მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს. დიდი ხანი ვიკავებდი თავს, თუმცა მივხვდი, რომ აზრის დაფიქსირება ასეთ სიტუაციებში ძალიან მნიშვნელოვანია.

დავიწყებ იქიდან, რომ თითქმის არც ერთი აქცია არ გამომიტოვებია. შესაბამისად, ვიცი თუ რა ხდებოდა აქციებზე. თუმცა, სახლში მოსულს, ტელევიზიებით გადმოცემული სულ სხვანაირი სიტუაცია მხვდებოდა.

აგენტების კანონი ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ უკვე მიდის ადამიანების გაშავება, მათთვის დამაკნინებელი ტერმინების მიწებება: „ეს ნაცია, ელგეპეტეების მხარდამჭერი, ენჯეოების დაფინანსებული“, „პიდარასტებადაც“ კი მოგვნათლეს აქციაზე მყოფნი.

ამ იარლიყებს გვაკრავენ და თავიანთ გულშემატკივრებს აძლევენ ჩვენი გალანძღვის საშუალებას.

ცალკე თემაა, რომ აქციაზე მოსულ სტუდენტებს „იმედისა“ და „პოსტ ტვ“-ის ჟურნალისტები მაშინვე იმ კითხვას გვისვამენ, კანონი წაკითხული გვაქვს თუ არა. ამით ცდილობენ, რომ გაუნათლებელ თაობად წარმოგვაჩინონ, თავდაჯერებულობა დაგვაკარგვინონ და „შეშინებულები“ სახლში გაგვიშვან, რომ იქნებ ათიათასობით კაცში ისეთი იპოვონ, ვინაც მართლა არ იცის, რა უნდა აქციაზე, მაგრამ ზუსტად მას გააშუქებენ.

პირადად მე, ჩემმა კლასელებმა, მეგობრებმა და კურსელებმა ძალიან კარგად ვიცით, თუ რატომ ვდგავართ აქციაზე. დიახ, კანონიც წაკითხული გვაქვს და კომპეტენტური ადამიანების აზრიც მოსმენილი გვაქვს. გარდა ამისა, ვფლობთ თანამედროვე ტექნოლოგიებს და შეგვიძლია ყველა ფაქტი თავად მოვიძიოთ და არ დაველოდოთ ვიღაცის დაღეჭილ ინფორმაციებს.

სამწუხაროდ, ის ეპოქაც არ დასრულდა „აპოლიტიკური ვარ, ბავშვს რა უნდა პოლიტიკაში, ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ახლა გამოდგა ყველა პოლიტიკოსი“. სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება ყველა მოქალაქის ვალია, თუ რაღაც არ მომწონს, რა თქმა უნდა, გავაპროტესტებს. ის, რომ ვიღაც ჩემზე განათლებულია, არ მაძლევს იმის საბაბს, რომ ალტრუიზმს გამოიჩენს და მაგ განათლებას ჩემს სასიკეთოდ გამოიყენებს.

თუ პოლიტიკაში ჩარევა არ გვინდა, მაშინ არც არჩევნებზე წავიდეთ და საერთოდ ყველა პასუხისმგებლობა მოვიხსნათ, როგორი მარტივი და მშვიდი იქნება ცხოვრება.

ის, ვინც ამ კანონს გამჭირვალობის გამო ამართლებს, მათთან მაქვს შეკითხვა. რაც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ფული შემოდის, ეგ მართლა დაფარული და გასაიდუმლოებული გგონიათ? ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე შეხვალთ და ყველა ინფორმაციას მიიღებთ, მათი საქმიანობის, მიზნების, სამოქმედო გეგმისა და დაფინანსების შესახებ.

ჰოდა, გამჭირვალობასა და ცენზურას ნუ ავურევთ ერთმანეთში. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში თუ რამე პროექტი კეთდება, ყველაფერი დასავლეთის მიერ არის დაფინანსებული და ეს ყველა დაფინანსება, რასაკვირველია, 20%-ს აჭარბებს. ანუ რა გამოდის, ყველა, ვინც გვაფინანსებს, გვინდა ერთდროულად აგენტად და თან მოკავშირედ მოვიხსენიოთ?

გავიგე, რომ საქმიანობა არ ეზღუდება, მაგრამ მოკავშირეს, რომელიც საკუთარი ინიციატივით ხელს გიწყობს ქვეყნის განვითარებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, რატომ უნდა უნდოდეს, „აგენტად“ მოვიხსენიოთ. რომ არა ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, დღეს საერთოდ არ გვექნებოდა ინფორმაცია ქალთა ძალადობაზე, დისკრიმინაციაზე, პედოფილიაზე და ა.შ. არც სხვა მედია-საშუალებები იქნებოდნენ, ხელისუფლება კი გააშუქებდა იმას, რაც თვითონ ენდომებოდა.

კანონზე მეტ საუბარს არ გავაგრძელებ, რადგან ჩემზე უკეთ ახსნეს ჩემზე კომპეტენტურმა ადამიანებმა. ამიტომ, ვისაც გაგება უნდა, წაიკითხავს და საკუთარ აზრს გამოიტანს.

ყოველჯერზე მეცინება, როცა ვხედავ, თუ როგორ სარგებლობს ხელისუფლება გეებისა და ელგეპედეებით დაშინებული ხალხით. ნებისმიერ სიტუაციაში ოსტატურად შემოაგდებენ ამ თემას, არ აქვს მნიშვნელობა, კავშირშია თუ არა არსებულ საკითხთან. ახლა ვინც აზიარებთ მსგავს ვიდეობს, იქნებ ამიხსნათ, თუ კანონი წაიკითხეთ, რა შუაში არიან „ელგეპეტეები“?

ეს უფრო სენსიტიური საკითხია? მაშინ რატომ არავინ იღებს ხმას და არ სახავს სამოქმედო გეგმას, როცა ყოველდღიურად ქალზე ძალადობისა და პედოფილიის შემთხვევებს ვგებულობთ?

რატომ არავინ იღებს ხმას, თუ როგორ ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობა გელათი?

რატომ არაფერი თქვა ხელისუფლებამ ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე, თუ მარტო სალომე ზურაბიშვილის ჩასვლა იყო საკმარისი? კიდევ უამრავი პრობლემაა, მაგრამ ყურადღების ცენტრში მარტო გეები ექცევიან.

კანონს რომ თავი დავანებოთ, რა ახსნა-განმარტებას მოუძებნით იმას, რაც ამ დღეებში ხდება? თავს დაესხნენ ლადო აფხაზავს, – მასწავლებელს, რომელსაც უამრავი კარგი საქმე აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, უდიდესი შრომა და ენერგია აქვს ჩადებული ახალგაზრდების განათლებაში. სცემეს იმიტომ, რომ სამოქალაქო პოზიცია ხმამაღლა დააფიქსირა და სცემეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც ამ ქვეყნის განვითარებაში ერთი აგურიც არ აქვთ დადებული, მათი საკომუნიკაციო ენა კი მხოლოდ სიძულვილი და ძალადობაა. გუშინ ღამით კიდევ 3 ადამიანს დაესხნენ თავს, ტელეფონებზეც რეკავენ დასაშინებლად, მაგრამ ამით უფრო მეტად გვაჩვენებენ ნამდვილ სახეს და გვეხმარებიან სინამდვილის დანახვაში.

მართლა ყველაფერს ეცადნენ, რომ ჩვენი თაობისთვის დაებრალებინათ: გაუნათლებობა, ურჯულოება, რელიგიისადმი უპატივცემულობა, ილია ჭავჭავაძის შეურაცხყოფა. ამ ცილისწამებით უფრო მეტად გვშორდებით და გვარწმუნებთ, რომ აღარ უნდა გენდოთ. ილია ჭავჭავაძეც ძალიან გვიყვარს, საქართველოც, ჩვენი რელიგიაც, ტოლერანტობაც და ასევე ის სხვა რელიგიის წარმომადგენელი ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდით დგანან, ამიტომაცაა საჭირო ერთობა. და ეს არის ერთობა, როცა სხვადასხვა რელიგიისა თუ იდენტობის ადამიანი სამშობლოს სიყვარულით ერთიანდება. ძალაც ხომ ერთობაშია – ეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა.

კიდევ ერთხელ თუ შეეცდებით ჩვენი თაობის გამოლანძღვასა და გაუნათლებლად მოხსენიებას, შეგახსენებთ, რომ თქვენი შვილებიც იმ აქციაზე დადიან და მიხარია, როცა ხარაგაულიდან ნაცნობებს ვხედავ.

მადლობა ჩემს მეგობრებს, კლასელებს, კურსელებს, ყველა ლექტორს, ვინც აქციაზე დგას და სწორ პოზიციას იჭერს.

დღეს, როცა ყველა მოზარდს ხელში უჭირავს მობილური და შეუძლია რამდენიმე წამში ნახოს, თუ რა ხდება მსოფლიოს მეორე ნახევარში, მოიძიოს სხვადასხვა ენებზე უზღავავი მასალა, ძალიან ძნელია მოტყუება და ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევა. პროპაგანდისა და დეზინფორმაციის განსხვავებაც შეგვიძლია.

არასდროს მდომებია რუსეთში მოგზაურობა, მით უმეტეს განათლების მიღება. მინდა, ზუსტად ისეთივე შესაძლებლობები გვქონდეს ქართველ სტუდენტებს, როგორიც ევროპაში მცხოვრებ სტუდენტებს აქვთ. გვინდა, რომ ის ინვესტიცია, რასაც ჩვენს სწავლა-განათლებაში ვდებთ, საქართველოშივე ამოვიღოთ; მას მოვახმაროთ და არ დაგვჭირდეს ისეთ ქვეყანაში წასვლა, სადაც ჩვენს პოტენციალსა და შესაძლებლობებს უფრო მეტად დააფასებენ.

ქუჩაში გამოფენილი „სიაფანტე“ დროშებით ვერ შევალთ ევროკავშირში, სიტყვა სხვაა და ქმედება სხვა. თუმცა ჯერ საკუთარ თავებთან უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გვსურს. თან ვუსმინოთ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომლებიც მთელი რუდუნებით ცდილობენ ევროკავშირისა და დასავლური ორგანიზაციების დისკრედიტაციასა და ხალხში მათდამი უნდობლობის გაღვივებას და თან მეორე დღეს ევროკავშირის დროშის პოსტები დავდოთ, წარწერით „ღირსებით ევროპისკენ“.

ვეცადე, რომ ემოციურობისგან დაცლილს დამეწერა ეს პოსტი, მაგრამ მაინც გაბრაზებით შემომეწერა. ნამდვილად რთულია შეინარჩუნო სიმშვიდე, როცა დილით იღვიძებ და ნახულობ ასეთ საშინელ ინფორმაციებს.

თეკლა ებანოიძე

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
„რუსული კანონის“ მიღება „ქართულ ოცნებას“ შეუქცევადად დააზარალებს – იაგო კაჭკაჭიშვილი