

პარლამენტში ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, ნოდარ ებანოიძის ბიუროს ხელმძღვანელმა მარი ბერაძემ საკრებულოს წევრებს 6 ივლისს სხდომაზე ფოტოკოლაჟით წარუდგინა ის პრობლემები, რაც დეპუტატის ბიურომ სოფლებში გასვლის დროს დააფიქსირა. მარი ბერაძის ინფორმაციით, სოფელ ჩხერის ზედა უბნის გზა ისეა დაზიანებული, რომ იქ სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ მიდის. მისივე თქმით, ამ უბანში მცხოვრები მოსახლეობა მძიმე სოციალურ მდგომაროებაშია, – არ აქვთ წამლებისა და საკვების ფული.
გასაკეთებელია კიცხის სპორტული მოედანი. სპორტული მოედნის მნიშვნელობაზე დეპუტატის ბიუროსთან არსებული „სამოქალაქო განათლების ცენტრის“ კიცხელმა მოსწავლემ ისაუბრა.
მარი ბერაძემ დეპუტატებს ზამთარში გადაღებული სხლითის გზის მონაკვეთის ფოტო წარუდგინა. მანვე ისაუბრა ნუნისისა და მარელისის გზების, ასევე წიფაში ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის მძიმე მდგომარეობაზე.
„თქვენთვის ინფორმაციის წარმოდგენის მიზანია, რომ გამოთავისუფლებული თანხით მოგვარდეს ეს პრობლემები, ან გაითვალისწინოთ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას,“ – აღნიშნა მარი ბერაძემ. მისივე ინფორმაციით, მან განცხადებები აღნიშნულ პრობლემებზე გადაუგზავნა მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მარი ბერაძისგან საკრებულოში ინფორმაციის წარდგენას არერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა დეპუტატებისგან.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა ბარბაქაძის თქმით, პრობლემები, რაც მოსახლეობის წინაშეა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დროს კრებებზე სახელდება და მოსახლეობა ირჩევს, რომელი პრობლემა მოგვარდეს პირველ რიგში. „2012 წლიდან ყველა არჩევნებში ჩართული ვარ. როდესაც ბატონი ნოდარ ებანოიძე საარჩევნო შეხვედრებზე დადიოდა, მე მისი შტაბის აქტივის წევრი ვიყავი და აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე ვიყავი მასთან ერთად. დიდ პატივს ვცემ ბატონ ნოდარს. წინასაარჩევნოდ ის თითქმის ყველა ოჯახს ჰპირდებოდა, რომ აქ მოვა გაზი, აქ იქნება ასფალტი, არჩევნების შემდეგ ყველას გექნებათ კოოპერატივიო. მე არ ვამბობ, რომ ვინმემ პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნას. ჩვენთვის ყველა ადამიანი პრიორიტეტია, მაგრამ ეს მონტაჟები და კინოფილმები ჩემთვის მიუღებელია. ეს რომ მცოდნოდა, წამოვიღებდი „ქართული ოცნების“ გაზეთს, სადაც ბატონ ნოდარს ყველა სოფლის პრობლების გადაწყვეტა აქვს ჩამოთვლილი. საინტერესოა, თქვენ რას წყვეტთ, გარდა იმისა, რომ ნეგატიური ინფორმაცია გამოიტანეთ. მოსახლეობა მაბარებს, სად არის ბატონი ნოდარიო. ყველა პრობლემა საკრებულოს მაჟორიტარებზე გადმოდის,“ – აღნიშნა მანანა ბარბაქაძემ.
საკრებულოს წევრის, ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო მხოლოდ პრობლემების წარმოჩენითაა დაკავებული და საქმეს არ აკეთებს. „არ გვჭირდება ჭკუის დარიგება ბიუროსგან,“ – აღნიშნა მან.
ვარლამ თავზარაშვილი: -თქვენ კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ ხართ ხელისუფლების ოპოზიციაში და ხელისუფლების მოწინააღმდეგე ხართ.
საღანძილის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, გასულ პარასკევსა და შაბათს სხლითში შეკეთდა გზის ყველაზე ცუდი მონაკვეთები. მისივე თქმით, სპორტული მოედნის მოწესრიგება ადგილობრივი ძალებითაც შეიძლება და ყველაფრის მოსაგვარებლად ხელისუფლებას არ უნდა ვუყუროთ.
საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის, კობა ყრუაშვილის თქმით, ის კარგად იცნობს ჩხერის მოსახლეობის წინაშე მდგარ პრობლემებს და მათთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს. მისივე ინფორმაციით, შარშან ხახალაშვილების უბნის გზა შეკეთდა და წელსაც იგეგმება მისი შეკეთება. „ერთად რომ წავსულიყავით პრობლემების გასაცნობად, უკეთესი იქნებოდა,“ – აღნიშნა კობა ყრუაშვილმა.
საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, მნიშვნელოვანია, აქტიური თანამშრომლობა შედგეს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და საკრებულოს წევრებს შორის, ერთად შეისწავლონ საკითხები და სწორი მიდგომით მოაგვარონ.
„გაუგებარია, რა არის საკამათო და საჩხუბარი. პრობლემები ერთი ხელის დაკვრით ვერ მოგვარდება. მშვიდად შევხედოთ ამ საკითხებს და მათ გადასაჭრელად მშვიდად ვითანამშრომლოთ. მტკივნეულად ამ პრობლემებისთვის არ შემიხედავს იმიტომ, რომ ჩვენ ვმუშაობთ მათ მოსაგვარებლად. რომ მოვისმენთ, სად უფრო მწვავედ დგას ესა თუ ის საკითხი, შემდეგ უფრო ზუსტად დავგეგმავთ, რომელი მათგანია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და გამოვძებნით მათი გადაჭრის გზებს,“ – აღნიშნა ინგა მაღრაძემ.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი