჩამოვიდნენ. ხარაგაულელები მხარს გვიჭერდნენ, ინტერნეტ სივრცეც გადაივსო ჩვენი გულშემატკივრებით.
ორგანიზატორებმა თქვეს, რომ მხიარულთა და საზრიანთა კონკურსმა რეიტინგით ყველა გადაცემას გადაუსწრო, ხარაგაულის „ჭირიმეს“ ხარჯზე. 200 ათასი ნახვა ჰქონდა ჩვენი გუნდის გამოსვლას. შემდეგ თამაშებზეც, ალბათ მეტი იქნება და შესაბამისად, მათთვისაც ძალიან მომგებიანი იყო ამ კონკურსში ჩვენი გუნდის ჩართვა.
ახალი სეზონი, სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყება და ორგანიზატორებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ხარაგაულის გუნდი შემდეგ სეზონში კვლავ იხილონ.
– როგორ შედგა თქვენი პირველი კონტაქტი, 30 წლის წინ, მხიარულთა და საზრიანთა კონკურსთან?
– პირველ კურსზე ვიყავი, მაშინ ამ თამაშებს სტუდენტური თვითმმართველობები ატარებდნენ. ორგანიზატორებმა აუდიტორიაში შემოიხედეს და გვკითხეს, ხომ არავინ ხატავდა. მე გამოვთქვი სურვილი; თურმე, აფიშა უნდა დამეწერა, მე კი კარიკატურულად ორიგინალური პლაკატი დავხატე.
დამიძახეს და მითხრეს, რომ ძალიან მოეწონათ. ამ დროს ჩემს თვალწინ მიდიოდა რეპეტიციები, ცოტა ხანს გავჩერდი, რაღაც მომენტზე თქვეს, რომ აქ წაცეკვება გვჭირდებაო, ვიღაცა ვერ აკეთებდა. შენ ხომ არ იცი, შემთხვევითო, – მკითხეს. ცეკვაზე დავდიოდი და გავაკეთებ-მეთქი. ასე აღმოვჩნდი ეპიზოდურ როლში და იმ თამაშში ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა.
შემდეგი თამაშისთვის ფაკულტეტებს ორგანიზატორებმა მისცეს თემა. საგონებელში ჩავარდნენ, სცენარისთვის ვიღაც უნდა დაექირავებინათ. ვთქვი, რომ მე დავწერ სცენარს, დავწერე, მოიწონეს, ვითამაშეთ და მოვიგეთ. მაშინ ამ გუნდში უმრავლესობა დამამთავრებელი კურსის სტუდენტინ იყო. შემდეგ წელს აღმოჩნდა, რომ მე გამოცდილება მქონდა, სრულიად ახალი გუნდი შევკრიბე და მის შემდეგ ორი წლის განმავლობაში გუნდის კაპიტანიც ვიყავი და ყოველ თამაშს ვიგებდით.
პარალელურად, ნუგზარ ბუცხრიკიძესთან „მოდინახეს“ თეატრშიც სცენარებზე ერთად ვმუშაობდით, შემდეგ იყო სატელევიზიო გადაცემა „დუიაქე“. 1991 წელს საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ფედერაცია ჩამოყალიბდა და მეც ვიყავი ერთ-ერთი დამფუძნებელი. ვიყავი ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი. საქართველოს ყველა კუთხეში ვმართავდით კონცერტებს, ფილარმონიაში ჩემი სცენარით რამდენიმე კონცერტი ჩავატარეთ. მონაწილეობა მივიღეთ და გავიმარჯვეთ მხიარულთა და საზრიანთა საკავშირო კონკურსში.
– სად და როდის შეიძლება „ჭირიმეს“ ფინალური გამოსვლის ნახვა?
– 28 დეკემბერს, 22.45 სთ-ზე, POSTV-ზე შეგიძლიათ ნახოთ „ჭირიმეს“ გამოსვლა ფინალურ თამაშზე.
თამთა გოგოლაძე
ამჯერად გთავაზობთ „ჭირიმეს“ მისალმებასა და მუსიკალურ ნომერს, ნახევარფინალური შეხვედრიდან
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი