სკოლამდელი განათლების სისტემა დიდი გამოწვევის წინაშეა. მიმდინარეობს საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი, რომელიც 2029 წლისთვის უნდა დასრულდეს.
ავტორიზაციის ერთ-ერთი სტანდარტის თანახმად, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის ეფექტიანად განხორციელებისთვის აღმზრდელ პედაგოგთა უწყვეტი პროფესიული წინსვლა და განვითარება აუცილებელია.
თითოეულ აღმზრდელს უნდა ჰქონდეს შემუშავებული კურიკულუმი (საგანმანათლებლო პროგრამის ერთობლიობა) როგორც გრძელვადიანი, ისე ყოველკვირეული.
როგორ ინერგება ხარაგაულის საბავშვო ბაღებში სიახლეები და რა როლი აქვს ავტორიზაციის პროცესში მშობელთა ჩართულობას, როგორია ზოგადად აღსაზრდელთა ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რა სირთულეების დაძლევა უწევთ აღმზრდელებს – ამ შეკითხვებზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სასწავლო პროგრამების კოორდინატორი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ადრეული განათლების ტრენერი თამარ ავალიშვილი გვპასუხობს.
თამარ ავალიშვილი 2022 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონკურსში ჩაერთო და 2023 წელს ამ ცენტრში ადრეული განათლების ყველა ტრენინგმოდული გაიარა.
სწავლების შემდეგ მან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და კომისიის გადაწყვეტილებით, ადრეული განათლების ტრენერის კვალიფიკაცია მიენიჭა. საქართველოში ასეთი სულ 16 ტრენერია. ის თავის ცოდნასა და გამოცდილებას მთელი ქვეყნის მასშტაბით აღმზრდელ-პედაგოგებს გაუზიარებს.
„საბავშვო ბაღების საგანმანათლებლო პროგრამის სიახლეა თამაშით კურიკულუმი, – ამბობს თამარ ავალიშვილი, – თუ ადრე აღსაზრდელებს ვამეცადინებდით, ახლა ყოველგვარი მეცადინეობა აიკრძალა. ბავშვმა სხვადასხვა მოვლენების შესახებ ახალი ინფორმაცია და ცოდნა თამაშის დროს, კვლევისა და აღმოჩენის გზით უნდა მიიღოს.
სიახლეების დანერგვას სირთულეები ახლავს. თუმცა, ჩვენი გაერთიანების აღმზრდელები ამ გამოწვევას კარგად უმკლავდებიან. კურიკულუმის თანამხმად, ისინი თითოეულ აღსაზრდელზე ობიექტურ დაკვირვებას ახორციელებენ და ჩანაწერებს აკეთებენ.
ეს მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვის საჭიროებისა და ინტერესის გამოსავლენად. შემდგომი კვირის აქტივობათა გეგმა ამის მიხედვით დგება. ყოველი კვირის ბოლოს აღმზრდელი აღწერს – მიაღწია თუ არა დასახულ მიზანს, რა იყო მისი სუსტი და ძლიერი მხარე, რაში სჭირდება დახმარება და სხვ.
ჩვენი აღმზრდელები ამ მხრივაც კარგად მუშაობენ. შეძლებისდაგვარად, ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების 21-ვე საბავშვო ბაღში ვესწრები და ვაკვირდები თამაშით მიმდინარე აქტივობებს.
ერთ-ერთ ტრენინგზე, აღმზრდელების ერთი ჯგუფი ბავშვების როლში ჩავაყენე და მეორე ჯგუფს მათზე ობიექტური დაკვირვების ჩანაწერები გავაკეთებინე. ასეთი პრაქტიკული მეცადინეობით უფრო გაუადვილდათ შეფასებება.
აღმზრდელთა ობიექტური ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან თამაშის დროს. თამაშისას ყველაზე კარგად იკვეთება ბავშვის განვითარების დონე და ემოციური მდგომარეობა. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია აღმზრდელის გონიერება, რომ მან ზუსტად დაინახოს, ხომ არ არის ბავშვი ოჯახში ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, ხომ არ გრძნობს თავს ჯგუფიდან გარიყულად.
უმნიშვნელოვანესია საბავშვო ბაღის გარემო. აქ ბავშვს უნდა მოუხაროდეს და თავს ბედნიერად გრძნობდეს. შეიცვალა ზეიმების ჩატარების ფორმა, რომელიც გარკვეულწილად დამღლელი და სტრესის გამომწვევი იყო. ზეიმებს პრეზენტაციის სახე მიეცა და ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, მშობელთა ჩართულობით, გარე სივრცეებში ტარდება.
იმ ჯგუფში, სადაც სპეციალური საჭიროების ბავშვია, პირადი ასისტენტები მუშაობენ. ის ადგენს, ბავშვს ლოგოპედი სჭირდება, ფსიქოლოგი თუ სპეცპედაგოგი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგებზე ყურადღება ბავშვების ვირტუალურ სამყაროზე დამოკიდებულების მიმართულებით გამახვილდა. სამწუხაროდ, გაჯეტებზე დამოკიდებულება ბავშვის ემოციებზე ცუდად აისახება. მშობლებთან ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ბავშვებს რაც შეიძლება ნაკლები შეხება ჰქონდეთ ეკრანთან და დიდი დრო გაატარონ ბუნებაში. ჩვენი აღმზრდელები სულ ცდილობენ, როცა კარგი ამინდია, აქტივობები გარე სივრცეში მოაწყონ.
ოჯახისა და თემის ჩართულობა საბავშვო ბაღის ავტორიზაციის ერთ-ერთი სტანდარტია. შვილის აღზრდაში დედა და მამა თანაბრად უნდა მონაწილეობდნენ. თვალსაჩინოებებისა და საგანმანათლებლო რესურსების შექმნაში მშობლებიც მონაწილეობენ; მაგალითად, საღანძილის საბავშვო ბაღის ეზოში მშობლებისა და თემის ჩართულობით ეზოს სამზარეულო მოვაწყვეთ და ბავშვებს იქ ყოფნა და თამაშით სწავლა ძალიან მოსწონთ.
ხარაგაულის საბავშვო ბაღებში დანერგილი პროექტები – „მამა მიკითხავს ზღაპარს“ და „მამები აღმზრდელებად“ ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ახლა ვფიქრობთ, რომ საბავშვო ბაღის გარე სივრცეები მშობლებმა და შვილებმა ერთად გაალამაზონ.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების აღმზრდელთა ნაწილმა აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების 66 საათიანი ტრენინგ-კურსი გაიარა. მიმდინარე წლის მაისში უკვე ყველა აღმზრდელი დატრენინგდება.
უახლოეს ხანში ჩვენი გაერთიანების აღმზრდელ პედაგოგებს კონკრეტულ ტრენინგ მოდულებს შევასწავლი. ასე რომ, წინ ძალიან საინტერესო აქტივობები გველოდება.
ავტორიზაციის საბოლოო მიზანი ბავშვის მრავალმხრივი განვითარებაა, რაც მისი ემოციური, ფიზიკური, ინტელექტუალური, შემოქმედებითი, სულიერი საჭიროებების თანხვედრას გულისხმობს“.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი