კლიმატის ცვლილების შერბილების ერთ-ერთი გზა ნარჩენების სწორად მართვაა.

ნარჩენების მართვის მიმართულებით საქართველოს ვალდებულებები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაშია გაწერილი. ამ ვალდებულებების დიდი ნაწილი შეუსრულებელია და როგორც ნარჩენების მართვის ასოციაციის დირექტორი გიორგი გულიაშვილი ამბობს, კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რადგან მეტი ვალდებულება დაგვეკისრება.

ევროკავშირში განსაკუთრებული ყურადღება გარემოს დაცვასა და ნარჩენების მართვას ექცევა.

ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე გიორგი გულიაშვილს ვესაუბრეთ.

„ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2015 წელს, „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მივიღეთ, – ამბობს გიორგი გულიაშვილი, – ამავე დროს გვაქვს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა განახლდეს.

ახლა ნარჩენების მართვის რიგით მეორე სამოქმედო გეგმის მიხედვით უნდა ვმოქმედებდეთ, მაგრამ ნაკისრი ვალდებულებები სათანადოდ ვერ სრულდება.

სპეციფიკურ ნარჩენებზე ტექნიკური რეგლამენტი მივიღეთ. ტექნიკური რეგლამენტი უნდა მიგვეღო და არ მიგვიღია შეფუთვის ნარჩენებსა და მწყობრიდან გამოსულ ავტომანქანებზე.

სტრატეგიაში პრიორიტეტად მიჩნეულია მუნიციპალიტეტებში ნარჩენების დახარისხება. ვერც ეს ვალდებულება შესრულდა. მუნიციპალიტეტებს ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავება და გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმება დაევალათ. მუნიციპალიტეტებმა ეს ფორმალურად გააკეთეს; ფაქტობრივად, გეგმა ერთმანეთისგან „copy paste“-ით გადაიწერეს, რომ შესრულებაში ჩათვლოდათ.

2019 წლიდან მუნიციპალიტეტებს ნარჩენების სეპარირებული შეგროვება დაევალათ, მაგრამ საპილოტე ვარიანტებს ვერ გავცდით, სამწუხაროდ.

საქართველომ, ასოცირების ხელშეკრულებაზე დაყრდნობით, ივალდებულა, რომ 8 რეგიონული თანამედროვე ნაგავსაყრელი უნდა მოეწყოს. ახლა უკვე უნდა გვქონდეს 3-4 ასეთი ნაგავსაყრელი. თუმცა, აქაც ჩამოვრჩებით. ახლახან ერთი მაღალი სტანდარტების ნაგავსაყრელი გაიხსნა აჭარაში.

მთავარი გამოწვევაა ის, რომ სეპარირებულ ნარჩენებს ამ ნარჩენების გადამამუშავებელი სექტორი მზად უნდა დახვდეს. ისე ნარჩენების ცალ-ცალკე დახარისხებას აზრი არ აქვს, თუ ის ნარჩენები ისევ საერთო ნაგავსაყრელზე მოხვდება.

გასულ წელს 5 ათასი ტონა საბურავი, 3 ათასი ტონა ზეთი და ამდენივე რაოდენობის აკუმულატორი შევაგროვეთ. საქართველოში ამ ნარჩენების გადამამუშავებელი სექტორი მზად არ აღმოჩნდა. ვესაუბრებით სახელმწიფოს, ბიზნესს, რომ ამ მიმართულებით ინვესტიცია განხორციელდეს. სადაც არის ნედლეული, იქ საწარმოებიც უნდა არსებობდეს. მხოლოდ ექსპორტის იმედზე ვერ ვიქნებით, რადგან მსოფლიოში გარემოებები ხშირად იცვლება.

მუნიციპალიტეტებს არ აქვთ იმის თანხა, რომ ნარჩენების დასახარისხებლად ურნები ან სპეცტექნიკა შეიძინონ. ამიტომ ხელისუფლების მხრიდან საჭიროა ცენტრალიზებული მიდგომა, ან დონორების მხარდაჭერისა და საგრანტო დაფინანსების მოპოვება. დღეს უკვე ხელმისაწვდომია საერთაშორისო ბანკები, რომლებიც გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხებს გასცემენ.

სამწუხაროდ, ადგილობრივი ხელისუფლება ამ კუთხით დამოუკიდებელ ნაბიჯებს ვერ გადადგამს, რადგან თვითმმართველობა ბუტაფორიულია. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ამას გულისხმობს, რომ მუნიციპალიტეტმა და ბიზნესმა ითანამშრომლონ. ევროპაში ასეთი მოდელები არსებობს.

რამდენად რეალისტურია, რომ ჩვენი ქვეყანა ნარჩენების მართვის მიმართულებით აღებულ ვალდებულებებს 2030 წლისთვის დაძლევს, ძნელი სათქმელია. წელს, დიდი ალბათობით, არ მოხერხდება და 2025 წელს აუცილებლად უნდა მივიღოთ შესაფუთ მასალებზე რეგლამენტი.

კლიმატის ცვლილება და ნარჩენების მართვა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. ჩვენ ისედაც მცირემიწიანი ქვეყანა ვართ და წარმოიდგინეთ, ამ მიწის გარკვეულ ნაწილში ნარჩენებს ვმარხავთ. ნაგავსაყრელებზე ხშირად ხდება აალება და ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფა. ნაგავსაყრელებზე გამოიყოფა ოზონის დამშლელი მეთანი.

მოქალაქეები უნდა შევეცადოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი წარმოვქმნათ. ამისთვის ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები აუცილებელია. უნდა შევამციროთ პლასტიკისა და ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენება. პლასტიკი ზღვაში ხვდება და უზარმაზარი პლასტიკის კუნძულებს წარმოქმნის.

თბილისში წელს დაიდგმება მინის შესაგროვებელი ურნები. ამ პროცესში დონორებიც არიან ჩართულები და 500 ურნის შეძენა იგეგმება. შეგროვებულ მინას „თბილსერვის ჯგუფი“ მინის გადამამუშავებელ საწარმომდე მიიტანს; რისთვისაც ეს საწარმო მუნიციპალიტეტს თანხას გადაუხდის. ასეთი ადგილობრივი პროექტებით უნდა ვცადოთ მდგომარეობის შეცვლა, რადგან სისტემურად პრობლემის მოგვარება, ჯერჯერობით, არ გამოდის“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ეკონომიკის განყოფილების უფროსი როინი გელაშვილი ამბობს, რომ ნარჩენების მართვის ხუთწლიან გეგმას საკრებულოში დასამტკიცებლად, სავარაუდოდ, აპრილში წარადგენენ. მისი ინფორმაციით, სოფლებში ახალი სტიქიური ნაგავსაყრელები აღარ იქმნება, ხოლო არსებულს „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ტექნიკით მიწაში მარხავენ.

ნარჩენების დახარისხებისთვის საჭირო ურნებსა და სპეცტექნიკას დიდი თანხა სჭირდება, რისი შესაძლებლობაც ხარაგაულის ბიუჯეტს არ აქვს. „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ურნები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 79 სოფლიდან 50 სოფელშია განთავსებული. 2023 წელს, ადგილობრივ ბიუჯეტში იურიდიული პირებიდან დასუფთავების მოსაკრებლის სახით 160 ათასი ლარი შევიდა, ფიზიკური პირებიდან – არც ერთი თეთრი.

რიონ გელაშვილის ინფორმაციით, მეზობელ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კარდაკარ დადიან სამსახურის წარმომადგენლები და მოსახლეობისგან დასუფთავების მოსაკრებელს იღებენ. „ხარაგაულში, ჯერჯერობით, ეს პრობლემაც ვერ გადავჭერით, – ამბობს როინ გელაშვილი, – როგორ შევასრულებთ სხვა ვალდებულებებს, არ ვიცი, რადგან ამ დრომდე ნარჩენების მართვის კუთხით ყველა გეგმა შეუსრულებელია“.

ნინო კაპანაძე