სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) ხარაგაულელი უფროსკლასელებისათვის ტრენინგი „მე ხმას ვაძლევ პირველად“ ჩაატარა.
შეხვედრა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში გაიმართა და მასში ხარაგაულის #2 და #3 საჯარო სკოლების XI და XII კლასების მოსწავლეები ჩაერთვნენ. ტრენინგს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგი თამარ მაქაძე ესწრებოდა.
ტრენერებმა ნინო შარაშენიძემ და ნათია ბარბაქაძემ ახალგაზრდებს განუმარტეს არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობა და კონკრეტული ფაქტებით დაუსაბუთეს, თუ „რა შეუძლია ერთ ხმას“.
ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ საქართველოში არჩევნების ისტორიას, საქართველოში მოქმედ საარჩევნო სისტემას; ასევე არჩევნების ძირითად პრინციპებსა და საარჩევნო პროცედურებს. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია არჩევნებში პირველად მონაწილე ამომრჩევლებისთვის.
ტრენინგი დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებითა და სახალისო თამაშებით, რომლითაც მონაწილეებმა მიღებული ცოდნა განიმტკიცეს.
ტრენინგის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ, ხოლო სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების იმერეთის რეგიონულმა კოორდინატორმა თეონა გოგიშვილმა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორს ლაურა გოგოლაძეს სამაგიდო თამაში „საარჩევნო ასოციაცია“ გადასცა. ამ სამაგიდო თამაშით სარგებლობა ხარაგაულელ უფროსკლასელებს ნებისმიერ დროს შეუძლებათ.
„არჩევნების შესახებ ტრენინგი პროდუქტიული, საინტერესო და შემეცნებითი იყო, – ამბობს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე არმაზ შავიძე, – არჩევნების შესახებ საგნიდან „სამოქალაქო განათლება“ მიღებული ცოდნა გავიღრმავე. ეს საკითხი ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა. ოჯახის წევრებს არჩევნებზე მივყვებოდი, სულ მაინტერესებდა, რა ხდებოდა დახურული კაბინის მიღმა. 2024 წელს არჩევნებში პირველად მივიღებ მონაწილეობას და ამ საკითხების ცოდნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
გავიგე, რომ 2024 წლის არჩევნები ახალი ფორმით, ტექნოლოგიების დახმარებით ჩატარდება. ყველაზე მეტად მაინტერესებდა პროცესი, დამკვირვებლის თვალიდან დანახული და მედიის როლი არჩევნების მსვლელობის დროს, რაც ტრენინგზე სრულყოფილად იყო წარმოდგენილი. თუ ოდესმე საშუალება მომეცემა, მსურს, რომ „სამართლიან არჩევნებთან“ ვითანამშრომლო და მეც ჩავერთო საარჩევნო პროცესში“.
„სასიამოვნო და სახალისო იყო ჯგუფური მუშაობა, ყველაზე მეტად მოგვეწონა, რომ ჩვენი აზრის გამოთქმისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა გვქონდა. ცოდნა მივიღეთ და არც მოსმენით დავღლილვართ. ბევრ ტრენინგში მიგვიღია მონაწილეობა, თუმცა ეს ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა“, – ამბობენ ტრენინგის მონაწილეები მარიამ დუგლაძე და მარიამ ბერაძე.
ტრენინგი „მე ხმას ვაძლევ პირველად“ პროექტის „2024 წლის არჩევნებისთვის, დემოკრატიული რეფორმების ადვოკატირებისა და სიღრმისეული კვლევის განხორციელების გზით, საარჩევნო-დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა.
პროექტს „სამართლიანი არჩევნები“ აშშ-ის „ეროვნული ფონდი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია, ახალგაზრდა ამომრჩევლების გააქტიურება და ცნობიერების ამაღლება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.
კამპანია „მე ხმას ვაძლევ პირველად“ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტარდება.
თამთა გოგოლაძე
ტრენინგის ამსახველი ფოტომასალა იხილეთ „ჩემი ხარაგაულის“ ფეისბუქგვერდზე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი