ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში მუზეუმს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. ხარაგაული ტურისტების არჩევანი რომ გახდეს, იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რამდენად მიმზიდველი და საინტერესო იქნება მათთვის სამუზეუმო სივრცე.
ექსპონატების მოძიება, მათი დაცვა და პოპულარიზაცია, სკოლებთან თანამშრომლობით საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და ტურისტების მოზიდვა – ეს მუზეუმის დანიშნულებაა.
„ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მოსულ ტურისტებს ხშირად უთქვამთ, რომ აქ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ დარბაზებს ელოდნენ, – ამბობს ნინო დიდიძე, – ხარაგაულის „კულტურის და ხელოვნების ცენტრის“ სამუზეუმო მიმართულების ხელმძღვანელი, – თუმცა მუზეუმში დაცული უძველესი ექსპონატები და არტეფაქტები მათ ძალიან მოსწონთ. მართალია, ახლა მუზეუმების განვითარების სხვა ხედვებია, თუმცა, ხარაგაულის მუზეუმი სტუმრებზე ძლიერ და საინტერესო შთაბეჭდილებას ახდენს“.
2024 წელს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში გასულ წლებში დანერგილი ყველა პროექტი განხორციელდება. ესენია:
ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში წლების განმავლობაში მოუგვარებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სხვა გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ნინო დიდიძეს ვესაუბრეთ.
ნინო დიდიძე ამბობს, რომ ძირითადი აქტივობები მუზეუმში აპრილიდან იწყება, რადგან ზამთარში და გვიან შემოდგომაზე ცივ დარბაზებში ღონისძიებების მოწყობა ძნელია. არათანაბარი ტემპერატურა – ზამთარში ძლიერი ყინვები და ზაფხულში აუტანელი სიცხეები – სამუზეუმო ექსპონატებს აზიანებს.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დაარსებიდან 46, ხოლო მისი ამოქმედებიდან 41 წელი გავიდა. ამ წლების განმავლობაში სერიოზული რეკონსტრუქცია მუზეუმის შენობაში არ ჩატარებულა.
ტენიანობის დარეგულირება აუცილებელია. გარდა ამისა, მუზეუმის გარე კედლები ისეა დაზიანებული, რომ თუ უახლოეს ხანში არ შეილესა, ფონდებში დაცულ და რამდენიმე დარბაზში გამოფენილ ექსპონატებს დააზიანებს.
2017 წელს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი ფერწერული ტილოებით გამდიდრდა და ფაქტობრივად, მუზეუმი უკვე ნახატებს ვეღარ იტევს. საჭიროა ხელოვნების ამ ახალი ნიმუშებისთვის ცალკე დარბაზის გამოყოფა, რომ დამთვალიერებელმა მათი აღქმა ნორმალურად შეძლოს.
ახლო მომავალში თუ მუზეუმის სრული რეაბილიტაცია არ იგეგმება, გარე კედლები მაინც უნდა შეილესოს. ნინო დიდიძის ინფორმაციით, კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი ამ პრობლემის მოსაგვარებლად თანხის გამოყოფას მუზეუმის თანამშრომლებს წელს დაჰპირდა.
ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ორი წლის წინ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ – DMO იმერეთის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ მუზეუმის შესახებ ყველა მასალა და ინფორმაცია მიეწოდათ.
თუმცა, ნინო დიდიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით „DMO იმერეთის“ რეკომენდაციით, ხარაგაულის მუზეუმში ტურისტები არ მოსულან. ხარაგაულის მუზეუმი ადგილობრივი ტურიზმის ცენტრთან აქტიურად თანამშრომლობს და თუ მათთან ტურისტი მიდის, მუზეუმში აუცილებალდ მიჰყავთ.
2023 წელს ხარაგაულის ისტორიულმა მუზეუმმა 2 ათასი დამთვალიერებელი მიიღო; მათ შორის – ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლებიდან მოსული მოსწავლეები, რომლებსაც მუზეუმში გაკვეთილები უტარდებათ.
ნინო დიდიძე სკოლებთან თანამშრომლობას ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მომავალი თაობის მუზეუმთან დასაახლოებლად და მათთვის ხარაგაულის ისტორიის გასაცნობად.
წელს სიახლეა ის, რომ იგეგმება რომელიმე გამორჩეული ხარაგაულელის სოფელში იმ პიროვნების შესახებ პრეზენტაციის მოწყობა ფოტო და ვიდეო მასალებით – ანუ მუზეუმი მიდის სოფლებში.
„ხარაგაულის მუზეუმში გასული წლის ბოლოს გვსტუმრობდნენ სამუზეუმო საქმის სპეციალისტები, რომლებიც უცხოელ დონორებთან თანამშრომლობენ, – ამბობს ნინო დიდიძე, – შეისწავლეს ჩვენი საჭიროებები და გაკვირვებულები წავიდნენ, ამ პირობებში მუზეუმს რომ ვინარჩუნებთ. მათ წელსაც ველოდებით უკვე კონკრეტული შემოთავაზებით, თუ რა კუთხით დაგვეხმარებიან.
შემდგომი პროექტების დასაგეგმად ისინი „კულტურის და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორს და მუნიციპალიტეტს მერს შეხვდებიან. მუზეუმში ბევრი პრობლემაა, თუმცა, ჩვენი მოტივირებული პროფესიონალთა გუნდი მზადაა, ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს.
მივმართავ ხარაგაულელ ოჯახებს, თუ აქვთ საინტერესო ფოტომასალა, ან არტეფაქტები, მოგვაწოდონ. შესაძლოა, მათთვის ძვირფასი ნივთები ვერ გვაჩუქონ, მაგრამ ჩვენ მათ ციფრულ ფორმატში შევინახავთ და მუზეუმში განვათავსებთ.
ძალიან მნიშვნელოვან ეროვნულ საგანძურს ვინახავთ, ვუვლით და მეტი ფინანსური მხარდაჭერის, უკეთესი სამუშაო პირობების მოლოდინი გვაქვს“.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი