ხარაგაულის კინოთეატრთან, შვიდი თვის წინ, მდინარე ჩხერიმელას დამცავი კედელი ჩამოიშალა და კინოთეატრის კედელი დაინგრა.

ამ კედლის აღდგენა და მდინარე ჩხერიმელას დამცავი კედლის მოწყობა ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანია შპს „მეკამ“ 649 000 ლარად ივალდებულა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილსა და სამშენებლო კომპანია „მეკას“ დირექტორ კახი კვატაიას შორის 2023 წლის 16 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები 2024 წლის 15 თებერვალს უნდა დასრულდეს.

წყალდიდობისგან დაზიანებული კინოთეატრის ერთ-ერთ ოთახში ქორეოგრაფიული ანსამბლ „უბისის“ სარეპეტიციო დარბაზი იყო განთავსებული. ცეკვის შემსწავლელი წრის მოსწავლეებისა და ანსამბლ „უბისის“ რეპეტიციები კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სხვა შენობის დარბაზში ტარდება. „უბისის“ ხელმძღვანელი ქორეოგრაფი ზაზა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ მათ რეპეტიციებისთვის კინოთეატრში კარგი პირობები ჰქონდათ.

„ეს დარბაზი, სადაც ახლა ვმეცადინეობთ, ისეთი არაა, როგორიც უნდა იყოს, – იატაკი მოსაწესრიგებელია, – ამბობს ზაზა ლურსმანაშვილი, – გვეუბნებიან, კინოთეატრის კედელი მალე აღდგებაო და ველოდებით“.

რატომ ფერხდება კინოთეატრის დაზიანებული კედლისა და ჩხერიმელას ნაპირსამაგრის აღდგენა, რამდენად მოხერხდება სამუშაოების დათქმულ ვადაში, 15 თებერვლამდე, დასრულება, – ამ შეკითხვით შპს „მეკას“ დირექტორს კახი კვატაიას მივმართეთ.

„მდინარის კალაპოტს მიმართულება ორჯერ შევუცვალეთ, რომ საყრდენი კედლის მშენებლობა დაგვეწყო, – ამბობს კახი კვატაია, – ცუდმა ამინდებმა ხელი შეგვიშალა. 22 იანვრიდან მუშაობა განვაახლეთ. შევძლებთ თუ ვერა სამშენებლო სამუშაოების 15 თებერვლამდე დასრულებას, ვერ გეტყვით, ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული“.

რა ზომებს მიმართავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება, რომ მშენებელმა კომპანიამ თავისი ვალდებულება დროულად შეასრულოს, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს დავით დევდარიანს მივმართეთ.

„შპს „მეკას“ ხელმძღვანელისგან ახლახან წერილი მივიღეთ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფერხების მიზეზად უამინდობას ასახელებს, – ამბობს დავით დევდარიანი, – ჩვენც არ ვთხოვთ ამ ეტაპზე, რომ იმუშაოს, რადგან მშენებლობის ხარისხი მნიშვნელოვანია. ამიტომ, შესაძლოა, მდინარე ჩხერიმელას საყრდენი კედლისა და კინოთეატრის დაზიანებული კედლის მშენებლობის ვადებმა გადაიწიოს“.