კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შესამსუბუქებლად, სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერების ინფორმირებას ციფრული ტექნოლოგიებითაც გეგმავს. 2024 წლის სექტემბრიდან საქართველოს ორ რეგიონში – შიდა ქართლსა და კახეთში ამოქმედდება საპილოტე პროექტი – „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემების გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში – METEO“. ამ პროექტს გაეროს განვითარების სააგენტო აფინანსებს.
საპილოტე რეგიონებში აგრომეტეოლოგიური სადგურების მონტაჟი და მათი იმპლემენტაცია დაწყებულია. 2024 წლის ბოლოსთვის ეტაპობრივად იგეგმება ამ პროგრამაში დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების ჩართვა. ამ ეტაპზე შერჩეული კულტურებია – ვაშლი, ვენახი, ატამი, სიმინდი, ხორბალი. „METEO“-ში დასავლეთ საქართველოს ჩართვის შემთხვევაში დაემატება – მოცვი, თხილი, ციტრუსი.
„METEO-ს შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა შალამბერიძე გვესაუბრება.
„თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რომ ფერმერმა უფრო მეტი მოსავალი მოიყვანოს და უფრო მეტად გაძლიერდეს, ვიდრე ამას დღემდე ახერხებდა, – ამბობს ლაშა შალამბერიძე, – კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმერს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, რა დროს განახორციელოს წამლობები თავის მეურნეობაში ამა თუ იმ დაავადების წინააღმდეგ, როდის რა დაავადების გავრცელების რისკია. ეს დაავადებები კი, კლიმატური პირობებიდან გამომდინარეობს. ამ პროექტის ფარგლებში მეტეოსადგურების დამონტაჟება იგეგმება.
დღევანდელი ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რომ წინასწარ განსაზღვრონ, რა დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ამინდებმა – ნაცარი, სოკო თუ სხვ. წარმოიდგინეთ, სახლში ხართ და სპეციალური მობილური აპლიკაციით მოგდით შეტყობინება, რომ მოსალოდნელია ამინდის გაუარესება, რამაც, შესაძლოა, მცენარის კონკრეტული დაავადება გამოიწვიოს. შეტყობინება მოგივათ არა მარტო მოსალოდნელი დაავადების, არამედ შესაბამისი პრეპარატებისა და იმ მაღაზიების შესახებ, სადაც ეს პრეპარატები გაიყიდება.
საქართველოში თითქმის არ არსებობს ოჯახი, სადაც ერთმა წევრმა მაინც არ იცოდეს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება. ამ პროექტის მიმართ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, წარმატებული იქნება.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სერვისი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მოსახლოებას, დაფუძნებული იყოს ინოვაციებზე და რაზეც ყოველთვის ვამახვილებთ ყურადღებას, – ფერმერებს გასაგები ენით ვესაუბროთ. ამისთვის შევქმენით ციფრული და არაციფრული პლატფორმები“.
ლაშა შალამბერიძე ამბობს, რომ კლიმატის ცვლილებამ სოფლის მეურნეობაზე უარყოფითად იმოქმედა – თუ, მაგალითად, ოცი წლის წინ თხილის ბაღს შეწამვლა არ სჭირდებოდა, ბოლო ხუთი-ექვსი წელია, შეწამვლისა და სპეციალური მოვლის გარეშე თხილი უბრალოდ ხმება. ასეა სხვა კულტურებიც. ამიტომ, მისივე თქმით, მამაპაპური მეთოდი, რომ „ჩვენი წინაპრები ასე აკეთებდნენ და ჩვენც ასე უნდა გავაკეთოთ“, დღეს აღარ მოქმედებს. უკეთესი შედეგები სოფლის მეურნეობაში ახალი მეთოდებით მიიღწევა.
სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე შექმნილია ციფრული ბიბლიოთეკა, სადაც დაინტერესებული ფერმერები ნებისმიერი კულტურის მოყვანის შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან. საქართველოს ფერმერთა რეესტრში დარეგისტრირების შემთხვევაში კი ყველა სიახლეს ელექტრონულად მიიღებენ.
ფერმერთა რეგისტრაცია შესაძლებელია მუნიციპალიტეტებში მოქმედ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში. ამ სამსახურის წარმომადგენლები ყოველ ოთხშაბათს სოფლებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ და მცირე ტრენინგებს უტარებენ. სოფლის მოსახლეობას შეხვედრამდე 24 საათით ადრე აფრთხილებენ.
ლაშა შალამბერიძის ინფორმაციით, სოფლის განვითარების სააგენტომ დონორების დახმარებით მიკროავტობუსები შეისყიდა და წელიწადში ორჯერ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ვეტერინარებთან და ფიტოსანიტარებთან ერთად მიდიან. ფერმერებს შეუძლიათ ადგილზე მიიღონ ინფორმაცია, რა სჭირს მათ ბაღჩეულს, რაიმე დაავადება ხომ არ აქვს ფრინველს ან პირუტყვს. ასეთი შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2023 წელს სოფელ წყალაფორეთში შედგა.
„ასე რომ, ფერმერებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებთან და სიახლეების შესახებ მუდმივად საქმის კურსში იქნებიან,“ – ამბობს ლაშა შალამბერიძე, – სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.
ნინო კაპანაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
გარემოს დაცვა და რესურსების სწორად გამოყენება კლიმატის ცვლილებას შეარბილებს
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი