ახალი წლის შემობრძანებას ყველა ოჯახი განსხვავებულად, თუმცა – ტრადიციულად აღნიშნავს, – ზოგი მეკვლეს ელოდება, ზოგს კი თავად ეპატიჟებიან მეკვლედ; 12 საათის მოახლოებისას ოჯახებში სადღესასწაულო სუფრა იშლება; შესაძლოა, ნაძის ხესთან „თოვლის ბაბუამ“ საჩუქრებიც დაგვიტოვოს…
დავინტერესდით, რა ტრადიციებით ხვდებიან ხარაგაულელები ახალ წელს და რას ნიშნავს მათთვის ეს დღესასწაული.
სტომატოლოგ მაია ქასრაშვილს სჯერა, რომ ახალ წელს, ვიდრე საათი 12-ჯერ დარეკავს, სამყაროში სასწაულები ხდება. „ჩემთვის „სასწაული“ არ ნიშნავს იმას ის, რომ, ვთქვათ, ვიღაც ციდან ფულით სავსე ტომარას ჩამოაგდებს. სასწაულია ის, რომ გულში სურვილი გაგიჩნდეს, – აი, დღეს რომ პირველი იანვარი გათენდა, მე მთელს ჩემს ცხოვრებას სასიკეთოდ შევცვლი; ვიშრომებ უფრო მეტს, ვისწავლი, რაღაც ახალ საქმეს დავიწყებ, მოვეფერები და გავუღიმებ ყველას. სასწაული არის, თუ ადამიანებს ერთმანეთი უფრო მეტად შეუყვარდებათ.
„მამაჩემმა საჩუქრების მოტანა და ჩუქება არ იცოდა, ყოველთვის ან კარადაში, ან ბალიშის ქვეშ დამალავდა და ახალ წელს, როცა მთელი ოჯახი ერთად ვიყავით, იტყოდა, – წუხელ დამესიზმრა, თოვლის ბაბუა მოვიდა და საჩუქრები კარადაში დააწყო. ნეტავ, მართლა ხომ არ არის იქ საჩუქრები.
ამის გაგონებაზე მე და ჩემი ძმა წამოვხტებოდით და ყოველთვის გვხვდებოდა საჩუქარი. სანამ ჩემი შვილები პატარები იყვნენ და ღამის 12 საათზე აივნიდან ხარაგაულში ფეიერვერკების ცქერით ერთობოდნენ, მათთვის განკუთვნილ საჩუქრებს ჩუმად ნაძვის ხის ქვეშ ვმალავდი და როცა სახლში შემობრუნდებოდნენ, ვეუბნებოდი, – სად იყავით ამდენხანს, აი თოვლის ბაბუა მოსულა და საჩუქრები დაუტოვებია.
რომანტიული ადამიანი ვარ და ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ალბათ დიდხანს მჯეროდა კეთილი თოვლის ბაბუის, რომელიც სურვილებს ასრულებდა“, – გვიამბობს ქალბატონი მაია.
ბარბარობას და ახალი წლის დღესასწაულს მაია ქასრაშვილის ოჯახი ყოველ წელს ერთად ხვდება. ოჯახის მეკვლე, ტრადიციულად, უმცროსი შვილი ანაა. ღამით, სანამ 12 საათი შესრულდება, ტკბილეულით დატვირთული ანა სახლიდან გადის და ახალი წლის დადგომასთან ერთად ოჯახში შემოაბიჯებს, კანფეტებს შემოყრის და ოჯახს ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს. ეს ტრადიცია ჯერ ბარბარობის დღესასწაულზე, ხოლო შემდეგ ახალ წელსაც სრულდება.
„31 დეკემბერს, როცა ყველანაირ საახალწლო სამზადისს მოვრჩები, შემდეგ თაფლიანი გოზინაყის კეთებას ვიწყებ. ეს ერთგვარი რიტუალია, – ვერ წარმომიდგენია საახალწლო სუფრა, ჩემი გაკეთებული გოზინაყის გარეშე.
ადრე, სტუდენტობის პერიოდში, 31 დეკემბერს ვასრულებდით სწავლას. პირველ და ორ იანვარს ტყიბულში ოჯახთან ერთად ვატარებდი და სამში ისევ თბილისში ვბრუნდებოდი. ერთ წელს 3 თუ 4 იანვარს გამოცდა დამინიშნეს, ტყიბულიდან მატარებლის წამოვედით, თითქმის მთელი ვაგონი სტუდენტებით სავსე იყო, მთელი დღე და ღამე თოვდა და მატარებელმა გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ზესტაფონთან, თითქმის 24 საათის განმავლობაში გაჩერებულები ვიყავით. სტუდენტებმა ჯერ ვიგუნდავეთ, შემდეგ კი მშობლებისგან გამოტანებული ნუგბარი ამოვალაგეთ და ერთად არაჩვეულებრივი დრო ვატარეთ. ეს ახალი წელი დღემდე ძალიან კარგად მახსენდება“, – ამბობს მაია ქასრაშვილი.
ქალბატონი მაია მიიჩნევს, რომ 2 იანვარს, ბედობას, ბევრი ღიმილი და სასიამოვნო ურთიერთობები უნდა დაიბედო. მას არ სჯერა ცრურწმენის, რომ ამ დღეს მეზობელთან ან ნათესავთან არ უნდა წახვიდე და მიიჩნევს, რომ პირიქით, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა გეწვიოს და ბევრი პოზიტივი დაიბედო.
„ბედობა დღე ჩემთვის ორმაგად საყვარელი გახდა, ჩემმა შვილმა მრავალწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა დააგვირგვინა და ცოლი მოიყვანა, ჩემი რძალი კი 2 იანვარსაა დაბადებული. მიმაჩნია, რომ 2023 წელი ჩემთვის ბედნიერი წელი იყო. ვისურვებ, რომ ახალი წელიც ასეთივე ბედნიერი ყოფილიყოს თითოეული ხარაგაულელისათვის.
ძალიან მიყვარს ხარაგაული და მინდა, რომ ისევ ისეთი ხალხმრავალი და ღიმილიანი ადამიანებით სავსე ვნახო, როგორც ეს იყო 30 წლის წინ, როცა მე ხარაგაულის რძალი გავხდი. მიყვარს გაზეთი „ჩემი ხარაგაული“. წარმატებას, წინსვლას და ბედნიერი ღიმილით მოსიარულე რესპონდენტებს გისურვებთ“.
ხევის საჯარო სკოლის დირექტორის გვანცა ხადილაშვილისთვის ახალი წელი ახალ საწყისთან ასოცირდება. მისთვის რთულია, სიტყვებით გადმოსცეს საახალწლო და საშობაო განწყობა, ეს დღესასწაულები მისთვის იმდენად განსაკუთრებულია.
„ბავშვობიდან მოყოლებული, ეს დრო ზამთრის არდადეგებთან, თოვლთან და მეგობრებთან ერთად გართობასთან ასოცირდება. ახლაც ამ დღესასწაულს ამაღლებული განყობით ვხვდებით. ოჯახში რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია არ გვაქვს. თუმცა, ერთს განუხრელად ვიცავთ, – ყოველ ახალ წელს ოჯახის ყველა წევრი სახლში ვხვდებით, ერთმანეთს ვულოცავთ, საჩუქრებს ვჩუქნით და გარე გასართობ ღონისძიებებს არ ვუერთდებით.
ჩვენი ოჯახის მეკვლეები ახლობლები და საყვარელი ადამიანები არიან. თუმცა, მათ საგანგებოდ არ ვარჩევთ და არ ვპატიჟებთ, თვითონ მოდიან. მე თავად მეკვლე არასოდეს ვყოფილვარ. არ მჯერა ცრურწმენების, თუმცა ზოგიერთს კი სჯერა და ამიტომ ვინმეს საკუთარი ინიციატივით მეკვლეობისგან თავს ვიკავებ, – ამბობს გვანცა ხადილაშვილი, – გილოცავთ დამდეგ 2024 წელს, ბედნიერებას, სიხარულს ხვავსა და ბარაქას გისურვებთ. 2024 წელი ოცნებების ასრულების წელი ყოფილიყოს თითოეული ხარაგაულელისათვის“.
„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი – ხარაგაულის“ კლინიკურ მენეჯერს, დიმიტრი კოჩაძეს, ახალი წლის ხსენებაზე, პირველ რიგში, ტკბილეული, ბედნიერი სახეები და საახალწლო განათებები ახსენდება. ძალიან ახალისებს ფერად-ფერადი მორთლობა და ვარძიაში თავისი სახლი მთლიანად საახალწლო ნათებებით გაალამაზა.
მისთვის ახალი წელი სიახლეების დაწყებასა და ძველი საქმეების უკეთესობისკენ შეცვლას ნიშნავს. ძალიან უხარია, რომ ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყველა ადამიანი, მიუხედავად პრობლემებისა და გასაჭირისა, ცდილობს, ახალ წელს ბედნიერები იყვნენ.
„ჩემი ოჯახის ახალი წლის ტრადიცია ორი წლის წინ დაირღვა. მანამდე ყოველ ახალ წელს თბილისში მშობლებთან და ბებიებთან ერთად ვხვდებოდით. ნოემბერში ჯერ ერთი ბებია ჩამოვიდოდა თბილისში, მერე – მეორე და ზამთარში ჩვენთან რჩებოდნენ. ახალ წელს ყველა ერთად ვხვდებოდით, პირველ იანვარს დილით ბიძაჩემი გვეწვეოდა ოჯახით, ორ იანვარს კი მეგობრებთან და თანამშრომლებთან ერთად ვატარებდი“, – ამბობს დიმიტრი კოჩაძე.
ექიმის „ახალი წელი“ ხშირად ცოტა განსხვავებულია, – ვიდრე თბილისში მორიგე ექიმად მუშაობდა, ახალ წელს ზოგჯერ მორიგეობა უწევდა. თუმცა, ამასაც თავისი ხიბლი აქვს, რადგან პაციენტს, – დღესასწაულის მიუხედავად რომ უჭირს, – მორიგე ექიმის იმედი აქვს.
ყველაზე მძიმედ ორი წლის წინანდელი ახალი წელი ახსენდება, როცა ბავშვთა რეანიმაციაში მორიგეობდა. ღამით სასწრაფომ 5 წლის ბავშვი შემოიყვანა, რომელმაც პიროტექნიკით ზედა კიდური დაიზიანა. მიუხედავად სასწრაფო ოპერაციისა, ბავშვს კიდურის ამპუტაცია დასჭირდა.
„ჩვენი ოჯახის მეკვლე, ტრადიციურად, მამა იყო. ბავშვობაში ეს ძალიან მახარებდა, რადგან მეკვლე მამა ფულით გვასაჩუქრებდა. შარშან დისშვილი შემეძინა და მას შემდეგ საპატიო მეკვლის ტიტული მარიტას გადაეცა. ის არის ახლა ჩვენი ოჯახის მეკვლე, – ამბობს დიმიტრი კოჩაძე, – მინდა თქვენს მკითხველებს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და ვუსურვო მათ, პირველ რიგში, ჯანმრთელობა, რადგან „ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე არაფერია“. მთავარია, ვიყოთ ჯანმრთელები და შემდეგ ყველაფერს შეძლებს ადამიანი.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი