საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მეცხრედ აღინიშნება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 7 თებერვალს, საქართველოში უკვე მეცხრედ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე!

წელს ღონისძიებას შეუერთდება ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“.

საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, გამომცემელთა ასოციაციის ფოკუსში წელს მშობლების ჩართულობა და მათი როლი იქნება ბავშვისთვის წიგნის კითხვის ჩვევის ჩამოყალიბების პროცესში.

ამიტომაც, ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ ორგანიზებით, სკოლებში მშობლებისა და პედაგოგების ჩართულობით 1-7 თებერვლის პერიოდში გაიმართება წიგნის საჯაროდ კითხვის ღონისძიებები.

ტრადიციულად, საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, 7 თებერვალს, 19:00 საათზე შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

შეხვედრის თემაა: “თანამედროვე ბავშვი და წიგნიერება“. დისკუსიას გაუძღვებიან მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ფსიქოლოგი ზანდა ჩეჩელაშვილი და ორგანიზატორები, თამარ ლებანიძე და მეგი კავთუაშვილი.

ტრადიციულად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის ღონისძიებაზე, საჯარო ლექციის დასრულებისთანავე, უკვე მეცხრედ გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლის წიგნის ქომაგი. ჯილდო ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემათ იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას.

წინა წლებში აღნიშნული ჯილდო გადაეცათ: ვახტანგ ბერიძეს (2022) ნინო კასრაძეს (2021), პროექტს ,,წიგნის თარო” (2020), მამუკა ხაზარაძეს (2019), თემურ ჩხეიძეს (2018), ფორმულა კრეატივს (2017), ლევან ბერძენიშვილს (2016).

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 90 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!

ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში. პროექტის საერთაშორისო ორგანიზატორია „Litworld”.