სურსათის უვნებლობა საქართველოში ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ამ პრობლემის დასაძლევად სახელმწიფოსგან გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია. სურსათის უვნებლობის საკითხში მომხმარებელთა და მწარმოებელთა ცნობიერება, ჯერჯერობით, დაბალია.
ხუთი წელია, ხარაგაულში მცხოვრები დავით ჩადუნელი ოჯახური წარმოების ყველს ერთი და იგივე მაღაზიაში ყიდულობს. ის მაღაზიის მფლობელისა და ფერმერის კეთილსინდისიერებას ენდობა. დავით ჩადუნელი ამბობს, რომ ყველის წარმოებისას ჰიგიენური და ტექნოლოგიური პროცესების ზედმიწევნით ზუსტად დაცვა აუცილებელია.
მომხმარებელთა უფლებებისა და მეწარმეთა ვალდებულებების შესახებ დავითს ნაკლები ინფორმაცია აქვს და მიიჩნევს, რომ ხარაგაულელები რძის პროდუქტების ოჯახში მწარმოებლებს კარგად იცნობენ. მისი აზრით, ეტიკეტირებული პროდუქტების შეძენისას მომხმარებელი მეტად დაცულია.
ქუჩაში, გარემოვაჭრეებთან, არასდროს ყიდულობს ყველს მაია ბლუაშვილი. მას „კარგი ყველის“ ამოცნობის თავისი მეთოდი აქვს – ეს, ძირითადად, ყველის სუნია. ის მხოლოდ ნაცნობ ოჯახში, სუფთა დიასახლისისგან დამზადებულ ყველს ყიდულობს.
ათეული წლებია, ხარაგაულის სოფელ თეთრაწყაროში მცხოვრები ციალა დოღაძე ყველს ჰყიდის. მას ყველის შეძენის მსურველები წინასწარ უკავშირდებიან, ბევრი კლიენტი ჰყავს თბილისშიც და როგორც თავად ამბობს, მისგან დამზადებული ყველი ყველას მოსწონს.
„კაი ყველის საიდუმლო“ ისაა, რომ ციალა დოღაძე ყველს მაჭიკით ამზადებს. ამავე დროს ოთხი ძროხის რძე ერთმანეთში რომ ერევა, ყველი უფრო გემრიელი გამოდის. ციალა დოღაძეს არ აქვს ინფორმაცია, სად შეიძლება შეამოწმოს, უვნებელია თუ არა მისგან წარმოებული რძის პროდუქტები.
ხარაგაულში პანდემიის დროს, – 2020 წლის მარტში დახურული აგრარული ბაზარი აღარ ფუნქციონირებს. ამიტომ ფერმერები ოჯახებში წარმოებულ პროდუქციას ბაზრობის დღეებში, პარასკევსა და კვირას, ქუჩაში ჰყიდიან. ეს კი სურსათის უვნებლობის რისკს ზრდის.
ოჯახური წარმოების რძის პროდუქტების უვნებლობის საფრთხეები
საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დამცველი ერთ-ერთი ორგანიზაციაა სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). 2023 წლის შემოდგომაზე ამ ორგანიზაციამ ჩაატარა თვისებრივი კვლევა, რომელიც რძესა და რძის ნაწარმთან დაკავშირებული უვნებლობის საფრთხეებს და ამ მიმართულებით სახელმწიფო კონტროლს ეხებოდა.
კვლევა ევროკავშირისგან მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში – „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ჩატარდა. პროექტის სამიზნე სექტორებია მერძევეობა და მეფუტკრეობა, სამიზნე რეგიონები – გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი, კახეთი.
ამ პროექტში, ზემო იმერეთიდან (ხარაგაულის, ზესტაფონის, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტები) ჩართულია
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჩემი იმერეთი“ (დირექტორი ლაურა გოგოლაძე).
კვლევის პროცესში, მოცემულ თემასთან დაკავშირებით ჩატარდა:
საქართველოს 14 მუნიციპალიტეტში აღებული ყველის 42 ნიმუშიდან 12 მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული აღმოჩნდა. აქედან, 11 ნიმუში არაეტიკეტირებული იყო. აქედან მხოლოდ 3 ნიმუშის მწარმოებლების იდენტიფიკაცია მოხერხდა და ისინი მცირე მეწარმეები იყვნენ. კოლიფორმებზე შემოწმდა 42-ვე ნიმუში, სტაფილოკოკზე – 15 ნიმუში, ხოლო სალმონელაზე – 27 ნიმუში. კოლიფორმები აღმოჩნდა 11 ნიმუშში, სტაფილოკოკი – 4 ნიმუშში, ხოლო სალმონელა – 1 ნიმუშში.
76 მაღაზიიდან 3 მუნიციპალიტეტის 8 მაღაზიაში 8 დარღვევა დაფიქსირდა: 3 პროდუქტი ვადაგასული აღმოჩნდა, 3 პროდუქტს ეტიკეტი ან თანდართული ინფორმაცია არ ჰქონდა, ხოლო 2 შემთხვევაში ეტიკეტი არ იკითხებოდა.
„რძე და რძის ნაწარმი კვების რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ ამ პროდუქციის უვნებლობა პირდაპირ აისახება საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და მომავალი თაობების ჯანსაღ ფიზიოლოგიურ განვითარებაზე, – ამბობს ვახტანგ კობალაძე, – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი, – რძე და რძის ნაწარმი მომეტებული საფრთხის მქონე პროდუქციად ითვლება, როგორც მალფუჭებადი და ცხოველური დაავადებების გადამტანი.
ამ კვლევამ გამოავლინა ყველაზე მთავარი, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან სურსათის ბაზრის ეფექტურად გაკონტროლების მექანიზმები არასაკმარისია. მთელი სეგმენტებია დარჩენილი ბაზარზე, რომელიც ან სრულიად უკონტროლოა, ან მცირე რაოდენობით არის გაკონტროლებული.
გლეხურ მეურნეობებში წარმოებული პროდუქცია კი თითქმის მთლიანად კონტროლს მიღმაა. იმ პროდუქციის დიდი ნაწილი, რომლებიც სავაჭრო ობიექტებიდან ჩვენს სუფრებზე ხვდება, მეტწილად საეჭვო წარმოშობისაა და სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.
მცირე მეწარმეებისა და გლეხური მეურნეობის რძის ნაწარმის მიკვლევადობა დიდი პრობლემაა. ხშირ შემთხვევაში ვერც სურსათის ეროვნული სააგენტო არკვევს, პროდუქცია სად და ვის მიერ დამზადდა“.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის რეკომენდაციებია:
„კვლევის მნიშვნელოვანი მიგნებაა ის, რომ სურსათის უვნებლობის საკითხებში მომხმარებლების ცნობიერება დაბალია. მოქალაქეები საკმაოდ პასიურები არიან, როცა სავაჭრო ქსელში არაჯანსაღ პროდუქტებს ნახულობენ, – ამბობს ვახტანგ კობალაძე, – ჩვენი სამოქალაქო ვალდებულებაა, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მივმართოთ მეწარმეს, მაღაზიის მეპატრონეს, რომ პრობლემა დროულად აღმოიფხვრას.
ასევე შეგვიძლია დავრეკოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე 1501. თქვენი ზარი კონფიცენციალურია, ხოლო სააგენტო ვალდებულია, რეაგირება დაუყოვნებლივ მოხდინოს. მხოლოდ სახელმწიფოსა და მეწარმის იმედზე ნუ ვიქნებით.
ევროკავშირთან ინტეგრაციის ფონზე სურსათის უვნებლობის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა. სწორედ ეს ფაქტორი უნდა გახდეს სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმების მთავარი მამოძრავებელი ძალა.
კვლევის რესპონდენტების ნაწილი იმედით უყურებს მეცხოველეობის ახალი სტრატეგიის მიღებას, რომელიც კვლევის მომზადების პროცესში მუშავდებოდა. ეს დოკუმენტი ზემოაღნიშნული დაბრკოლებების დაძლევას ხელს შეუწყობს“.
სინათლე გვირაბის ბოლოს…
სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან რა კონკრეტული ღონისძიებები ხორციელდება, რომ ოჯახური წარმოების რძის პროდუქტები უსაფრთხო და მიკვლევადი იყოს, რა სანქციებია იმ მეწარმეების მიმართ, რომლებიც არაეტიკეტირებულ ან ჯანმრთელობისთვის საშიშ სურსათს ჰყიდიან, როგორ იცავს სახელმწიფო მომხმარებელთა უფლებებს,- ამ შეკითხვებით სურსათის ეროვნული სააგეტოს რეგიონალური სამმართველოს მთავარ სპეციალისტს ავთანდილ ვეფხვაძეს მივმართეთ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამ სააგენტოს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი არ ჰყავს. ამიტომ ხარაგაულს მეზობელი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სპეციალისტები ემსახურებიან წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით, ან ცხელ ხაზზე შესული შეტყობინებების საფუძველზე.
„2024 წლიდან მსხვილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროექტი დავიწყეთ, – ამბობს ავთანდილ ვეფხვაძე, – ეს იმას ნიშნავს, რომ პირი, რომელიც აწარმოებს რძეს და რძის პროდუქტებს, დარეგისტრირებული უნდა იყოს როგორც ოჯახური წარმოების სუბიექტი. ამისთვის საჭიროა,რომ მან განცხადებით მოგვმართოს.
ამის შემდეგ მასთან ჩვენი ვეტერინარები მივლენ, ცხოველს გამოიკვლევენ და მონაცემთა ერთიან ბაზაში დაარეგისტრირებენ. დარეგისტრირებული საქონლის მეპატრონე ვალდებულია, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ითანაშრომლოს. ეს არის ვაქცინაცია, გამოკვლევები, რაც ჯანსაღი პროდუქციის მისაღებად აუცილებელია.
იდენტიფიკაცია-რეგისტრაციით გარანტირებულია რძის პროდუქტების მწარმოებლის მიკვლევადობა. ამა თუ იმ ობიექტზე განთავსებული პროდუქტის წარმომავლობას უსწრაფესად დავადგენთ. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ ჩვენი სამსახური ფერმერს მისი პროდუქციის რეალიზაციის ნებართვას მისცემს.
ნებისმიერ მომხმარებელს ექნება უფლება შეიტყოს, ბაზაში დარეგისტრირებულ ცხოველს ჩაუტარდა თუ არა ყველა ის გამოკვლევა და აცრა, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს.
ამ ეტაპზე ეს სახელწიფოს მხრიდან გადადგმული პირველი ნაბიჯია – თუ ცხოველი ჯანმრთელია, ჯანსაღ პროდუქტს მივიღებთ. თუმცა, ეს საკმარისი არაა, – მნიშვნელოვანია, სად და რა პირობებში განთავსდება ის პროდუქტი გასაყიდად. ამას უკვე სურსათის უვნებლობის სპეციალისტები მკაცრად აკონტროლებენ.
შემდგომი ეტაპი პროდუქციის ეტიკეტირებაა. იქ მითითებული უნდა იყოს, როდის არის დამზადებული, რა შემადგენლობა აქვს, ვისგან არის წარმოებული. არაეტიკეტირებული, არაიდენტფიცრებული ცხოველისგან მიღებული პროდუქტი დიდი საფრთხე და რისკია.
2024 წელს ხარაგაულში რძის პროდუქტების მწარმოებლების მხრიდან მათი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისთვის მოთხოვნა გაიზარდა. თავად ფერმერები დაინტერესდნენ, რადგან მათ პროდუქციის მიღებას სასურსათო არაქსელური მაღაზიები ერიდებიან. წელს 40 ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია განვახორციელეთ და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
აღსანიშნავია, რომ ფერმერისთვის ეს პროცესი უფასოა. სიახლეა ის, რომ 6 ვეტერინარი ერთწლიანი ხელშეკრულებით ავიყვანეთ. ამიტომ წელს ბრუცელოზზე დაგეგმილი გეგმიური ვაქცინაცია, გასული წლისგან განსხვავებით, არ ჩაგვივარდება.
ნედლი რძის მიღების პროცესში მნიშვნელოვანია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
2024 წლის დასაწყისში სურსათის სპეციალისტებმა ხარაგაულში ყველა სავაჭრო ობიექტი შეამოწმეს და მეპატრონეები გააფრთხილეს, რომ ოჯახური წარმოების სუბიექტად დაურეგისტრირებელი პირებისგან რძის ნაწარმი არ მიიღონ. მეორე ეტაპზე საჯარიმო სანქციები გატარდება – პროდუქციას დალუქავენ და რეალიზაციიდან ამოიღებენ.
ჩვენმა ვეტერინარებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, 2024 წლის ბოლომდე, 15 ათასი სული პირუტყვი უნდა დაარეგისტრირონ. თუმცა, ყველა მათგანი ოჯახური წარმოების სუბიექტი არ გახდება.
მიმაჩნია, რომ ყველა მუნიციპალიტეტში უნდა იყოს სურსათის სპეციალისტი, რომელიც ადგილზე მდგომარეობას ინტენსიურად შეისწავლის“.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი