სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი პუნქტებად გვაწვდის, თუ როგორ ხედავს  მოვლენების ლოგიკას „რუსული კანონის“ პრიზმაში:

  1. ქართული ოცნების მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება – ნებისმიერ ფასად. არავითარი კოალიცია ან ძალაუფლების გაყოფა. მისთვის მისაღებია მხოლოდ ერთპიროვნული ძალაუფლება;
  2. ევროპული (ზოგადად, დასავლური) დემოკრატიის პირობებში, ხელისუფლებას გაუჭირდება ერთპარტიული ძალაუფლების შენარჩუნება 2024 წლის არჩევნებში. ყველა კვლევა ამას აჩვენებს (2020 წლის არჩევნებშიც ვერ შეინარჩუნებდა ოცნება ერთპიროვნულ ძალაუფლებას, მაჟორიტარული სისტემა რომ არა);
  3. ძალაუფლების შენაჩუნების ერთდერთი გზა ქვეყანაში ავტორიტარიზმის ხარისხის გაძლიერებაზე გადის, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია ყველაზე დიდი ბარიერებია ავტორიტარიზმის გამყარების გზაზე. ამითაა განპირობებული სწორედ მათზე შეტევა, მათი დისკრეტიზაციის, დემონიზაციის და მარგინალიზაციის დაუოკებელი სურვილი;
  4. ავტორიტარიზმის გამყარების გზაზე ხელისუფლებას აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერის იმედი და მოლოდინი. ამიტომ, ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხში მოხდეს ევროკავშირის, ზოგადად, ევროპის და დასავლეთის დისკრედიტაცია. ბოლო წლებში ხელისუფლება ძალას არ იშურებს იმისთვის, რომ ევროპა და ამერიკა გამოაცხადოს: გლობალური ომის პარტიად, ომის გამჩაღებლებად, ეროვნული თვითმყოფადობის საფრთხედ, გარყვნილ სამყაროდ, სადაც გამეფებულია ჰომოსექსუალიზმი, ინცესტი, დანგრეულია ოჯახის, მშობლობის და ტრადიციების პატივისცემის ინსტიტუტი;
  5. დასავლეთის „გაშავების“ გზაზე ხელისუფლებამ მიაღწია გარკვეულ წარმატებას: კვლევები აჩვენებს, რომ უმრავლესობა ემხრობა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას, გაძლიერებულია განწყობა, რომ ქართველობა არ ნიშნავს ევროპელობას (ანუ, ევროპელობა ქართული იდენტობის ნაწილი არ არის), არაპოპულარულია სეკულარიზმის ევროპული იდეა და სხვ. ანუ, ავტორიტარიზმის გზაზე, ხელისუფლების გათვლა არის იმაზე, რომ ევროპულ ღირებულებებს უმრავლესობა არ იზიარებს;
  6. თუმცა, აი, სად უშვებს საბედისწერო შეცდომას ხელისუფლება: ის, რომ ქართული საზოგადოება „წმინდად“ პროდასავლური არ არის (ანუ, დასავლური დემოკრატიის ზოგიერთ მაჩვენებელს ვერ აკმაყოფილებს), არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ის დაეთანხმება ევროინტეგრაციის კარების ჩაკეტვას და შეიცვლის ორიენტაციას ჩრდილოეთის (ანუ, რუსეთის) სასარგებლოდ. ევროპულ და დასავლურ სივრცეში ქართველ ხალხს ბევრი რამე ეძვირფასება – დასავლეთში ის ხედავს კეთილდღეობას, უსაფრთხოებას, ბედნიერებას და სხვ. ბოლოს და ბოლოს, საქართველო არქეტიპულად არის დასავლეთთან გადაჯაჭვული თავისი კულტურით და მრავალსაუკუნოვანი ისტორიით.

და თუ „რუსული კანონი“ აღმოჩნდება მთავარი დამაბრკოლებელი დასავლურ სამყაროსთან ინტეგრაციის გზაზე (და ამას ახლა საქართველოს ყველა სტრატეგიული პარტნიორი აღიარებს), ამ კანონის მიღება „ქართულ ოცნებას“ შეუქცევადად დააზარალებს.

წყარო