ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის წრეები მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა სკოლის მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
ასეთი მიზანი აქვთ მოსწავლეთა სახლის დირექტორსა და პედაგოგებს. ამავდროულად, მათი სურვილია, ხელი შეუწყონ ისეთი წრეების ამოქმედებას, რომლებიც ერთის მხრივ, სასარგებლო იქნება მოსწავლეებისთვის და მეორეს მხრივ, – ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისთვის საუკეთესო კულტურული ტრადიციების გადაცემას.
ერთ-ერთი ასეთი – ხალხური სიმღერისა და ხალხური საკრავების შემსწავლელი წრე, მოსწავლეთა სახლმა, მეორე წელია, მარელისისა და ბორის საჯარო სკოლებში გახსნა. მარელისში ამ წრეს ირინა შარიქაძე, ხოლო ბორში რეზო შარიქაძე ხელმძღვანელობს.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი ჰამლეტ ბერაძე ამბობს, რომ მარელისის სკოლაში ხალხური სიმღერისა და ხალხური საკრავების შემსწავლელი წრის ამოქმედება ამ სკოლის დირექტორმა ვერა ოდიკაძემ მოინდომა. ლეღვნის სკოლაში ასეთი წრე (ხელმძღვანელი ირინა შარიქაძე), უკვე რვა წელია, ფუნქციონირებს.
გამოცდილი და კვალიფიციური პედაგოგი რეზო შარიქაძე, ბორის სკოლაში ხალხური სიმღერის შესწავლით დაინტერესებულ მოსწავლეებთან, ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა. თუმცა, იმ წლებში ბორის სკოლაში ფოლკლორული წრის ფუნქციონირება არასამთავრობო ორგანიზაციისგან ფინანსდებოდა. რეზო შარიქაძის მიერ მომზადებული მოსწავლეთა გუნდი კონკურსებში ყოველთვის საპრიზო ადგილს იმსახურებს.
ამჟამად ბორის სკოლაში ხალხური სიმღერის, სალამურისა და ფანდურის შემსწავლელი წრე კიცხის ზონის სკოლების ნებისმიერი დაინტერესებული მოსწავლისთვის ფუნქციონირებს. თუმცა, დღეისათვის რეზო მასწავლებელთან მხოლოდ ბორისა და ვარძიის სკოლების მოსწავლეები მეცადინეობენ.
როგორ არჩევენ მოსწავლეებს, როგორია მათი სამუშაო გარემო, რა გამოწვევების წინაშე არიან, რას შეძლებდნენ უფრო მეტი ხელშეწყობის პირობებში და რა მნიშვნელობა აქვს ხალხური სიმღერის შესწავლას ახალგაზრდებისთვის, – ამ შეკითხვებზე მასწავლებლები – ირინა და რეზო შარიქაძეები გვპასუხობენ.
ირინა შარიქაძე ლეღვნის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ის ფოლკლორის შესწავლით დაინტერესებულ ორმოცამდე მოსწავლესთან მუშაობს. მეცადინეობებს კვირაში ერთი დღე ლეღვანში, ორი დღე კი მარელისში ატარებს. ის ამბობს, რომ ორივე სკოლაში მუშაობის საუკეთესო პირობებია. ლეღვანში ქართულის გაკვეთილებს რომ ჩაატარებს, შემდეგ მარელისის სკოლამდე შვიდ კილომეტრს ფეხით გადის.
„მარელისის სკოლის ეზოში რომ შევდივარ და ჩემს მომლოდინე, ფანჯარასთან მდგარ ბავშვებს დავინახავ, იქ მთავრდება ჩემი დაღლა, – ამბობს ირინა შარიქაძე, – დიდ პატივს ვცემ თანამედროვე მუსიკას, მაგრამ უპირატესობას ქართულ ფოლკლორს ვანიჭებ. ტრადიცია უნდა გაგრძელდეს და ჩვენი უნიკალური სიმღერები თაობიდან თაობას გადავცეთ.
ვინ იცის, რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდაა ჩვენს სოფლებში, რომელთაც მუსიკალური სმენაც აქვთ და ხალხური სიმღერის შესწავლის სურვილიც. ვფიქრობ, მეტი მონდომება და ინტერესია საჭირო როგორც მოსწავლეების, ისე მათი მშობლების მხრიდან“.
რეზო შარიქაძეს ხალხური სიმღერა ბავშვობიდან შეუყვარდა – ოჯახში მშობლები და მამიდა მღეროდნენ. ამიტომ მან ხალხური სიმღერა და გიტარაზე დაკვრა პატარა ასაკშივე შეისწავლა. რეზო შარიქაძე უმაღლესი მუსიკალური განათლების მიღების შემდეგ, წლების განმავლობაში, ფილარმონიასა და სამედიცინო ინსტიტუტში ახალგაზრდებს ხალხურ სიმღერას ასწავლიდა.
შემდეგ მუშაობა კიცხისა და ბორის სკოლებში დაიწყო. წელიწადნახევრის წინ ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის დირექტორის, ჰამლეტ ბერაძის შემოთავაზებას დასთანხმდა და მოსწავლეებს ფანდურზე და სალამურზე დაკვრასთან ერთად ხალხურ სიმღერებს ასწავლის.
„ახალგაზრდებს მხოლოდ სიმღერას კი არ ვასწავლი, მათ ქართული ფოლკლორის მნიშვნელობასა და საუკეთესო ტრადიციების შენარჩუნებაზე ვესაუბრები, – ამბობს რეზო შარიქაძე, – ამ სიმღერებმა, მელოდიებმა მოსწავლეები უნდა გააკეთილშობილოს.
მუსიკა ადამიანის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს თამაშობს. ამიტომ ჩემს საქმეს სიღრმისეულად ვუდგები. თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურად ვმუშაობ. ბედნიერი ვიქნები, ჩემი მოსწავლე ჩემზე უკეთესად რომ იმღერებს“.
რეზო შარიქაძე ამბობს, რომ მოსწავლეები ბორის სკოლაში ხალხური სიმღერის შესასწავლად კიცხის ზონის სოფლების სკოლებიდან ბორში უტრანსპორტობის გამო ვერ დადიან.
„სკოლების დირექტორებს ვუთხარით, რომ დაინტერესებული მოსწავლეების ბორის სკოლამდე ტრანსპორტირება უზრუნველყონ, – ამბობს რეზო მასწავლებელი, – ამ დროს ყურადღება ოჯახმაც უნდა გამოიჩინოს.
მშობლები, ეკონომიური მდგომარეობის გამო, შვილების არაფორმალურ განათლებას ხელს ვეღარ უწყობენ. მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასების მოსწავლეები უკვე უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად მომზადებას იწყებენ და წრეებზე სიარულს ვეღარ ახერხებენ.
ძალიან გვჭირდება ინსტრუმენტები. მოსწავლეებს მეცადინეობაზე საკუთარი საკრავები მოაქვთ“.
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი ჰამლეტ ბერაძე ამბობს, რომ მოსწავლეებისა და მასწავლებლების მეცადინეობებზე ტრანსპორტირებისთვის ბიუჯეტში თანხა არ აქვთ. მისი თქმით, ირინა შარიქაძე და რეზო შარიქაძე მოსწავლეებს ხალხურ სიმღერას აყვარებენ, განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეულ ახალგაზრდებს კი შემდგომი წინსვლისა და წარმატებისთვის გზას უკვალავენ.
„წლევანდელ ბიუჯეტში ხარჯებისთვის ფინანსები, გასულ წელთან შედარებით, დაგვაკლდა, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება დაგვპირდა, რომ საჭიროებისა და მოთხოვნის შემთხვევაში, თანხას გამოგვიყოფენ, – ამბობს ჰამლეტ ბერაძე, – 6 ცალი ფანდური შევუკვეთეთ და თებერვალში შევიძენთ. ასე რომ, მოსწავლეებს ადგილზე ახალი საკრავები დახვდებათ.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მოქმედი ყველა წრე კარგად მუშაობს. მოსწავლეებისა და მათი მშობლების მხრიდან ინტერესს ვხედავ და ამიტომ მაქსიმალურად ვეცდები, მათ ხელი შევუწყო“.
ნინო კაპანაძე
ფოტოებზე – ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხალხური სიმღერისა და ხალხური საკრავების შემსწავლელი წრის კონცერტზე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი