ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ხევის თემში მცხოვრებ 24 ბავშვს, ჯერჯერობით, სკოლამდელი განათლების მიღმა ტოვებს.

საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის აგებამდე ალტერნატიული ფართი, სადაც აღსაზრდელები სრულყოფილ მომსახურებას მიიღებენ, ვერ მოიძებნა.

„სასკოლო მზაობის ჯგუფში, რომელიც ხევის სკოლის ერთ საკლასო ოთახშია განთავსებული, 12 ბავშვი დადის, – ამბობს ნინო ბუხნიკაშვილი, ხევის საბავშვო ბაღის გამგე, – მეცადინეობას 14:00 საათზე ვამთავრებთ. აღსაზრდელებისთვის დღეში ორჯერ ორცხობილითა და ვაშლით წახემსებაა გათვალისწინებული. ასეთი მოცემულობაა და ვერაფერს ვცვლით. ხევში ვერ მოვიძიეთ სახლი, რომელსაც საპირფარეშო და პირსაბანი სახლში აქვს. სამწუხაროდ, კერძო სახლში არსად არ არის იმაზე უკეთესი პირობები, ვიდრე აქ, სკოლაშია“.

„ნოემბერში ფეხდაფეხ დავიარეთ სოფელი ხევი, – ამბობს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი თამარ ლაცაბიძე, – ვერაფრით ვერ შევიყვანთ ბავშვებს იქ, სადაც საპირფარეშო ეზოშია.

სამზარეულოზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი; იმ სტანდარტს, რასაც სურსათის უვნებლობის სააგენტო გვთხოვს, ჩვენგან მოძიებული ვერც ერთი სახლის სამზარეულო ვერ აკმაყოფილებს.

ხევის თემის სოფლებიდან ხუნევის საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა ტრანსპორტირებაზე მშობლებისგან უარი მივიღეთ. რაღაცნაირად, მშობლებიც ითმენენ ამ ამბავს, რადგან საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, როცა საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს კუთვნილ საკვებ პროდუქტებს ოჯახებში აწვდიდნენ.

დავინტერესდით, იღებენ თუ არა ამჟამად ხევის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები საკვებ პროდუქტებს ოჯახებში ან აპირებნ თუ არ მათთვის საახალწლო საჩუქრის გაგზავნას.

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი თამარ ლაცაბიძე გვპასუხობს:

სკოლამდელი აღზრდის ექსპერტმა ოლღა მუსხელიშვილმა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში რამდენიმე ალტერნატივა განიხილა – თვითმმართველობამ მოაწესრიგოს კერძო სახლის სამზარეულო ყველა სტანდარტის დაცვით, ან დაიქირავოს ინდმეწარმე, რომელიც აღსაზრდელებს გამზადებულ საკვებს მიაწვდის.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას არც ერთი ვარიანტი საჯაროდ, მშობლებთან არ განუხილავს. მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს: „თვითმმართველობა თანხას ვერ დახარჯავს იმ შენობის მოწესრიგებაზე, რომელიც მის ბალანსზე არ ირიცხება. უკვე დროც გარბის და ამასობაში ახალი საბავშვო ბაღიც გვექნება“, – ამბობს ჭიპაშვილი.

გრიგალათში მცხოვრები ოთხი შვილის დედას, ხათუნა ფუტკარაძეს უმცროსი შვილი საბავშვო ბაღში ვერ დაჰყავს და ამის გამო შეწუხებულია. „მესამე შვილი ექვსი წლისაა და ის სასკოლო მზაობის ჯგუფში დადის, – ამბობს ხათუნა, – პატარა ორი წლისაა და რადგან ხევში საბავშვო ბაღი აღარ გვაქვს, სახლში მყავს. მე სოციალური პროგრამით ვარ დასაქმებული. ამიტომ სამუშაოდ როცა მივდივარ, ვწვალობ, – შვილი დედამთილთან, ჩემი სახლიდან საკმაოდ მოშორებით უნდა წავიყვანო.

საბავშვო ბაღში სიარული ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვები ყველაფერს სწავლობენ. დიდი სურვილი მაქვს, პატარამაც იაროს, მაგრამ რა ვქნათ. სკოლაში ერთი ოთახია. პატარებს ძილი უნდათ, იქ კი ამის პირობები არ აქვთ. სასკოლო მზაობის ჯგუფში კვება არ არის სრულყოფილი და ესეც პრობლემაა. კარგი იქნებოდა, ამ საკითხის მოგვარებაზე დროულად ეზრუნათ.

გრიგალათში კიდევ არიან ოჯახები, რომელთა შვილებიც სკოლამდელ განათლებას ვერ იღებენ. მეტი რა გზაა, ახალ საბავშვო ბაღს დაელოდეთო და ჩვენც ველოდებით. საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს და იმედია, მომავალი წლის სექტემბრისთვის ხევში ახალი საბავშვო ბაღი გვექნება“.

რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის საბავშვო ბაღის შენობა 2021 წლის გაზაფხულზე დაანგრიეს. 2021-2022 სასწავლო წელს საბავშვო ბაღი კერძო სახლში ფუნქციონირებდა. იქ სწავლა 2022 წლის ივნისში, სასწავლო წლის დასრულებამდე ორი კვირით ადრე, შეწყდა, ვინაიდან ამ კერძო სახლის სამზარეულო და სველი წერტილები საბავშვო ბაღებისთვის განსაზღვრულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.

მეორე სასწავლო წელია, ხეველი აღსაზრდელებისა და მათი მშობლების უფლებები ირღვევა, თვითმმართველობა კი ერთ-ერთ საკუთარ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს.

ნინო კაპანაძე