მართალი ხარ გოჩა, კოლეგავ, სოფელში სკოლა თუ დაიხურა, „მერე გინდა გზა გაიყვანონ და გინდა გაზი“, სრული სიმართლეა.

ეს აქცევს სოფელს ნასოფლარად, დაცლილი სოფელი კი დაცლილ ქვეყანას ნიშნავს. ასეთ დღეშია ჩემი სოფელი ფარცხნალიც. სკოლა დიდი ხანია დაიხურა.

წინა წლებში გზაზე ბეტონი დააგეს, მაგრამ გაზის შემოყვანას ვერ ვეღირსეთ; რომელიღაც უნიათო ჩინოვნიკის გადაწყვეტილებით, ისლარსა და ახალსოფელში შეიყვანეს გაზი, ფარცხნალი კი, რომელიც მათ შორის მდებარეობს, გამოტოვეს.

მიზეზი ვერ გავიგეთ. ბუნებრივ აირს, როგორც იქნა, ორი წლის მერე ვეღირსეთ. სოფელი სასიამოვნოდ დაიქსელა წითელ-ყვითელ ფერებში გაზის მილებით, მაგრამ არაკვალიფიციურმა მშენებლებმა ისე მიანგრ-მოანგრიეს გზა და მის გასწვრივ ღობეები, რომ გული გეტკინება.

დაგვპირდნენ, რომ გზას დახრეშავდნენ, მაგრამ მოგვატყუეს. გზაზე მარილივით მოაფრქვიეს ქვის ლოდებით სავსე რაღაც ხრეშის მაგვარი მასა. ნაყარმა მიწამ დაიწია, გზის ნაპირები დადაბლდა, შუაში დარჩა ამაღლებული და მანქანებს უჭირთ გავლა.

დიდი ხანია ველოდებით გზის დახრეშვას, მაგრამ ამაოდ. წინა წელს სიტყვიერად ვითხოვეთ დახმარება, დაპირებაც მივიღეთ, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. მომდევნო წელს პირადად გადავეცი ხელმძღვანელობას უბნის მოსახლეობის სახელით დაწერილი განცხადება, მაგრამ არაფერი შეცვლილა.

განცხადების პასუხი რომ მოვითხოვე, ერთმა ხელმძღვანელმა მითხრა: „ტალახს მოგიტანთ თუ გინდა, კარგი ხრეში არ იშოვებაო“. არადა, გზის ეს მონაკვეთი, რომელიც სოფლის ცენტრშია, ძალიან პატარაა, სულ 90 მეტრი სიგრძისაა; წინათ ისეთ კარგ მდგომარეობაში იყო, ხუმრობით „ფარცხნალის რუსთაველის პროსპექტს“ ვეძახდით.

მთლიან მონაკვეთზე დახრეშვა არც არის საჭირო, დაახლოებით 60 მეტრამდე სიგრძის გზა იქნება გასაკეთებელი, დანარჩენი მოითმენს. ამ მონაკვეთის შემოსასვლელში არის პატარა ბოგირი, რომლის ერთი მხარე მაღალია და გადავარდნის საშიშროება იყო.

ამიტომ მე, პენსიონერმა, 80 წლის ქალმა, საკუთარი ხარჯით და ჩემი ძალით გავაკეთე მოაჯირი. მეორე მხარეზე გაკეთება ხელმძღვანელობას ვთხოვეთ. აღნიშნულ მონაკვეთზე ორჯერ ჩავარდა მიკროავტობუსი, რომელიც უბანში დარჩენილმა ასაკოვანმა ქალებმა ძლივს ამოვიყვანეთ. დიახ, ასაკოვანმა ქალებმა, რადგან უბანში მეტი არავინაა.

ამას წინათ ტაქსით მოვედი სახლამდე. მანქანამ ისე წამოკრა ქვას, მეგონა გადაბრუნდებოდა, რადგანაც ის ადგილია ჩაღრმავებული, სადაც ბორბლები ეხება მიწას. მძღოლს არაფერი უთქვამს, მაგრამ ისეთი თვალით გადმომხედა, შემრცხვა.

ასეა, ჩემო გოჩა, სადაც გული არ გულობს, იქ ან არაფერი კეთდება, ან კეთდება უგულოდ. რა ემართებათ, ვერ ვხვდები. არ ენაღვლებათ, არ იციან თუ არ რცხვენიათ, არ ვიცი.

ამბობენ, ადამიანი იმედით ცოცხლობსო. ჩვენც ერთი იმედიღა დაგვრჩა, – საარჩევნო წელი. არჩევნების წინ დატკბებიან, დაშაქრდებიან, ჩამოივლიან უბნებს და დატრიალდება დაპირებების კორიანტელი; შესრულება კი, როგორც ყოველთვის… ვნახოთ, კაცი იმედით ცოცხლობს.

ერთმა ბრძენმა თქვა: „ჩვენი მომავლის ყველაზე დიდი საფრთხე არის უგრძნობელობა“.

იგრძენით, ხელისუფალნო, დიდო და პატარა ხელისუფალნო. იგრძენით ადამიანის გასაჭირი. დაეშვით დაბლა, ხანდახან დედამიწასაც დახედეთ, სოფელში ვინც დარჩა თითო-ოროლა, მალე ისინიც აღარ იქნებიან და მერე, ალბათ, თქვენი თანამდებობებიც აღარ იქნება საჭირო.

ცუდია, არა?

იზა ბუაჩიძე

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სოფელი თუ დაიცალა, მერე გინდა გზა გაიყვანონ და გინდა გაზი – გოჩა კვინიკაძე