დღეს, 16 მაისს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა – დოდო ლილუაშვილმა და ლალი გელაშვილმა, მეექვსე კლასელებთან ერთად, ინტეგრირებული გაკვეთილი წარმოადგინეს.
„პროპორციები მათემატიკასა და მხატვრობაში“ გახლდათ გაკვეთილის თემა, რომელიც მუზეუმში მხატვარ ლევან ცუცქირიძის სახელობის დარბაზში გაიმართა.
მუზეუმის ამ დარბაზში ხელოვნების ქურუმის, ლევან ცუცქირიძის, მისი შვილის, მხატვარ მამუკა ცუცქირიძისა და მათი მეგობარი მხატვრების, მოქანდაკეებისა და გრაფიკოსების 400-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი.
მოსწავლეები გაკვეთილზე სიმბოლურად, მხატვარ ნიკო ფიროსმანის პერსონაჟების ფორმებში გამოწყობილები გამოცხადდნენ.
მათ პროპორციის რაობაზე, თვისებებსა და პროპორციის ყოფა-ცხოვრებაში გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს; აღნიშნეს, თუ რა როლი და მნიშვნელობა აქვს პროპორციის გამოყენებას ნებისმიერი საქმის შესრულებისას, რამდენად აუცილებელია პროპორციის ზუსტად დაცვა მშენებლობაში, ინტერიერის მოწყობაში, სამზარეულოში და სხვ.
პროპორციის მაგალითებად მოსწავლეებმა ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში შექმნილი ხელოვნების ნიმუშები დაასახელეს, იმსჯელეს ხელოვნებაში, განსაკუთრებით კი მხატვრობაში პროპორციის გამოყენების ხერხებსა და მეთოდებზე.
მუზეუმში გამოფენილ ორ პორტრეტზე დაკვირვებით მოსწავლეებმა ნახატზე გამოსახული ადამიანების სავარაუდო სიმაღლე გამოთვალეს.
„დასახულ მიზანს მივაღწიეთ, – ამბობენ მათემატიკის მასწავლებელი დოდო ლილუაშვილი და ხელოვნების მასწავლებელი ლალი გელაშვილი, – მოსწავლეებმა გაიაზრეს, თუ როგორ და რისთვის გამოიყენება პროპორცია ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა დატვირთვა აქვს მას ხელოვნებაში“.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის წამყვანმა სპეციალისტმა ეკა შველიძემ მოსწავლეებს ხარაგაულში მუზეუმის დაარსებისა და მხატვარ ლევან ცუცქირიძის სახელობის დარბაზის შექმნის ისტორია გააცნო, საინტერესოდ მოგვითხრო დიდი მხატვრის ბიოგრაფია და სირთულეებით აღსავსე მისი შემოქმედებითი გზა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ინტეგრირებული გაკვეთილები, რადგან მოსწავლეები ორი სხვადასხვა საგნის დაკავშირებით იმყარებენ ცოდნას, – ამბობს ეკა შველიძე, – მათემატიკა ისეთი მეცნიერებაა, რომელიც ყველა პროფესიის ადამიანისთვის აუცილებელია, ხოლო ხელოვნება ცხოვრების მშვენიერებისა და სილამაზის აღქმაში გვეხმარება.
გვიხარია, რომ ვერტყვიჭალის სკოლამ ინტეგრირებული გაკვეთილის ჩასატარებლად მუზეუმი აირჩია. ჩვენი დანიშნულებაც სწორედ ეს არის, – მომავალ თაობას მიზნების განხორციელებაში ხელი შევუწყოთ. მჯერა, ზეციურ საქართველოში ხარობს დიდი ლევან ცუცქირიძის სული“.
ვერტყვიჭალის სკოლის დირექტორმა ლენა აბაშიძემ, კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა, ამ ცენტრის სამუზეუმო მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო დიდიძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინა ვეფხვაძემ და საკრებულოს წევრმა მარინე ხვედელიძემ მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საინტერესო და შინაარსიანი გაკვეთილისთვის.
მათი შეფასებით, ინტეგრირებული გაკვეთილი მოსწავლეებს ეხმარება ერთ საგანში მიღებული ცოდნა მეორე საგნის ასათვისებელი მასალის საფუძვლად გამოიყენონ. საინტერესო და სახალისო მეთოდებისთ კი მოსწავლეებში სწავლის მიმართ მოტივაცია მაღლდება.
ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა ისტორიულ მუზეუმთან თანამშრომლობას მომავალშიც საინტერესოდ და შინაარსიანად გააგრძელებს.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი