2023 წლის დეკემბერში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) რძის ნაწარმის მცენარეული ცხიმის შემცველობაზე შემოწმება განახორციელა.

გამოვლენილი დარღვევების შესახებ შეტყობინებები გაეგზავნა სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს).

სეს-ის რეაგირების შესახებ საბოლოო პასუხი 2024 წლის 21 მარტს მივიღეთ. შედეგების შეჯამების შემდეგ, ვაქვეყნებთ დასკვნით ანგარიშს.

საქართველოს კანონმდებლობით, პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით არის ჩანაცვლებული, არ წარმოადგენს რძის ნაწარმს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი და სხვა) მითითება აკრძალულია. ასეთ ქმედებას შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი და ეს შესაძლოა მიზანმიმართული ფალსიფიკაციაც იყოს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.

საერთო ჯამში, 20 ნიმუშის შემოწმების შედეგად შემდეგი სურათი გამოიკვეთა:

  • 20 ნიმუშიდან 5-ში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა.
  • აღნიშნული 5 ნიმუშიდან 4 არაეტიკეტირებული იყო, მათ შორის, 3 ნიმუშის მწარმოებელი უცნობია.
  • სავარაუდოდ, ყველა ნიმუში, რომლებშიც დარღვევები გამოვლინდა შედარებით მცირე მეწარმეების მიერაა წარმოებული.

კვლევის მასშტაბის გათვალისწინებით, შედეგების მთელ ქვეყანაზე განზოგადება არ შეიძლება, თუმცა, ამგვარი მცირე მასშტაბისა და სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაციის არარსებობის პირობებში, ნიმუშების 25%-ში დარღვევების გამოვლენა იმაზე მოწმობს, რომ  მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტის რძის ნაწარმის დასახელებით გაყიდვა ქვეყანაში ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

შედარებისათვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მიერ 2023 წელს მცენარეული ცხიმის შემცველობაზე შემოწმებული 250 ნიმუშიდან დარღვევები მხოლოდ 11 ნიმუშში, 4.4%-ში იქნა გამოვლენილი.

როგორც ვხედავთ, CSRDG-ის კვლევის შედეგად, დარღვევები გამოვლინდა შედარებით მცირე მეწარმეების მიერ წარმოებულ, უმეტესწილად, არაეტიკეტირებულ სურსათში. ანალოგიური სურათი გამოიკვეთა ჩვენი ორგანიზაციის მიერ 2023 წლის შემოდგომაზე ჩატარებული თვისებრივი კვლევის შედეგადაც.

არაეტიკეტირებული სურსათი, რომელიც რიგით მომხმარებელს ნატურალური სოფლის პროდუქცია ჰგონია, შეიძლება ასეთი სულაც არ იყოს და მოქალაქე არაკეთილსინდისიერი მეწარმეების მანიპულაციების მსხვერპლი აღმოჩნდეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეაგირება

რძის ნაწარმის დასახელებით გაყიდულ სურსათში მცენარეული ცხიმის გამოვლენის შემთხვევების შესახებ წერილობითი შეტყობინებები გაიგზავნა შესაბამის მეწარმეებთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში (სეს).

CSRDG-ის მიმართვების საფუძველზე, სეს-მა შემდეგი ღონისძიებები განახორციელა:

  • შეამოწმა 4 მეწარმე (1 ყველის საწარმო და 3 მაღაზია);
  • ოთხივე მეწარმესთან სხვადასხვა დარღვევა გამოავლინა, მათ შორის, სურსათის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის (იგივე „ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის“) გარეშე საქმიანობა, ვადაგასული სურსათის გაყიდვა, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა და სხვა;
  • მეწარმეებს დარღვევების გამოსწორება დაავალა;
  • 2 მაღაზიას შეუჩერა საქმიანობა სურსათის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციამდე;
  • დარღვევების გამო, სამივე შემოწმებული მაღაზია 500-500 ლარით დააჯარიმა.

აღსანიშნავია, რომ სურსათის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა მნიშვნელოვანი დარღვევაა, ვინაიდან, პირველ რიგში, სწორედ რეგისტრაციის შედეგად იღებს სეს ინფორმაციას მის კონტროლს დაქვემდებარებული მეწარმეების შესახებ და შესაბამისად ადგენს საკუთარი კონტროლის გეგმებს.

როგორც ჩანს, სურსათის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებულია, განსაკუთრებით მცირე ზომის ბიზნესობიექტების შემთხვევაში. ეს ჩვენი ინიციატივით 2023 წლის ოტქომბერში განხორციელებული მონიტორინგის შედეგადაც გამოვლინდა, როდესაც, CSRDG-ის პარტნიორი ორგანიზაციების მიმართვების შემდეგ, სეს-ის მიერ შემოწმებული 18 მეწარმიდან 6 რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

ზემოაღნიშნული ქმედებების მიუხედავად, სესმა ვერ შეძლო ჩვენს მიერ გამოვლენილი დარღვევების დადასტურებარძის ნაწარმის სახელწოდებით გაყიდულ სურსათში მცენარეული ცხიმის გამოვლენა. სეს-ის მიერ შემდეგი მიზეზები დასახელდა:

  • ერთი საწარმო არ ფუნქციონირებდა (მიმდინარეობდა რემონტი);
  • ერთ მაღაზიაში ჩვენს მიერ მითითებული დასახელების სურსათი ვეღარ მოიძებნა;
  • 2 მაღაზიაში ვერ მოხერხდა ჩვენს შეტყობინებაში მითითებული სურსათის ნიმუშების სათანადო წესით აღება (ნიმუშის ასაღებად საჭიროა სურსათის შესაბამისი რაოდენობა – ერთი ნიმუში ლაბორატორიისთვის, ხოლო მეორე – რეფერენტული ნიმუში სააგენტოში შესანახად);
  • CSRDG-ის მიერ შემოწმებული ერთი სურსათის (სულგუნის) პარტია მთლიანად გაყიდული იყო. სხვა პარტიის ნიმუშის შემოწმების შედეგად კი (რომელიც, სეს-ის დავალებით, თავად მეწარმემ წარადგინა ლაბორატორიაში) მცენარეული ცხიმი არ იქნა აღმოჩენილი.

ამავე დროს, სესმა არ მოახდინა ყველის ორი მიმწოდებლის კონტროლი, რომელთა პროდუქციაშიც ჩვენ მცენარეული ცხიმის შემცველობა გამოვავლინეთ. ამის მიზეზები სესმა ვერ ახსნა. ამგვარად, სეს არ განუხორციელებია ყველა საჭირო ქმედება CSRDG-ის მიერ გამოვლენილი დარღვევების დასადასტურებლად, აღნიშნული დარღვევების ჩამდენი პირების გამოსავლენად და, ამის საფუძველზე, კანონით გათვალისწინებული ზომების გასატარებლად.

აღსანიშნავია ჩვენი ორგანიზაციის მიმართვებზე რეაგირების ვადებიც.

CSRDG-ის მიერ ლაბორატორიაში წარდგენილი ნიმუშები ორ ნაწილად შემოწმდა, პასუხები რამდენიმე დღის შუალედით მოგვეწოდა და, შესაბამისად, სეს-შიც ორი შეტყობინება გაიგზავნა – 19 და 21 დეკემბერს.

19 დეკემბრის შეტყობინებაზე პასუხი 18 იანვარს მივიღეთ (რაც საახალწლო უქმეების გათვალისწინებით, მისაღები ვადაა), რომლის თანახმადაც სეს-მა პირველი კონტროლი შეტყობინების მიღებიდან 1 კვირის შემდეგ, 26 დეკემბერს განახორციელა, რასაც ოპერატიულ რეაგირებად ვერ ჩავთვლით.

21 დეკემბრის შეტყობინებას რაც შეეხება, მასზე პასუხი მხოლოდ 1 თებერვალს მივიღეთ (ჩვენი შეტყობინების განმეორებითი გაგზავნის შემდეგ). როგორც ჩანს, სეს-მა რეაგირება მხოლოდ იანვარში, დაგვიანებით მოახდინა. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ შეტყობინებასთან დაკავშირებით სეს-ის პასუხებში კონტროლის განხორციელების თარიღებიც არ არის მითითებული.

ცალკე საკითხია, მიღებული პასუხების შინაარსი. ორივე შეტყობინებასთან დაკავშირებული პირველი პასუხები ამომწურავი არ იყო, ხოლო 21 დეკემბრის შეტყობინებასთან დაკავშირებით მიღებულ პასუხებს, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, კითხვის ნიშნები ბოლომდე არ გაუქრია, მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ დაგვჭირდა სეს-ისთვის მიმართვა, არაერთხელ შეხსენება და ბოლო პასუხი მხოლოდ 21 მარტს, დარღვევების შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან 3 თვის შემდეგ მივიღეთ.

სესის მხრიდან მოქალაქეთა მიმართვებზე რეაგირების ხარვეზები წლების მანძილზე იკვეთება. ასეთი არაერთი შემთხვევის მომსწრე ვართ. ბოლო მაგალითები 2023 წლის შემოდგომაზეც გამოვლინდა, როცა CSRDG-ის პარტნიორმა ორგანიზაციებმა სეს-ს ყველის ნიმუშებში გამოვლენილი დარღვევების თაობაზე მიმართეს.

მიმართვეზე რეაგირების ხარვეზების არაერთი შემთხვევის თაობაზე სეს-ს ჩვენმა ორგანიზაციამ წერილობითაც მიმართა და შესაბამის შეხვედრებზეც დააყენა ეს საკითხი. თუმცა, როგორც ვხედავთ, პრობლემა მაინც რჩება.

სეს-ის ეფექტური რეაგირება მოქალაქეთა მიმართვებზე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სურსათის უვნებლობის კონტროლის ქმედითი სისტემის ჩამოსაყალიბებლად.

თავად სეს-ის წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მხოლოდ სეს ვერ შეძლებს ქვეყანაში სურსათის უვნებლობის ეფექტიან კონტროლს, თუკი მოქალაქეებიც სათანადო აქტიურობას არ გამოიჩენენ.

სწორედ ამისათვისაა კანონმდებლობით გათვალისწინებული, რომ სეს-მა სურსათის უვნებლობის სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით მოქალაქეთა შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება მოახდინოს და მოქალაქეებსაც დროულად აცნობოს პასუხი.

ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში მოუწოდებს მოქალაქეებს ეს შესაძლებლობა გამოიყენონ. ამავე დროს, მოქალაქეთა ნაწილის მხრიდან მუდმივად ვაწყდებით წინააღმდეგობას, ვინაიდან ბევრს არ სჯერა, რომ სეს სათანადო რეაგირებას მოახდენს, ზოგი კი ამას საკუთარ უარყოფით გამოცდილებაზე დაყრდნობით აცხადებს.

CSRDG-ის დაკვეთით 2023 წელს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 1%-ზე ნაკლებს (5 რესპონდენტი 1203-დან) აქვს სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის მიმართვის გამოცდილება.

ასე რომ, მოქალაქეთა გააქტიურებას გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება, ხოლო იმ მოქალაქეებთან ურთიერთობას, რომლებმაც ერთხელ მაინც მიმართეს სეს-ს – სათანადო ყურადღება, რათა მათი დემოტივაცია კი არ მოხდეს, არამედ მათ სხვა დროსაც ითანამშრომლონ სეს-თან და სხვა თანამოქალაქეებისთვისაც მისაბაძ მაგალითებად იქცნენ.

ზოგადი დასკვნები

მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტის რძის ნაწარმის დასახელებით გაყიდვა საქართველოში ჯერ კიდევ მოუგვარებელ პრობლემად რჩება. სესმა და სხვა შესაბამისმა საჯარო უწყებებმა ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევა უნდა გასწიონ. მათ შორის, შეზღუდული რესურსების მიუხედავად, უნდა გამოინახოს გზები არაეტიკეტირებული და მცირე ზომის ბიზნესოპერატორების მიერ წარმოებული და გაყიდული რძის ნაწარმის კონტროლის გასაფართოებლად.

სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევებთან დაკავშირებით მოქალაქეთა მიმართვებზე სესის რეაგირება ხარვეზიანია. საზოგადოების გააქტიურებისათვის, სესის პრესტიჟისა და ნდობის გასაზრდელად აუცილებელია, რომ სესმა ამ საკითხს პრიორიტეტული მნიშვნელობა მიანიჭოს.

ნიმუშების ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა მოქალქეთა შემოწირულობებითა და CSRDG-ის თანხებით.

ეს  სტატია მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტისსამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვისფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთადსაქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).