„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ხარაგაულელი უფროსკლასელებისათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე – „მე ხმას ვაძლევ პირველად“.
შეხვედრა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში გაიმართა და მასში ხარაგაულის გიმნაზიისა და ბორითის საჯარო სკოლების უფროსკლასელები მონაწილეობდნენ. ეს ტრენინგი გასულ წელს უკვე ჩატარდა ხარაგაულის #2 და #3 საჯარო სკოლების უფროსკლასელებისთვის.
ტრენერებმა თეონა გოგიშვილმა და ნინო შარაშენიძემ ახალგაზრდებს არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა განუმარტეს.
ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ საქართველოში არჩევნების ისტორიას, საქართველოში მოქმედ საარჩევნო სისტემას; ასევე არჩევნების ძირითად პრინციპებსა და საარჩევნო პროცედურებს.
ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ თითოეული ამომრჩევლის ხმა გადამწყვეტია.
2024 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები, პირველად ჩვენი ქვეყნის საარჩევნო ისტორიაში, ელექტრონულად ჩატარდება. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამომრჩევლების წინასწარი ინფორმირება ხმის მიცემის პროცედურებზე.
მიღებული ინფორმაციის განსამტკიცებლად, ტრენერებმა უფროსკლასლებს სხვადასხვა აქტივობები და სახალისო თამაშები შესთავაზეს.
„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციებს გავეცანი არჩევნებთან დაკავშირებით, – ამბობს ხარაგაულის გიმნაზიის მეთორმეტეკლასელი კესო გურგენიძე, – წელს არჩევნებში მონაწილეობას პირველად მივიღებ და ეს ძალიან მიხარია. ამიტომ კარგად უნდა ვიცოდე ხმის მიცემის პროცედურები“.
ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადეცათ.
პროექტს „მე ხმას ვაძლევ პირველად“ „სამართლიანი არჩევნები“ აშშ-ის „ეროვნული ფონდი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია ახალგაზრდა ამომრჩევლების გააქტიურება და ცნობიერების ამაღლება, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.
როგორ უნდა მოვიქცეთ არჩევნებზე ხმის ელექტრონულად მიცემისას
იმ უბნებზე, სადაც არჩევნები ელექტრონულად ტარდება, განთავსებული იქნება ვერიფიკაციისა და ხმის მიცემის აპარატები.
არჩევნების დღეს ამომრჩეველი მიდის საარჩევნო უბანზე, ნაკადის მომწესრიგებელს წარუდგენს პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს და გაივლის მარკირების შემოწმების პროცედურას. უბანზე რეგისტრატორი პირადობის მოწმობას ატარებს ვერიფიკაციის აპარატის წამკითხველში, რომელზეც ეწერება ამომრჩევლის მონაცემები, – რაც წინა არჩევნებზე დაფიქსირებული იყო რეგისტრატორის სამაგიდო სიებში – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და ფოტო. ამოიბეჭდება ჩეკი, ამომრჩევლის მონაცემებით. ამომრჩეველი ჩეკზე აწერს ხელს და ეს ხელმოწერილი ჩეკი ვარდება გაუმჭვირვალე ყუთში.
ამომრჩეველი რეგისტრატორისგან იღებს ბიულეტენს, რომელიც არის A4 ფორმატის მყარი ქაღალდი, მასზე დატანილია QR კოდი და შტრიხკოდები, რომელსაც კითხულობს ხმის მიცემის აპარატი და ადგენს, რომ ეს ნამდვილად ამ უბნისთვის განკუთვნილი ბიულეტენია.
ამ დრომდე, ბიულეტენში სასურველ კანდიდატს შემოვხაზავდით საწერკალამით; ახლა უბანზე გამოიყენება სპეციალური მარკერი, რომლითაც საარჩევნო კანდიდატის წინ არსებული წრე უნდა გავაფერადოთ; ანუ ბიულეტენში სასურველი კანდიდატის შემოხაზვა, ჯვრის დასმა, გადახაზვა, და ა.შ. არ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება.
ბიულეტენზე დატანილია საცდელი წრე, რომელსაც რეგისტრატორის მითითებით ამომრჩეველი ხმის მიცემის პროცედურის დაწყებამდე, გასავარჯიშებლად, აფერადებს, რომ ანალოგიურად მოხდეს ხმის მიცემა სასურველ კანდიდატზე.
ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს დააფიქსირებს კაბინაში, ბიულეტენი ხმის მიცემის აპარატამდე კონვერტით მოაქვს; შემდეგ ბიულეტენს ხმის მისაცემ აპარატში სპეციალურ ადგილას განათავსებს. აპარატი გვაწვდის ინფორმაციას: „ბიულეტენი მუშავდება“, „ბიულეტენი მოთავსდა საარჩევნო ყუთში“; „თქვენი ხმა მიღებულია“. კონვერტს ვათავსებთ ხმის მთვლელ აპარატთან, მაგიდაზე, რადგან ის არის მრავალჯერადი გამოყენების.
ამავე თემაზე
ხარაგაულში „სამართლიანი არჩევნების“ ტრენინგი „მე ხმას ვაძლევ პირველად“ ჩატარდა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი