დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, 1-წუთიანი ფილმების კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა რეზიდენტს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი.

კონკურსის მიზანია, აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება იმაზე, თუ როგორ ზემოქმედებს ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობაზე, კლიმატსა და გარემოზე და როგორაა შესაძლებელი ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული პრობლემების თავიდან აცილება თუ მოგვარება.

კონკურსში გამარჯვებულს გადაეცემა 2,000 ევროს ოდენობის თანხა, ხოლო მეორე ადგილზე გასული 1,000 ევროს მიიღებს. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, გამარჯვებულ ფილმებს  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიც გამოაქვეყნებს.

კონკურსანტებმა უნდა წარადგინონ 1-წუთიანი ანიმაციური და/ან გადაღებული ფილმი, რომელიც სხვაგან არსად არ გამოქვეყნებულა. სიუჟეტი შეიძლება იყოს დოკუმენტური, გამოგონილი ან შერეული. ფილმი უნდა იყოს ქართულად და უნდა ახლდეს სუბტიტრები.

ავტორი უნდა ფლობდეს საავტორო უფლებას ფილმზე და მასში გამოყენებულ ყველა მასალაზე, მათ შორის — მუსიკაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 იანვარი.

წყარო