ხარაგაულის ისტორიული მუზეუმისა და ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის ურთიერთანამშრომლობით მუზეუმში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
„წინაპართა ნაოცნებარი“ – მუზეუმის წამყვანმა სპეციალისტმა ეკა შველიძემ ღონისძიება ასე დაასათაურა. მან ისტორიულ მასალებზე, კონკრეტულად კი ისტორიკოს ზურაბ ავალიშვილის (1876-1944 წწ.) ემიგრანტულ ლიტერატურაზე დაყრდნობით სცენარი შექმნა.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე 1918 წლის 26 მაისამდე – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გააცოცხლეს. რას და როგორ გეგმავდნენ, როგორ იბრძოდნენ და იღვწოდნენ ქვეყნის თავისუფლებისთვის პიროვნებები, რომელთაც დამფუძნებელი კრების არჩევნები ჩაატარეს, ქვეყნის მმართველობის ფორმა და კონსტიტუცია შეიმუშავეს.
ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე დამფუძნებელი კრების წევრის, ხარაგაულელი ქალის, მინადორა ორჯონიკიძის ხელმოწერაა.
შთამბეჭდავი იყო მოსწავლეების თხრობის სტილი. მათ არა მარტო გასული საუკუნის დასაწყისში გვამოგზაურეს და იმდროინდელი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანების ცხოვრება გაგვაცნეს, არამედ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრეს, რომ ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის მუდმივი პროცესია.
„დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ერთ-ერთი საკვანძოა მუზეუმისთვის, – ამბობს ეკა შველიძე, – ჩემი იდეა და სცენარი ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელს, დალი ლურსმანაშვილს გავაცანი. ის მუზეუმთან აქტიურად თანამშრომლობს. ჩემი სცენარის მიხედვით მან მოსწავლეებთან ბევრი იმუშავა.
შევეცადე, რამდენიმე წუთში ჩამეტია საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი დღეები. ყოველდღე თუ არა, 26 მაისს აუცილებლად უნდა გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ ჩვენს წინაპრებს, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ“.
ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებს, ორგანიზატორს, მუზეუმის თანამშრომლებს, ხარაგაულის #3 სკოლის დირექციასა და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს – ისტორიკოსმა თამარ მაქაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ, მისმა პირველმა მოადგილე დავით კიკნაძემ, მოადგილე პაატა გოგოლაძემ, „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორმა ლაურა გოგოლაძემ, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა.
„თითქოს ერთი ამოსუნთქვით მოიტანეს ახალგაზრდებმა ჩვენამდე საუკუნის წინანდელი გმირი წინაპრების განცდები, სურვილები, საქმეები, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – დამოუკიდებლობის დღეს ხარაგაულში ყოველწლიურად აღვნიშნავთ. ვფიქრობ, ეს ღონისძიება მათ შორის ნამდვილად გამორჩეულია“.
26 მაისს, ხარაგაულის კინოთეატრში, 12:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი სწორედ ამ წარმოგდგენით – „წინაპართა ნაოცნებარი“ – გაიხსნება.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ვერტყვიჭალის სკოლამ ხარაგაულის მუზეუმში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი