კლიმატის ცვლილება მეწყერებისა და ზვავების გააქტიურებას იწვევს. 6-7 თებერვალს მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყერული პროცესები 41 ადგილზე განვითარდა, 24-მა ოჯახმა საცხოვრებელი სახლი დატოვა. მეწყერმა მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს საფრთხე შეუქმნა გოლისში, ზვარეში, ვაშლევში, მოლითში, კიცხში, ვარძიაში, წყალაფორეთში, წიფასა და ღორეშაში. დამეწყრილ ტერიტორიებს გეოლოგები ჯერ კიდევ სწავლობენ.

კიცხში, მეორე უბანში მცხოვრები მანანა ფოფხაძის სახლი მეწყერმა მთლიანად გაანადგურა. ორსართულიანი სახლი მან და მისმა ოჯახმა 1986 წელს ააშენეს. მანანა ფოფხაძე ამჟამად საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ პატარა სამზარეულოში მოხუც დედასთან, მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს.

ქალბატონი მანანა იხსენებს, რომ მათ უბანში მეწყერული პროცესები 30-35 წლის წინ დაიწყო. თუმცა, მაშინ სახლზე მცირე ბზარები შეინიშნებოდა. ბოლო ორი წელია, მეწყერი გააქტიურდა და თებერვლის დასაწყისში მთელი უბანი, ფაქტობრივად, ნასახლარად აქცია.

„გეოლოგებმა გვითხრეს, რომ ეს ტერიტორია საცხოვრებლად აღარ ვარგა, – ამბობს მანანა ფოფხაძე, – სწრაფადაც ვერ დავტოვე სახლი. ძნელია, ოჯახი აიყარო და სადაც ამდენი წელი გიცხოვრია, იმ ადგილიდან წახვიდე. ეკომიგრანტის სტატუსი მოგვანიჭეს და 30 ათასი ლარი ჩაგვირიცხეს, თუმცა, ამ თანხით ბოსელსაც ვეღარ ვყიდულობთ.

ჩემი მოსაზრებით, დროული რეაგირება რომ ყოფილიყო, მეწყერსაშიშ ადგილზე გაეკეთებინათ დრენაჟი, მოეწყოთ დამცავი ჯებირები, ამ მდგომარეობამდე არ მივიდოდით. ამ ტერიტორიას სხვანაირი მოვლა უნდოდა. წლების განმავლობაში გზა და კვალი არ გვქონდა. შესაძლოა, მეწყერი მაინც ჩამოწოლილიყო, მაგრამ წინასწარი ღონისძიებები რომ გატარებულიყო, ასეთ დღეში არ ჩავვარდებოდით“.

კიცხში, ფოფხაძეების უბანში ცხოვრობს ნაირა მესხი-ფოფხაძე. მისი საცხოვრებელი სახლი 1987 წელსაა აშენებული.

„ბოლო ორი წელია, სახლზე ბზარებმა იმატა, – ამბობს ქალბატონი ნაირა, – ახლა აღარც სახლი გვაქვს და აღარც სახლამდე მოსასვლელი გზა. ჩემი აზრით, ყველაფერი გლობალურმა დათბობამ გამოიწვია. კაპიტალური სახლის მიმდებარედ ხის დიდ სახლში დროებით საცხოვრებლად გადავედით. არც აქ ცხოვრებაა უსაფრთხო, რადგან სახლს ირგვლივ მიწა გამოცლილი აქვს. ჩვენი დღევანდელი ყოფა ძნელად წარმოსადგენია…

ზამთარში თოვლი აღარ მოდის, ზაფხულში საშინელი გვალვაა. ეს პროცესი როგორ უნდა შეიცვალოს და ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს, არ ვიცი“.

ზვარეში, ჩიტაძეების უბანში, მეწყერი 2017 წლის მაისში დაიძრა. ამ უბანში მცხოვრები თინა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ მეწყერი და კლიმატის ცვლილება ახალი რკინიგზის არასწორად მშენებლობამ გამოიწვია.

„55 წელია, რაც ჩრდილიდან ზვარეში საცხოვრებლად გადმოვედი, – ამბობს თინა ჩიტაძე, – რკინიგზის მშენებლობამ დაგვანგრია. სახლზე ბზარები 2011 წლიდან გაჩნდა, როცა გვირაბების გაყვანისას მთებს აფეთქებდნენ. პირველმა მეწყერმა ყანა წამართვა. კომპენსაციას ვითხოვდი და არ მოგვცეს.

ამ წლის თებერვლის დასაწისში წარმოქმნილი მეწყერისგან ძალიან დავზარალდით. გეოლოგებმა მითხრეს, რომ ჩვენს სახლში ცხოვრება აღარ შეიძლება და ამიტომ ახლა ჩემს ქალიშვილთან ვიმყოფები. 88 წლის ვარ. ახლა სადღა უნდა წავიდე?! მეწყერის შიშში ცხოვრებამ დამღალა.

ხარაგაულის მერიამ, ოთხი თვით ბინა რომ ვიქირაოთ, 500 ლარი გადმოგვირიცხა. 1000 ლარით რკინიგზის მშენებელმა კომპანიამ დაგვაფინანსა. გეოლოგებისგან საბოლოო პასუხს ერთ თვეში ველოდებით“.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ მოსახლეობა ნაწილობრივ მართალია, როცა ზვარეში მეწყერის გამომწვევ მიზეზად რკინიგზის მშენებლობას მიიჩნევს. რკინიგზის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტში კლიმატის ცვლილების შედეგები გათვალისწინებული არ არის. არადა, ეს აუცილებელია. თუმცა, ახლა ზვარეში და სხვაგანაც მეწყერის გამომწვევ მიზეზებს სერიოზული შესწავლა, შეფასება და ანალიზი სჭირდება. ეს, პირველ რიგში, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა მოითხოვონ.

„დღეს სახელმწიფოს გამოწვევაა, რომ კლიმატის ცვლილებისა და ამ ცვლილებით გამოწვეული შესაძლო შედეგების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები გაატაროს, – ამბობს ნინო ჩხობაძე, – ყველა კონკრეტული შემთხვევა ადგილზე უნდა შეისწავლონ. სტიქიური მოვლენებისგან მოსახლეობა რომ არ დაზარალდეს, სოფლებში სანიაღვრე არხები უნდა გაკეთდეს, წყალანირების სისტემები მოეწყოს.

თვითმმართველობას უნდა ჰქონდეს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გეგმა, ჰყავდეს სპეციალისტი. კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგები ჯერ კიდევ წინ გვაქვს და უფრო უარესისთვის უნდა ვიყოთ მზად. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია“!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარი სტიქიის შედეგებზე რეაგირებს და პრევენციულ ღონისძიებებს სამომავლოდ გეგმავს. მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მეწყერისგან გზები გაწმინდეს და გზის ნაპირების გამაგრებითი სამუშაოები ჩაატარეს; გეოლოგები მოიწვიეს და მათი პირველადი შეფასების შედეგად, მოსახლეობა ავარიული სახლებიდან გამოიყვანეს. სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ბინის ქირის დაფინანსება შესთავაზეს.

„თითოეული მეწყერსაშიში ადგილის შესახებ სანამ ოფიციალური დასკვნა არ მოგვივა, რა მდგომარეობაშია მეწყერი, მანამდე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გზებზე ვერ დავიწყებთ, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – სამომავლოდ, ყველა გზის მშენებლობისას გავითვალისწინებთ ისეთ პრევენციულ ღონისძიებებს, როგორიცაა ნაპირსამაგრი კედლების მოწყობა.

იქ, სადაც გასულ წლებში ნაპირსამაგრები და დრენაჟები მოვაწყვეთ, 6-7 თებერვალს მომხდარი სტიქიის შედეგები შედარებით მცირე იყო. ამიტომ პრევენციული ღონისძიებების მასშტაბები უნდა გავზარდოთ. ეს დიდ ფინანსებთანაც იქნება დაკავშირებული.

ამჟამად მერიაში ვაგროვებთ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ მეწყერსაშიშ ადგილებზე, რომ შემდეგ ისინი სპეციალისტებმა სიღრმისეულად შეისწავლონ. ამ საკითხში სოფლებში მერის წარმომადგენლები გვეხმარებიან.

სტიქიასთან ბრძოლა ძალიან რთულია, თუმცა, არა შეუძლებელი. ამიტომ ახლა ძირითადი აქცენტი პრევენციასა და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის გეგმის შემუშავებაზეა. ამ საკითხებზე მერიაში ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის, ასევე ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურები მუშაობენ.

მეწყერსაშიში ზონებიდან მოსახლეობის მომართიანობა გაიზარდა. ჩენც დაუყოვნებლივ ვიწვევთ გეოლოგებს. საქმე თუ ძალიან რთულადაა, ოჯახს გეოლოგების დასკვნის საფუძველზე ეკომიგრანტის სტატუსს დევნითა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მიანიჭებს და შესაბამის კომპენსაციას გადაუხდის. ახლახან ეკომიგრანტის სტატუსი ხარაგაულში 16-მა ოჯახმა მიიღო“.

ნინო კაპანაძე