6 თებერვალს მოსული უხვი ნალექისა და გრიგალის გამო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების სახურავები დაუზიანდა, – სახლებში წყალი ჩავიდა, დაიტბორა მოქალაქეების კომერციული ფართებიც.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანდა სასოფლო გზები, ადიდებულმა მდინარეებმა ხიდ-ბოგირები წაიღო.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციის ფეისბუქგვერდზე მოქალაქეებმა სტიქიის შედეგების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალები გამოგვიგზავნეს. ისინი ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას მოითხოვენ.

ვერტყვილაში მცხოვრები გურამ გოგოლაძის საცხოვრებელი სახლის სახურავი გრიგალმა ისე დააზიანა, რომ წყალი ოთახებში ნიაღვარივით მოედინება.

 

ირმა ზედგინიძე გვწერს, რომ ხუნევში მცხოვრები მისი დედამთილ-მამამთილის საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი ახადა და წყალი ოთახებში ჩავიდა. ისინი სოციალურად დაუცველი პენსიონერები არიან. ირმა ამბობს, რომ „სახლში საშინელი მდგომარეობაა. თუ შეიძლება, რაიმე დახმარება გაგვიწიონ. ასე უცებ სახურავის შეძენა და გაკეთება არ არის ადვილი“.

 

ხათუნა დეკანოსიძეს ხარაგაულში მაღაზია დაეტბორა და მაცივარი გაუფუჭდა. „ხარაგაულს არ აქვს სანიაღვრე არხები, – ამბობს ხათუნა, – საკმარისია წვიმა მოვიდეს, რომ ყველაფერი იტბორება. ხომ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ გაკეთდეს ეს ყველაფერი და მოწესრიგდეს, ხალხი რომ არ დაზარალდეს“.

საღანძილელი მაკა ჭინჭარაული გვატყობინებს, რომ ქარმა საცხოვრებელი სახლის სახურავი დაუზიანა და თავზე აწვიმთ.

ისლარში მცხოვრები ინგა ხიჯაკაძე გვწერს, რომ ისლარში წვიმამ გზა ისე გადარეცხა, გავლა ფეხითაც შეუძლებელია. ინგა ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყურადღებას მოითხოვს.

სოფელ ზვარეში გზა აღარ გვაქვს – ვიდეოს გვიგზავნის ნინო ჩაჩანიძე.

სოფელ უბისიდან გვატყობინებენ, რომ ძინძიბოურის უბანში მდინარე ძირულამ საცალფეხო და საავტომობილო ხიდები წაიღო. დარჩა ერთი ამორტიზებული ხიდი. უბანი, ფაქტობრივად გარესამყაროს მოწყდა. მოსწავლეები ამ უბნიდან სკოლაში ვერ წავიდნენ.

რა ღონისძიებებს ატარებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, – ამ შეკითხვით მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს მივმარეთ.

„სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციას სოფლებიდან თანდათან ვიღებთ და ყველა მათგანზე შეძლებისდაგვარად ვრეაგირებთ, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ეს დაზიანება ზოგან ძალიან მასშტაბურია; სტიქიის შედეგებს სპეციალური კომისია დაითვლის. ამ მომენტისთვის მერიაში ინფორმაცია გვაქვს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 6 თებერვალს ძლიერი ქარისა და წვიმის გამო დაზიანდა:

  • 99 საცხოვრებელი სახლი;
  • დაბა ხარაგაულში სამი მრავალბინიანი კორპუსის სახურავი;
  • 11 სოფელში – ფარცხნალში, ვარძიაში, ზვარეში, ლეღვანში, ისლარში, კიცხის იგორეთში, ლაშეში, ვერტყვიჭალაში, გედსამანიაში, ღორეშაში, ვახანში – საავტომობილო გზები;
  • 23 ადგილზე მეწყრული პროცესები განვითარდა და მათგან ათი ადგილი მეწყერისგან უკვე გაიწმინდა;
  • ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა ხიდ-ბოგირები წაიღო უბისასა და ვაშლევში.

რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი უკვე შევაკეთეთ, როგორც შევძელით. სამუშაოებს „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება“ ახორციელებს.

ზოგან ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ვაგვარებთ. იქ, სადაც გზებზე ბეტონის სამუშაოებია და ხიდების აშენებაა საჭირო, თვითმმართველობას ფინანსების გამოყოფა გაგვიჭირდება და ამისთვის მთავრობას, შესაბამის სამინისტროებს მივმართავთ. წინა წლების პრაქტიკით, როცა სტიქიამ საცხოვრებელი სახლები დააზიანა, მოსახლეობას სახურავები შევუძინეთ“.

ვერტყვილაში, გოგოლაძეების ოჯახში იმყოფებოდნენ და დახმარებაც აღმოუჩინეს.

ხუნევის თემის სოფლების მოსახლეობა მერის წარმომადგენელს, დავით ლომიძეს უნდა დაუკავშირდეს ტელეფონით – 595 88 57 53.

მერის პირველი მოადგილე ამბობს, რომ ხარაგაულში ხათუნა დეკანოსიძის მაღაზიაში პირადად იმყოფებოდა და მისი მდგომარეობა ჩაინიშნა.

საღანძილეში მაკა ჭინჭარაულის სახლი სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით კიკნაძემ მოინახულა“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.

ისლარსა და ზვარეში დაზიანებულ საავტომობილო გზებს რაც შეეხება, ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, იწმინდება, ხოლო  მათი სრული რეაბილიტაციისთვის ფინანსებს ცენტრალური ხელისუფლებისგან მოითხოვენ.

ფოტოზე: ვერტყვილაში მცხოვრები გურამ გოგოლაძის საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავი და ჭერი