სოფელი ცოცხალია, როცა დილა, მამლის ყივილის შემდეგ, სკოლისკენ მიმავალი ბავშვების ჟრიამულით იწყება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფელი წიფა კი, როგორც ამ სკოლის დირექტორი გოჩა კვინიკაძე ამბობს, სამ-ოთხ წელიწადში, შესაძლოა, ნასოფლარს დაემსგავსოს. ბატონ გოჩას ასეთი ვარაუდის არაერთი მიზეზი აქვს.
„წიფის საშუალო სკოლაში ამჟამად 45 მოსწავლეა, – ამბობს გოჩა კვინიკაძე, – ერთი ფინანსური კლასი არ გვყავს. ჩვენი სკოლის უმთავრესი პრობლემა კონტინგენტის სიმცირეა. სახელმწიფოსგან, მაღალმთიანობის გამო, შეღავათებია დაწესებული. ამის მიუხედავად, ჩვენი სოფლიდან მიგრაცია, ვფიქრობ, შეუქცევადი პროცესია, რადგან ოჯახებს ფულადი შემოსავალი არ აქვთ.
წიფაში, ძირითადად, რკინიგზაში დასაქმებულები ცხოვრობენ. ახალი რკინიგზის მშენებლობის დასრულების შემდეგ წიფაში მატარებელი აღარ გაივლის – ქვიშხეთიდან წამოსული, მოლითამდე სულ გვირაბში იმოძრავებს. რკინიგზელთა ოჯახები თუ წავიდნენ, აქ მხოლოდ პენსიონერები დარჩებიან;
ფაქტობრივად, სოფელი დაიცლება და ნასოფლარად გადაიქცევა. წიფაში სკოლა თუ დაიხურა, მერე გინდა გზა გაიყვანონ და გინდა გაზი.
წიფის სკოლის ინფრასტრუქტურა ნორმალურია. შენობის პირველი და მეორე სართულები 1984 წელს გარემონტდა, მესამე სართული – 2005 წელს. 2024 წლისთვის წიფის სკოლის სრული რეაბილიტაცია იგეგმება.
ვფიქრობ, რომ სკოლაში მოსწავლეთა უფასო კვების დანერგვა აუცილებელია. ეს პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განხორციელდეს და დღეში ერთხელ მოსწავლეებმა სკოლაში უნდა წაიხემსონ მაინც. ექვსი ასტრონომიული საათის განმავლობაში მოსწავლე სკოლაშია და კვების გარეშე ძალიან უჭირთ.
ყველაფერი მოგვარდება – ინფრასტრუქტურა, კვება, თუმცა, პირველი რიგის პრობლემა მაინც მოსწავლეთა კონტინგენტის სიმცირეა და ამას როგორ ვუშველოთ, ესაა საფიქრალი. წიფის საბავშვო ბაღში ახლა შვიდი აღსაზრდელია. მათი ოჯახები თუ სოფლიდან წავლენ, თავისთავად აღარც ეს ბავშვები მოვლენ მომავალ წლებში წიფის სკოლაში.
წიფაში მოსავალი იმდენი არ მოდის, წლიდან წლამდე თავი რომ ვირჩინოთ. ფერმერული მეურნეობების გასაძლიერებლად შემოთავაზებული სახელმწიფო პროგრამები წიფის რეალობაზე მორგებული ვერ არის.
წლების წინ, სამასალე ხე-ტყეზე ხელმისაწვდომობა რომ შეგვეზღუდა, მაშინ სოფელი ბევრმა ახალგაზრდა ოჯახმა დატოვა. ტყეში ვცხოვრობთ და ღობის მასალა თბილისში ელიავას ბაზრობაზე ან ქუთაისში რატომ უნდა ვიყიდოთ?!
ეზო ან ყანა რომ შევღობოთ, წლის განმავლობაში, ერთ ოჯახს, 2 კბმ სამასალე მერქნის მოპოვების უფლება რომ მოგვცენ, რა დაშავდება?! ახლა შეშის მოპოვებაც გვიჭირს, რადგან წიფისთვის ტყეკაფი სოფელ გედსამანიის საზღვარზეა გამოყოფილი.
სახელმწიფო მაღალმთიან სოფლებში ბიზნესმენებს, ან დაინტერესებულ პირებს სახერხის მოწყობაში უნდა მიეხმაროს. კარგი იქნება, ჩხერიმელას ხეობის ერთ სოფელში რომ მაინც მოეწყოს სახერხი.
ჩვენი სოფლების განვითარების შესაძლებობას სამასალე ხე-ტყის დამუშავების მიმართულებით უფრო ვხედავ“.
წიფის სკოლის საქმის მწარმოებელი ლია გაჩეჩილაძე სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთა დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობს. მისი ხელფასი 265 ლარია. ამდენსაც ვერ აიღებდა, მაღალმთიან დასახლებაში რომ არ ცხოვრობდეს და საშემოსავლო სრულად ექვითებოდეს.
„საქმის მწარმოებელი შვებულებაში თითქმის ვერ მიდის, რადგან სკოლაში საქმე მუდმივად არის, – ამბობს ლია, – შესაძლოა, უცბად ელექტრონულ ფოსტაზე მნიშვნელოვანი, სასწრაფოდ შესასრულებელი დავალება მივიღოთ. სულ დაძაბული ვარ, არაფერი გამომრჩეს.
შარშან ხელფასი 10%-ით, 27 ლარით მოგვემატა. ამ თანხას საშემოსავლო და საპენსიო გადასახადი დააკლდა. 2024 წლისთვის სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასებს მხოლოდ ისევ 10%-ით გვიმატებენ. ასეთი ხელფასით თუ კიდევ ვინმე სადმე მუშაობს, არ ვიცი“.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი